ბედს ამგზავრებული


თამილა ლასხიშვილი - ეპოქის 
სუნთქვით გაჯერებული ცხოვრება

საათზე მეტხანს, უფრო ზუსტად კი, - 70 წუთის განმავლობაში, გარინდული დარბაზი შეჰყურებდა სცენას, რომელზეც თამაშდებოდა მე-20 საუკუნის ტრაგედია - ასე ნაცნობი და შემაშფოთებელი. სცენაზე ერთი მსახიობი იდგა და ამ ტრაგედიას საოცარი ემოციით გადმოსცემდა - ერთადერთი შვილის ცხოვრებაში დედის ადგილი აღარ მოიძებნა და ფრაუ საბინა რუზამი განწირულია თავშესაფარში ცხოვრებისთვის, სადაც „საერთო ოთახში ტელევიზორი ხმათა უმრავლესობით არჩეულ არხზეა ჩართული“.

საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა თამილა ლასხიშვილმა მონოსპექტაკლში „სუსტი ქარების დროს“, რომელიც ფრანც ქსავა კროცის ნაწარმოების მიხედვით დადგა ნათია ბოგვერაძემ, მთელი ეპოქის ტრაგიზმის ჩვენება შეძლო. როცა ადამიანის ადგილი არა მარტო მისი ოჯახის წევრებს შორის, არამედ, საერთოდ, საზოგადოებაშიც არ მოიძებნება და განწირული მხოლოდ წარსულითღა ცხოვრობს - მოგონებებს ებღაუჭება და თავისი ამქვეყნად ყოფნის გამართლებას იქ ეძებს.

სცენა სპექტაკლიდან „სუსტი ქარების დროს“.
სპექტაკლმა არა მარტო ქალბატონი თამილა ლასხიშვილის აქტიორული პროფესიონალიზმი წარმოაჩინა (ეს თავისთავად!), ეს უფრო მეტი იყო - სიმართლე იმ ადამიანების გასაგონად, ვისთვისაც ადამიანის გაწირვა ჩვეულებრივ ამბადაა ქცეული და არად დაგიდევენ, რა ელით უარყოფილთ.

„სუსტი ქარების დროს“ არის იმის ჩვენება, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი გულგრილობამ. და, მიუხედავად ამისა, ფრაუ რუზამი, ისევე როგორც თამილა ლასხიშვილი, მიმტევებელია, გაკვირვებულია გარშემომყოფი, ერთ დროს თითქოს ასე ახლობელი ადამიანების უგულობით და დაუნდობლობით.

მარჯანიშვილის თეატრში 90-იან წლებში გათამაშებული ადამიანური დრამა, როცა 34 მსახიობი ქუჩაში აღმოჩნდა, მხოლოდ თეატრის ხელმძღვანელობის ახირებას შეიძლება მივაწეროთ და ამ მონოსპექტაკლით თამილა ლასხიშვილმა დიდი ოსტატობით გვიჩვენა ჩვენც და მიანიშნა „იმათაც“, რომ ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი არაფერია.

თამილა ლასხიშვილისთვის - ამ გაუტეხელი სულის პიროვნებისთვის ცხოვრებას არაერთხელ მოუწყვია მძიმე გამოცდა და ყოველთვის ღირსეულად დაუღწევია თავი განსაცდელისთვის. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ უღირსად მოექცნენ იქ, სადაც თაყვანისცემას იმსახურებდა, სადაც თითქმის სამი ათეული წელი იღვაწა, არ გატეხილა, არ წაბორძიკებულა, არ დაცემულა. მიზეზი კი მხოლოდ მისი წარმომავლობა და ხასიათის სიმტკიცე არ გახლავთ; მას აძლებინებდა აპლოდისმენტები, მაყურებლის სიყვარული, რომელიც 1958 წლიდან მოსდევდა, იმ დღიდან, როცა თეატრალური ისტიტუტის კურსდამთავრებულმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შედგა ფეხი და პირველივე როლით (გულსუნდა - ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილში“) წარმოჩინდა, როგორც ახალი და საინტერესო სახე თეატრალურ სამყაროში. ეს იყო მისი პირველი როლი დიდ სცენაზე, რომელმაც დიდ სიხარულთან ერთად პოპულარობაც მოუტანა და პრემიერის მეორე დილით ქალაქის საყვარელ მსახიობად გაიღვიძა.

თამილა ლასხიშვილი - "მედეა".
დაიწყო ახალ-ახალი გამარჯვებები. თამილა ლასხიშვილის მიერ განსახიერებულ გმირ ქალთა გალერეაშია როგორც დრამატული და ტრაგიკული, ისე სახასიათო გმირები: რუქაია, მარიტანა, თალიკო, ანიცა, ბიანკა, ნანა, ელენა ნიკოლაევნა, ლიანა, ნატაშა, ლამარა, გვანცა, ტატიანა, ანა დემბი, ელენე ალვინგი, ანტიგონე და მედეა, რომელმაც დიდი აღიარება მოუტანა. სპექტაკლს მუდამ უამრავი ხალიხ ესწრებოდა და მეასე წარმოდგენაზეც კი სრული ანშლაგი იყო. ქუთაისელებმა ლევან სანიკიძის „მედეა“ ორჯერ ჩამოიტანეს თბილისში. დედაქალაქელმა მაყურებელმა აღტაცებითა და სიყვარულით მიიღო სპექტაკლი, ხოლო ლადო გუდიაშვილმა თამილა ლასხიშვილს მომცრო ბარათი გაუგზავნა და თავისი შთაბეჭდილება ასე გამოხატა: „აღტაცებული ვარ მედეას თქვენეული შესრულებით.“ ამ სპექტაკლმა სამი წლის განმავლობაში მთელი საქართველო მოიარა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ახალგაზრდა მსახიობის პროფესიონალიზმის აღიარებაც აქედან დაიწყო.

იმ პერიოდში თბილისში „მედეას“ თამაშობდა სახელგანთქმული ვერიკო ანჯაფარიძე, რომელმაც თამილა ლასხიშვილის შესრულებას მსახიობის უზარმაზარი შემოქმედებითი წარმატება უწოდა. 29 წლის მსახიობს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს.

მაგრამ ცხოვრების პირველმა უმძიმესმა დარტყმამ თამილა ლასხიშვილის შემოქმედებითი აღმაფრენა უმძიმესი ტკივილით შეცვალა - მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მეუღლე გიორგი ლასხიშვილი, ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი, რომელმაც ქუთათურებს დაუბრუნა დიდი ლადო მესხიშვილის დიდებული გაიუს გრაკხი. 50 წელიწადზე მეტია გიორგი ლასხიშვილი ამქვეყნად აღარ არის, თეატრალების ხსოვნაში კი დღესაც ცოცხალი მისი გრაკხი.

დარჩა ახალგაზრდა და უკვე აღიარებული მსახიობი პატარა ვაჟით ცხოვრების პირისპირ. ახლა, სწორედ ახლა უნდა გამოეჩინა სიმტკიცე, ახლა უნდა გამოვლენილიყო მისი შეუვალობა, ახლა განსაკუთრებით სჭირდებოდა სირთულეების დაძლევა. „როცა მეუღლე გარდაიცვალა, ჩვენი ვაჟი მხოლოდ ექვსი წლისა იყო. მაშინ კი, როცა ქუთაისიდან თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად, - ცხრა წლისა... მამასავით ამაყი და თავმოყვარეა. ამიტომ იყო, რომ მამამისის გარდაცვალების შემდეგ მთელი ცხოვრება თავდახრილი დავდიოდი, რომ ჩემს ვაჟს თავაწეულს ევლო...“ - ამბობდა ქალბატონი თამილა.

პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა და მთელი ენერგია სცენისკენ მიმართა - 1970 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრშია. დედაქალაქში შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისმენეს როლი სოფოკლეს „ანტიგონეში“. მსახიობმა თავისებურად წარმოაჩინა გმირის ხასიათი, უჩვენა მისი ტრაგიკულობა და ხასიათის სისუსტე დრამატული სიძლიერით გამოხატა.

ასპასია პაპატანასიუ - "მედეა".
1972 წელი განსაკუთრებული იყო მარჯანიშვილელებისთვის. დოდო ალექსიძის მოწვევით „ანტიგონეში“ ითამაშა შესანიშნავმა ბერძენმა მსახიობმა ასპასია პაპატანასიუმ. სპექტაკლში შემოქმედებითი დუეტი ჩამოყალიბდა - პაპატანასიუს ანტიგონე და ლასხიშვილის ისმენე.

თამილა ლასხიშვილმა რამდენიმე საინტერესო სახე შექმნა სატელევიზო დადგმებში: გლედისი (ა. კრონინის „იუპიტერი იცინის“), ქსენია (ნ. დუმბაძის  „უმადური“) და სხვა, სადაც ნათლად გამოჩნდა რომ იგი თავისი აქტიორული მრწამსის ერთგულია.

ვისაც თამილა ლასხიშვილი სცენაზე უნახავს, ვისაც უგრძვნია, თუ როგორ ექსპრესიულობას მიმართავს იგი გმირ ქალთა ვნებების გადმოსაცემად, უთუოდ დაეთანხმება თეატრმცოდნე ვაჟა ძიგუას პროფესიულ შეფასებას, რომ „თამილა ლასხიშვილის სტიქია მაინც დრამატული და ტრაგიკული როლებია. აქ მსახიობი ლაღად შლის ფრთებს, სრულ თავისუფლებას აძლევს სულიერ აღტკინებას, ემოციებს. მისი აქტიორული ბუნება მიმართულია ძლიერი ხასიათების გამოსაკვეთად“.

დედაქალაქში სამუშაოდ გადმოსულ ახალგაზრდა მსახიობს მარჯანიშვილის თეატრში დახვდნენ კორიფეები - ვერიკო ანჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ომიაძე, გრიგოლ კოსტავა, მედეა ჯაფარიძე, ტარიელ საყვარელიძე, იაკობ ტრიპოლსკი, ირაკლი უჩანეიშვილი... და, რაც მთავარია, დოდო ალექსიძე - დიდებული რეჟისორი და პიროვნება. ამ ხალხმა, ისევე როგორც ლილი იოსელიანმა, ალექსანდრე მიქელაძემ, აკაკი ვასაძემ და სერგო ზაქარიაძემ, უდიდესი როლი შეასრულეს თამილა ლასხიშვილის ცხოვრებაში. შემდგომ კი უკვე თავად აოსტატებდა ახალგაზრდებს - 1978 წლიდან არაერთმა თაობამ გაიარა თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორის ხელში. სტუდენტებთან მუშაობა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ყველაფერს, რაც ალექსანდრე მიქელაძის, ბაბულია ნიკოლაიშვილისა და სერგო ზაქარიაძისგან უსწავლია, ახალგაზრდებს აზიარებდა და ძალისხმევას არ იშურებდა მათ დასაოსტატებლად.

ბედნიერები არიან  მისი მოწაფეები, რადგან ინტელექტითა და ნიჭით გამორჩეული პროფესორი არა მარტო სცენაზე იმსახურებდა აპლოდისმენტებს - მისი ყოველი ლექცია ერთი მონოსპექტაკლი იყო, რადგან ყოველთვის მასთან იყვნენ, მის სულსა და გონებაში სახლობდნენ შოთა, ვაჟა, აკაკი, ილია, გალაკტიონი, ლადო, ანა, მუხრანი, მურმანი... „მილხინს - ჩემთან ერთად მღერიან და მტირალსაც ცრემლს ისინი მიმშრალებენ; შემომძახებენ, შემომწყრებიან და მეც თავს მაღლა ვწევ, თვალს გავუსწორებ ყველას და განვაგრძობ ცხოვრებას ჩვეული მოთმინებით,“ - ეს თამილა ლასხიშვილის სიტყვებია.

მსახიობის მიერ წარმოდგენილი პოეზიის საღამოებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია ტერენტი გრანელის პოეზია „მე და გაფითრება“, ნამდვილი პოეტური სპექტაკლი „ანა ახმატოვა“ და ქართველი პოეტების ლექსებსა და მინიატურებზე შექმნილი საღამო „მოუარეთ საქართველოს“, რომლითაც მოიარა თითქმის მთელი ქვეყანა და რომელმაც დიდი სიხარული მოჰგვარა მასაც და მაყურებელსაც.

მსახიობთან არაერთი საუბრისას, მისი ბიოგრაფიის ცალკეული ეპიზოდების გაცნობისას ხვდები, რომ ამ დიდებული ადამიანის ხიბლს წლებმა ვერაფერი დააკლო; რწმუნდები, რომ თამილა ლასხიშვილის დარი პიროვნების მოდრეკა შეუძლებელია. ისინი უდიდეს ტკივილსაც მხრებში გაშლილი ხვდებიან და უდიდეს სიხარულსაც ღირსეული თავდაჭერით ეგებებიან. ამიტომაც, გასაკვირი არ იყო, რომ როცა იძულებული გახდა მარჯანიშვილის თეატრის სცენიდან ჩამოსულიყო, არ გამტყდარა და არ დაუჩოქია. მაგრამ, როცა მისი და მისი კოლეგების პროფესიულ თავმოყვარეობას უხეშად შეეხნენ, არც პასუხი დაუგვიანებია და ამ ყოველთვის გაწონასწორებულმა ქალბატონმა შეურაცხმყოფელს ისეთი „ალიყურით“ უპასუხა, როგორსაც იმსახურებდა.

სცენა სპექტაკლიდან „სუსტი ქარების დროს“.
 და კვლავ სცენას მიაშურა - თეატრის მოღვაწეთა კავშირთან დაარსებულ თეატრში რეჟისორმა ლერი პაქსაშვილმა 1998 წელს დადგა „ბერნარდა ალბას ოჯახი“. თამილა ლასხიშვილის გმირ ქალთა გალერეას ახალი ბერნარდა შეემატა. ფედერიკო გარსია ლორკას პიესები მრავალჯერ დაიდგა ქართულ სცენაზე. „ოჯახსაც“ დიდი ისტორია აქვს ქართულ თეატრალურ სამყაროში. მისი პირველი დადგმაც ლერი პაქსაშვილს ეკუთვნის - ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის წინათ განახორციელა სოხუმის თეატრის სცენაზე. ახალი დადგმა კი ამ თეატრის პირველი სპექტაკლი იყო. თამილა ლასხიშვილმა ბერნარდას სახით სრულიად განსხვავებული გმირი შემატა ქართულ თეატრს. „იგი ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლებით წარმოაჩენს ქალის უდრეკ ხასიათს, გვიკონკრეტებს მისი არსებობის აზრს - გადაარჩინოს ოჯახის ღირსება. ყურადღებას იქცევს მსახიობის დიდი ემოცია, ძლიერი ხმა და დახვეწილი მეტყველება, რაც დღეს, სამწუხაროდ, იშვიათობაა. არადა, სცენური გმირის განწყობილების შესაქმნელად უმთავრესი სწორედ  მსახიობის მეტყველებაა“, - ამბობს თეატრმცოდნე დავით სოლომნიშვილი. პრემიერაზე გულშემატკივარმა მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაცია გაუმართა მსახიობებს - ყოფილ მარჯანიშვილელებს  და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიჭიერებას წინ ვერავინ და ვერაფერი გადაეღობება.



შესანიშნავი ოჯახის დედის და ბებიის, დიდებული ქალბატონის თამილა ლასხიშვილის ცხოვრება გაჯერებული იყო ეპოქის სუნთქვით. ბედს ამგზავრებული, მსახიობის მანტიამოსხმული ამაყად მიემართებოდა ხოლმე სცენისკენ, სადაც ახალი სცენური სახეები და გამარჯვებები ელოდა და მაყურებელიც აპლოდისმენტებით უშურველად ასაჩუქრებდა უკვე ხანმოთეულ, მაგრამ მარად ახალგაზრდა არტისტს.


Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?