ჯენტლვუმენი და სირაჯი


ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე

ნინო ბურჯანაძის "ელიტარულმა შანტაჟმა" და ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკურ ვაჭრობაში მხილებამ მისთვის მოულოდნელი შედეგი გამოიღო: მისი თანამეცხედრის – ბადრი ბიწაძის (ნუ ვაწყენინებთ ქალბატონ ნინოს, მას არ მოსწონს, როცა მათ ოჯახს კრებითად, "ბურჯანაძეებად" მოიხსენიებენ – "ვერ გავიგე, ბადრი ბიწაძეს თავისი გვარი არა აქვს?") ნანახ-მოსმენილის გამომზეურებისა და დაგვიანებული აღსარების შემდეგ"წარმომადგენლობით სახალხო კრებაში" გაერთიანებული პოლიტიკური ძალები და საზოგადოების ცნობილი სახეები მიხვდნენ, რომ "тетя нина" მათ გამოყენებას ახლაც ისევე ეცდებოდა, როგორც 2009 წლის აპრილის აქციებზე.

მაშინ ახლადგაოპოზიციონერებულ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ძალიან სჭირდებოდა ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა და მწვავე განცხადებების გაკეთებას ერიდებოდა. მხოლოდ ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს აყრიდა ქოქოლას, როგორც შენგელიძე მარო – პაკიპუკას: "აკი შენ შენს ნაბოზარ დებს მოუარო, ერთი რომ ზაქათალის ბოზია, მეორე – ველისციხისა... შე მონავ, შენაო".

სიყვარულიც ყველას უნდა და პოლიტიკაში ყოფნაც, მით უფრო – ძალაუფლებით ტკბობა. გამონაკლისი არც ნინო ბურჯანაძეა – გამოცდილიც აქვს და "იქ"დაბრუნების მწველი სურვილიც ხშირად ეძალება. ამისთვის კი საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მეთოდური მომზადება ინტელიგენციის მხარდაჭერით. ამიტომაც, საზოგადოების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ინტელიგენციის წიაღში დაბრუნება გადაწყვიტა. ეს კი ძალიან გაუჭირდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილისგან "ჩარეცხილები" სახელმწიფოში მეორე პირმა (რა გაცინებთ?) საჯაროდ არათუ არ დაიცვა, საერთოდ გაისუსა.

ახლა კი კომპრომატების ფრიალის დროა და ამ "ფრონტზე" ბურჯანაძე სწორუპოვარია– იმდენჯერ თქვა "ლაპარაკი არ დამაწყებინოთო", ბევრს გააჟრჟოლა: ეს ისეთი სკოლაგამოვლილია, მართლა არ დაიწყოს, თორემ პოლიტიკაში ყოფნა სამარცხვინო გახდებაო. ჰოდა, დაიწყო. პირველს ერთი შეხედვით, მძიმე არტილერიას, სინამდვილეში კი მოწყვლად ლევან გაჩეჩილაძეს დაარტყა.

შესაძლოა, კონკურენტი "სახალხო პარტიის" დისტანციიდან უხეში ხელის კვრით ჩამოცილების აზარტში შესულმა "არავიზე ნაკლებმა ვაჟკაცმა ქალმა" (ბურჯანაძის სიტყვებია), ანუ ჯენტლვუმენმა ვერ გაითვალისწინა, რომ ქართული პოლიტიკა ბრძოლის სხვადასხვა ხერხებს კი ცნობს, მაგრამ არის რაღაც, რაც "ნაცების" ყოფილმა სახემაც კი არ უნდა იკადროს.

"გრეჩიხას" ჩამოცილებით ბურჯანაძეს ასპარეზი შესამჩნევად უთავისუფლდება, რადგან გაუერთიანებელმა ოპოზიციამ 2007 წლის ნოემბერში საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ძლივს შეკოწიწებულმა პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ის დაასახელა, ანუ ადამიანი გაურკვეველი პოლიტიკური წარსულით. ნუ დამიწყებთ მტკიცებას, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა. ინგა გრიგოლიას გადაცემაში შეკითხვაზე "პრეზიდენტობის შემდეგ (ანუ 6 თვის შემდეგ) რას აპირებთო", გაჩეჩილაძემ გულიანად გაიცინა და (არ ვთქვა?) სრული სისულელე უპასუხა – "რაც მომეპრიანება, იმას გავაკეთებო". ლევან გაჩეჩილაძეს მაშინ არ ესმოდა (ახლა ესმის?), რომ პრეზიდენტებსაც და ყოფილ პრეზიდენტებსაც "რაც მოეპრიანებათ", იმის გაკეთების უფლება არსად არ აქვთ (სააკაშვილი ბედნიერი გამონაკლისია).

ამიტომაც, არ გამკვირვებია მისი ბურჯანაძესთან ვაჭრობის ამბავი, რადგან თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც, როგორც ამბობენ, კარგ ღვინოს ასხამდა (მე არ დამილევია, ალბათ, ბურჯანაძეს ექნება გასინჯული, სააკაშვილის ინაუგურაციისთვის საგანგებოდ ჩამოსხმული), პოლიტიკაშიც სირაჯად (ძველქართულად მეღვინეს ნიშნავს) დარჩა, ძვირადღირებულ, მაგრამ მაინც სირაჯად!

დავუბრუნდეთ ბურჯანაძე-ინტელიგენციის ურთიერთობას. ახლა კი აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებსო, მაგრამ ისიც გვახსოვს, როგორ ერთგულებდა სააკაშვილსა და მის ამალას, როცა ბადრი პატარკაციშვილი და ოპოზიციის ლიდერები მოღალატეებად შერაცხეს და დოკუმენტური ფილმების სერიალიც მიუძღვნეს. მაშინ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, საზოგადო მოღვაწეთაგან ერთადერთი იყო, ვინც გაცოფებული ხელისუფლებისგან მოსალოდნელ რეპრესიებს არ შეუშინდა და ბოლომდე ერთგულად ედგა გვერდით შერისხულ ბიზნესმენსა და ქველმოქმედს. დიახ, მაშინ, როცა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა და ამით 7 ნოემბრის დარბევას, პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც ამართლებდა.

ხელისუფლების სიმხეცით გაოგნებული და დაზაფრული ინტელიგენცია, მათ შორის "წარმომადგენლობითი სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და სათათბირო დარბაზის ახლანდელი წევრებიც არ მალავდნენ ხელისუფლების მიმართ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ახლა მათთვის მისაღებია ბურჯანაძე, რომელიც თურმე "შიგნით" იბრძოდა, გარედან კი მაინც დახვეწილ კონფორმისტად ჩანდა.

თუმცა ეს მაინც წარსულია. მაგრამ დავიწყება არ ეგების, რადგან ქართული პოლიტიკის აწმყო სწორედ ამ წარსულმა შობა. ახლა კი ბურჯანაძე ჭადრაკის დედოფლის მანტიას ამოფარებია და თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევას მისთვის და ბატონების – რეზო ესაძის, გოგი ქავთარაძისა და ელიზბარ ჯაველიძისთვის ხოტბის შესხმით ცდილობს.

ამ ადამიანებმა თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ამიტომაც სჭირდება ბურჯანაძეს "კრებაცა" და ზოგადად ინტელიგენციაც, რათა როგორმე ჩამოიფერთხოს წლების მანძილზე მოუშორებელი წარსულიდან შეყრილი ფქვილი.

ნონა გაფრინდაშვილი "კრების" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეა და მთელი ამ მოძრაობის ლიდერადაცაა აღიარებული, მაგრამ "კრებასთან" შეერთების თაობაზე სარდაფულ მოლაპარაკებებს "გრეჩიხა" და კომპანია" მაინც ბურჯანაძესთან მართავდნენ, გაფრინდაშვილი კი ამის თაობაზე ახლაღა იგებს. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონმა ფულის ენა არ იცის, ბურჯანაძე-ბიწაძესთან ("სხვათა შორის, ლევან გაჩეჩილაძის სახლის სარდაფში შემდგარ შეხვედრაზე ბადრი ბიწაძის დასწრება მოხდა არა პირადად მისი ან ჩემი მოთხოვნით, არამედ სწორედ ლევან გაჩეჩილაძის, ეროსი კიწმარიშვილის და სხვა ადამიანების მოთხოვნით, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ," – ნინო ბურჯანაძე) კი ადვილია მათთვის გასაგებ ენაზე საუბარი?

წარმომიდგენია ამ მრავლისმნახველი ადამიანების ინტელიგენტურად გაოცებული სახეები, როცა ამ შეხვედრის შესახებ შეიტყვეს ამდენი ხნის შემდეგ და თანაც რა გარემოებებში!

ეს გაოცება მალე შიშმა შეცვალა, რადგან, როცა მოსკოვიდან დაბრუნებული ბურჯანაძე "ხალიჩაზე გამოიძახეს" და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, ამ უკანასკნელმა პირდაპირ უთხრა, "თუ საბჭო გადაწყვეტდა, რომ ჩვენი პარტიის – "დემოკრატიული მოძრაობის" გვერდზე გადგომა ხელს შეუწყობდა "სახალხო კრების" გაძლიერებას, ჩვენ მზად ვიყავით, გადაგვედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრი წავიდა ამის წინააღმდეგ!" (ნინო ბურჯანაძე) ძნელი არ არის ამ "მზადყოფნაში" დაინახო ის, რაც ბურჯანაძემ გააკეთა – იგი "ელიტარული შანტაჟიდან" "ინტელიგენტურ შანტაჟზე" გადავიდა. ამ დროისთვის "კრების" გამართვიდან, ანუ 25 ნოემბრიდან უკვე ერთი თვე იყო გასული და პარტიული და, რაც მთავარია, ფინანსური საყრდენის გარეშე, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც თქვეს საბჭოს წევრებმა უარი "შანტაჟისტისგან" დისტანცირებაზე.

ამასთან, ისიც გაითვალისწინეს, რომ ბურჯანაძისგან მოსალოდნელი იყო "კრების" "პატარა" საიდუმლოს აფრიალებაც: არავითარი 800 ათასი ადამიანის მანდატი "კრებას" არ აქვს! სია პოლიტიკოსთა რჩევით გაბერეს და შედეგად, თითოეულმა "დელეგატმა" 3-4 "მარწმუნებლის" მიყვანაც ვერ შეძლო! ეს ბლეფი "კრებაშიც" კარგად იციან და ხელისუფლებამ ხომ იცის და იცის, მაგრამ ახლა არ სჭირდება ამის გამომზეურება, რადგან იქ ("კრებაში") "თავიანთი რადიკალი" ეგულებათ "რევოლუციური ტრიუმვირატიდან" (ერთი ასეთი "ქართულ პარტიაშიც" ჰყავთ!). ამიტომაც აშაყირებენ "კრების" გადაწყვეტილებებს – პრეზიდენტიც გადააყენეს, კონსტიტუციაც გააუქმეს... მხოლოდ საქართველოსი გააუქმეს თუ სხვა ქვეყნებისაცო? – ირონიულად კითხულობენ. ამ მდგომარეობამდე კი პოლიტიკოსების, ვერ ვიტყვი, რომ გულუბრყვილობამ მიიყვანა ეს კეთილშობილური მიზნით შეკრებილი ხალხი. აქ ბევრი არაფერია საძიებელი, ყველაფერი ზედაპირზეა – ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა გულწრფელობა კვლავაც ძალაუფლებაზე შეყვარებულ პოლიტიკოსთა საჯიჯგნად იქცა.

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?

რით განსხვავდება ჟურნალისტიკა პროპაგანდისგან?