რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?


ჟურნალისტიკის ოთხსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში არაერთხელ დაისვა ეს შეკითხვა, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირად პასუხობდნენ. უფრო მეტიც, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ეპოქას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჰქონდა. სისტემა, რომელიც საზოგადოებამ შექმნა ახალი ამბების სისტემატიზაციის, გადამოწმებისა და გავრცელებისთვის, მუდმივად განახლების რეჟიმში მუშაობს. თუმცა, ყოველთვის უპირველესი იყო პრინციპი - „არ მოიტყუო!“ და „არ ავნო!“ ეს უკანასკნელი ექიმებს სულ თავში უტრიალებთ, ჟურნალისტებისთვის კი ხანდახან ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს.

ჟურნალისტიკა გავლენას ახდენს ყველაფერზე, - ცხოვრების ხარისხზე, კულტურაზე, რელიგიაზე, - ყველაფერზე, რასაც ადამიანის ყოველდღიურობა ჰქვია. ამ დროს კი, ძალიან ძნელია ფართო საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილება ისე, რომ თუნდაც მცირე ზიანი არ მიადგეს ამ საზოგადოებას. მოკლედ, სამართებლის პირზე გვიწევს გავლა. ისეც ხდება, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ჟურნალისტიკის პრინციპების დაცვა, არამედ, და რაც უმნიშვნელოვანესია, თვით ჟურნალისტის მორალური პრინციპები.

სიმართლის მსახურება და ხალხის ერთგულება, ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ხელისუფლების მუდმივი კონტროლი და ხალხისთვის კრიტიკისა და მსჯელობის საშუალების მიცემა, ფაქტების და მოვლენების საინტერესოდ და ადეკვატურად წარმოჩენა, ინფორმაციის პროპორციულობის შენარჩუნება და მრავალმხრივობა არაფერს ნიშნავს, თუ ჟურნალისტს დაავიწყდება რომ მისი მსაჯული მისი ტვინია და ის პატარა ღმერთი, რომელსაც სინდისს ეძახიან (ილია).

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს კერი ცალკე გამოყოფს პრობლემას, რომლისთვის თვალის არიდება ხეირს არ დააყრის ჟურნალისტიკას, რადგან „დღეს მოწმენი ვართ ჟურნალისტიკის გათქვეფისა კომუნიკაციების უფრო დიდ სამყაროში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჟურნალისტიკა კვლავ გამოვყოთ ამ დიდი სამყაროდან“.
მართლაც, დღევანდელობამ სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა პროფესია, რომლის მიმართ საზოგადოებას დიდი მოთხოვნები აქვს და რომელსაც დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. დღეს საქართველოში საგინებლად იქცა ერთ დროს ძალიან პრესტიჟლი პროფესია. არც არის გასაკვირი. სამწუხაროდ, დღეს ჩვენში ჟურნალისტობას იბრალებს ყველა, ვინც სტატუსს დაწერს სოციალურ ქსელში და შემდეგ რომელიმე სააგენტო „გაანიუსებს“, ხოლო თუ  რომელიმე ტელევიზიის ან სააგენტოს მიკროფონიც დააჭერინეს, მაშინ მის ამბიციებს უკვე ვეღარაფერი თოკავს.

დღეს საქართველოში ძალიან ძნელია განსაზღვრო, თუ რას ემსახურება ჟურნალისტიკა, რადგან  არ არსებობს საზოგადოების განვითარების მოდელი, რომელთან დაკავშირებითაც  შესაძლებელი იქნება მკაცრი ან ლოიალური პოზიციის ჩამოყალიბება. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ ყველაფრის შავ-თეთრ ფერებში დანახვას. მაგრამ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, თუ რას ემსახურება ახალი ამბების თვითდინებაზე მიშვება. მაგალითად, სინგაპურში ახალი ამბების კონტროლი ხელს უწყობს კაპიტალიზმის განვითარებას, მაგრამ ხალხს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. მაშ, ჩვენთან რას უწყობს ხელს ახალი ამბების უკონტროლობა? ბუნებრივია, ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელი ცენზურის დაწესებას არ ვემხრობი, მაგრამ წმინდა პროფესიული შეფასება რომ უთუოდ საჭიროა, ამ დასკვნამდე არაერთი დისკუსიის მონაწილენი მისულან.

რას ემსახურება ჟურნალისტიკა პოსტტოტალიტარულ, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში, ამის თაობაზე ვრცლად და ცალკე უნდა ვისაუბროთ. ახლა კი მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის წინ, კომუნისტური პრესა „გარდაქმნისა“ და „საჯაროობის“ ფერხულში აქტიურად ჩაება. ინფორმაციის თავისუფალმა ნაკადმა ხალხს საშუალება მისცა, აქტიურად ჩართულიყო საზოგადებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ იმ დროის პრესა ნამდვილად ასრულებდა თავის ფუნქციას.

ალექსანდრე ლუბიმოვი, ვლადისლავ ლისტევი
და დიმიტრი ზახაროვი
  
მახსოვს, როგორი ინტერესით ველოდით ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო პროგრამა „ვზგლიადს“ საკავშირო ტელევიზიის პირველ არხზე. ისიც მახსოვს, თავიდან როგორი შიშით უსმენდნენ უფროსი თაობის ადამიანები წამყვანების, უდავოდ განათლებული და ნიჭიერი ჟურნალისტების - ალექსანდრე ლუბიმოვის, დიმიტრი ზახაროვის და ვლადისლავ ლისტევის გამოსვლებს.  ეს იყო ნამდვილი გადატრიალება მშვიდ, წყნარ, კეთილ და ძალიან მოსაწყენ სატელევიზიო სივრცეში. სინამდვილეში, ამ გადაცემის ეთერში გაშვების მიზანი საბჭოთა ახალგაზრდების უცხოური რადიოსადგურებისთვის ჩამოშორება იყო, რადგან 1987 წლიდან სულ უფრო უჭირდათ მათი დახშობა. მაგრამ იყო კიდევ ერთი გარემოება, რომლის გამოც საბჭოთა ბელადები არ ხურავდნენ ამ გადაცემას -  „ვზგლიადის“ დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად მცირდებოდა... დანაშაული! ყველას სურდა, გადმოცემით კი არ გაეგო, არამედ პირადად მოესმინა, რას ამბობდნენ პროგრამის წამყვანები.

ასევე იყო ჟურნალი „ოგონიოკიც“, რომელიც საბჭოთა ადამიანების ცხოვრებას საბჭოური პროპაგანდით კი არ წარმოაჩენდა, არამედ რეალურად ასახავდა. უცბად ამოვიდა ზედაპირზე ყველა პრობლემა და ხალხიც აქტიურად ჩაერთო მათ განხილვაში.

მაგრამ, ალბათ, უპრიანი იქნება, ქართული მაგალითები გავიხსენო: პაატა ნაცვლიშვილის „ახალგაზრდა კომუნისტი“ და არჩილ გოგელიას „თბილისი“. ამ ორმა გაზეთმა გადატრიალება მოახდინა ქართულ საბჭოთა პრესაში. რედაქტორი „პ. ნაცვლიშვილი“ იყო (და არ ისე, ახლა რომ 16-იანი შრიფტით აწერენ დაკუთარ გაზეთებს საკუთარ სახელსა და გვარს, - არიქა, შემამჩნიეთო!), სამაგიეროდ, გაზეთი ფურცლებზე ავტორების ფოტოებით სისტემატურად ქვეყნდებოდა გია ბუღაძის, გიგა ბურდულის, გოგი გვახარიას და სხვათა მიმოხილვები. გაზეთი „თბილისი“ კი თბილისელების საყვარელი გაზეთი გახდა არა სამგლოვიარო განცხადებების, არამედ იქ გამოქვეყნებული სიმართლის გამო. ასევე უნდა აღვნიშნო მამუკა არეშიძის და ნანა ჯაფარიძის „საღამო მშვიდობისა“ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე. ამ გადაცემას უფრო მეტი მაყურებელი ჰყავდა, ვიდრე ამ ტელევიზიის ყველა გადაცემას ერთად. რატომ? იმიტომ, რომ დაშტამპული დიქტორების ნაცვლად მაყურებელი თავისუფლად მოსაუბრე ჟურნალისტებს ხედავდა.

ასე რომ, სიმართლეს ყველა დროსა და ეპოქაში ეწაფებიან და, რაც განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, აფასებენ.

დღეს კი, ამბების კომერციალიზაციამ, ინტერნეტიზაციამ, გლობალიზაციამ და კონგლომერაციამ თავგზა აუბნია ჟურნალისტებსაც და მაყურებელ-მკითხველსაც. თუ კარგად  არ დაუკვირდი, ისე გაეხვევი სიცრუის აბლაბუდაში, რომ თავის დაღწევას ვეღარ მოახერხებ. ჟურნალისტიკა მოწყდა გეოგრაფიას, კორპორაციებმა საზღვრები მოარღვიეს, ხოლო მედიაჰოლდინგებმა მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკის გატარება დაიწყეს. კონკურენციის ნაცვლად მივიღეთ კორპორატიული შეთქმულება. თუმცა, წესით, ტექნოლოგიების განვითარებას კიდევ უფრო უნდა გაეზარდა ახალი ამბების კონცეფციის - რა აინტერესებს და სჭირდება ხალხს თვითმმართველობისთვის - აუცილებლობა.

ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტების აქტიურობას და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას. ახლად შექმნილი დემოკრატიების პირობებში საზოგადოების ჩამოყალიბებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაძლიერებისთვის ჟურნალისტიკას შეუცვლელი მისი აკისრია. თუკი თავის დროზე, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ჟურნალისტიკაც ქაოსური იყო, ახლა უკვე დროა, ჩამოვყალიბდეთ და გავიაზროთ, რომ ინფორმაციის თავისუფალმა ნაკადმა ხალხი კი არ უნდა დააბნიოს, არამედ საშუალება უნდა მისცეს, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის ცხოვრებაში. საქმის კურსში ყოფნის ინსტიქტი ხომ არასოდეს ქრება ადამიანში.

ხალხი არც უვიცია და არც ყველაფერი აინტერესებს. მაგრამ ჟურნალისტმა უნდა გაითვალიწინოს, რომ მის გადაცემას თუ წერილს ის ადამიანიც ნახავს და წაიკითხავს, ვინც ამა თუ იმ სფეროს ექსპერტია. და თუ შენიშნა, რომ პროფესიონალურად, კვალიფიციურად და პატიოსნად მომზადებული პროდუქტის ნაცვლად ნახევარფაბრიკატს ან, სულაც, ნაყალბევს სთავაზობ, ნდობას დაკარგავ: იმასაც აღარ დაგიჯერებს, რაშიც ნაკლებად ერკვევა, რადგან შენს წესიერებაში და პასუხისმგებლიანობაში დაეჭვდება. ამიტომ არ შეიძლება ჟურნალისტი ღობე-ყორეს მოედოს და ყველაფერს ერთდროულად შეეჭიდოს.

თამაზ ჯოლოგუა
ჟურნალისტებმა მართალი ინფორმაციით უნდა შეაიარაღონ მოქალაქეები და ამით მათ თავდაცვის შესაძლებლობა მისცენ. ეს ინფორმაცია მათ თავისუფლებისა და თვითმმართველობისთვის სჭირდებათ. შეუძლებელია არ დაეთანხმო პროფესორ თამაზ ჯოლოგუას: საზოგადოების ბედი პირდაპირ არის დამოკიდებული ჟურნალისტიკის ხარისხზე.“ 
ჟურნალისტებმა ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოების მიზნების, გმირებისა და ანტიგმირების იდენტიფიცირებას. თუმცა მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი. 21-ე საუკუნის ჟურნალისტიკამ ხალხს საშუალება მისცა აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. ხანდახან ამას ჩათრევა უფრო ჰქვია და ისინიც ჩაყოლას ამჯობინებენ, მაგრამ ინტერაქტივი აუდიტორიასთან მედიასაშულებების განუყოფელი ნაწილი ხდება. დღეს ჟურნალისტი უკვე აღარ წყვეტს, თუ რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ. იგი აუდიტორიას ეხმარება, მოიპოვებს,  ამოწმებს და ისე ავრცელებს ინფორმაციას, ხალხი კი თვითონ გააკეთებს არჩევანს.

დააკვირდით სატელევიზიო-და რადიოსივრცეს, როგორ აქტიურობენ მაყურებელები და მსმენელები; ნახეთ "ობიექტივის" გადაცემები, როგორ ერთვებიან წამყვანის და სტუმრის დიალოგში და როგორ კვალიფიციურად მსჯელობენ. დღეს საქართველოში გაზეთები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ჩვენ გვახსოვს გაზეთი „არგუმენტი ი ფაკტი“, რომელიც მკითხველთა წერილების გამოქვეყნებას ვერ აუდიოდა და მრავალმილიონიანი ტირაჟით გამოდიოდა. ახლა კი ვებგვერდზე შესაძლებელია ათასობით კომენტარის განთავსება. სერიოზულ და საკუთარი თავის პატივისმცემელ გამოცემებში კომენტარებს გამოქვეყნებამდე კითხულობენ და ისე სთავაზობენ მკითხველს. თუმცა არის ონლაინ-გამოცემები, სადაც ყველას შეუძლია სკაბრეზული კომენტარები წეროს, რაც ძალიან აზიანებს ჟურნალისტიკას.

დღეს საქართველოში კვალიფიციური ჟურნალისტების დეფიციტია და ეს ყველგან იგრძნობა, - ზედაპირულობა და არათანმიმდევრულობა გახდა საფირმო ნიშანი. მაგრამ კიდევ უფრო ტრაგიკულია ის, რომ კვალიფიციური ჟურნალისტები თავის ცოდნას საზოგადოების დეზინფორმირებისთვის იყენებენ. ამიტომაც არ უყვართ ჟურნალისტები. ამ ქვაბში კი ყველა იხარშება.

ყოველი ეპოქა და თაობა თავის ჟურნალისტიკას ქმნის, კომინიკაციების მძლავრი საშუალებებით შეიარაღება კი მოქმედების დიაპაზონს ზრდის. როგორც კანონით და სპეცტექნიკით შეიარაღებული პოლიციელია საზოგადოებისთვის საშიში, თუკი იგი ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს, ასევე საშიშია ჟურნალისტი, რომელიც აღჭურვილია ცოდნითა და ინოვაციებით და სიმართლეს არ ემსახურება.

ძალაუფლება ხომ თავისთავად გულისხმობს პასუხისმგებლობას.


Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული