ჩემს შესახებ

ძალიან კარგი ქართველი

ბონდო მძინარაშვილი ჩემი უმცროსი მეგობარია, რომელიც ამ სიბერეში შევიძინე, თუმცა დიდი ხანია, ვიცნობ.

გულწრფელად მინდა მოგახსენოთ: მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდა კაცი არსებობს ჩემს თვალსაწიერში და, საერთოდ, ქართულ ჟურნალისტიკაში.

მე მაინც და მაინც არ გამოვირჩევი ჟურნალისტების მიმართ დიდი სიმპატიებით და რევერანსებით, მაგრამ ბონდო მძინარაშვილი არის, გულწრფელად ვამბობ ამას, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო და, მე ვიტყოდი, დიდი პროფესიონალი. მან კარგად იცის თავისი საქმე.

ბონდო ჩემთვის, უპირველესად, საინტერესო იყო და არის იმით, რომ ძალიან კარგი ქართველია, თავის სამშობლოს წარსულის და აწმყოს პატრიოტია. იგი კარგად ხედავს თავის მომავალს და მას ძალიან უწყობს ხელს განათლება.

გაუნათლებელი კაცი ბოლომდე ვერასოდეს მიხვდება, რა საშიშროების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ მე ბონდოს ვხედავ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელმაც უნდა შექმნას საზოგადოებრივი აზრი. იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ძალიან დაქსაქსულები ვართ - ბევრი სხვადასხვა პლატფორმაზე დგას და სხვადასხვანაირად ხედავს ქვეყნის მომავალს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბონდო, სადაც უნდა იყოს, ყოველთვის იქნება თავის სამშობლოს სამსახურში!

ბონდოს კიდევ ერთი, მე ვიტყოდი, შესანიშნავი თვისება მომწონს. როდესაც მასთან მქონია ურთიერთობა, როგორც რესპონდენტს, შეიძლება რაღაცაში არ გეთანხმებოდეს, მაგრამ ამას ისე კორექტულად, ისე ზრდილობით, ისე კაცურად გააკეთებს, ან გადაგიყვანს სხვა თემაზე, ან ისე მოგმართავს, რომ არც შეურაცხყოფას მოგაყენებს და, პირიქით, ჩაგაყენებს იმ არხში, როგორც გადაცემას სჭირდება. ამას ძალიან დიდი ოსტატობა სჭირდება, რაც ძალიან ბევრ ჟურნალისტს აკლია.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენს მედიასივრცეში, უფრო ტელესივრცეში, ასეთი პროფესიონალები რომ იყვნენ, ჩვენი საზოგადოებრივი აზრი უფრო ჯანსაღი და ჩამოყალიბებული იქნებოდა.

ჩემთვის სულ ერთია, რა პერიოდში ვლაპარაკობ ბონდო მძინარაშვილზე. ჩემთვის მთავარია, რომ ბონდოს შეუძლია ქვეყნის სამსახურში დგომა და სადაც უნდა იყოს, ყოველთვის გამოადგება და ემსახურება თავის სამშობლოს!

მიუხედავად იმისა, რომ, საუბედუროდ, არ ვარ ჟურნალისტების დიდი ნაწილის პატივისმცემელი, ბონდოს გამორჩეულად პატივს ვცემ არამარტო როგორც ჩემ მეგობარს, არამედ როგორც ერთ დამსახურებულ კაცს, რომელსაც მე ვხედავ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ელიტარულ ნაწილში.

რეზო ამაშუკელი,
პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის პრემიის ლაურეატი,
წმინდა ილია მართლის პრემიის ლაურეატი,
ღირსების ორდენის კავალერი,
თბილისის საპატიო მოქალაქე.

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?