მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში
ტრადიციული მედია
და ინოვაციური ჟურნალისტიკა - ძველი ღვინო და ახალი ტიკი

იყო დრო, როცა ხელმწიფის
ბრძანებები ზეპირად ვრცელდებოდა ხალხმრავალ მოედნებზე და შემდეგ გარკვეულ განმარტებებსაც
მოაყოლებდნენ ხოლმე სპეციალურად ამისთვის დანიშნული გამხმოვანებლები. ასევე ზეპირად
გადაიცემოდა ამბები, რომლებმაც ჩვენამდე თქმულებების თუ ლეგენდების სახით მოაღწია.
მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხამდე ინფორმაციის სწორად მიტანას უდიდესი მნიშვნელობა
ენიჭებოდა და ენიჭება.
რასაკვირველია,
ყველა დრო და ეპოქა სიახლეებით აღინიშნება და უკვე დიდი ხანია აღარავის სჭირდება „ჰაიდ-პარკები“.
ლონდონშიც სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვს. მედიის საშუალებით, განსაკუთრებით, ელექტრონულ
ეპოქაში აღარავის აქვს თავისუფალი სიტყვის მსმენელამდე მიტანის პრობლემა. მაგრამ, ამავდრულად,
თავს იჩენს საზოგადოების დეზინფორმირების და
მათი ნდობით მანიპულაციის პრობლემა.
ტრადიციულმა მედიამ
დიდი გზა გამოიარა, მაგრამ პრესის მკვლევარები მუდმივად აღნიშნავენ იმ „სამშობიარო
ჭინთვებს“, რამაც საბოლოოდ ჩამოაყალიბა პრინციპები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა მედიასაშუალების პრესტიჟისა და ჟურნალისტის
ავტორიტეტის დასაცავად და შესანარჩუნებლად.
ეს ის პრინციპებია,
რომლებსაც ყავლი არასოდეს გაუვა, მიუხედავად იმისა, რას მიაღწევს მეცნიერება და ინფორმაციის
გავრცელების რა საშუალებებს გამოიგონებენ გენიოსები.
წერილის დასაწყისში
ზნეობა და პასუხისმგებლობა შემთხვევით არ მიხსენებია. სწორედ ზნეობას და მაღალ პასუხისმგებლობას
ეფუძნება ჟურნალისტებისთვის აუცილებელი სამი პირობა - სიზუსტე, დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
ციფრული მედიის განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგებმა და ტექნოლოგიებმა სერიოზულად
გაზარდა თანამედროვე მედიის როგორც შესაძლებლობები, ისე პასუხისმგებლობა.
ბუნებრივია, პროგრესი
სერიოზულად აისახებოდა სარედაქციო მუშაობაზე და მედიაში დასაქმებულთა მიდგომებიც ვერ
„ჩაიჭედებოდა“ ლინოტიპის მატრიცაში. აუცილებელი იყო თანამედროვე მოთხოვნებისთვის თვალის
გასწორება და ტრადიციული სტანდარტების დროის
კალაპოტში მოქცევა.
ეს ის შემთხვევაა,
როცა ახალი ტიკი და ძველი ღვინო აუცილებლად უნდა შეთავსებულიყო.

გასული საუკუნის დასაწყისში მატარებლით
ან გემით მგზავრობას კვირები სჭირდებოდა, დღეს კი ერთ კონტინენტზე შეგიძლია ისაუზმო
და, რამდენიმე საათში, ათასობით კილომეტრის დაშორებით ივახშმო.
ასეა მედიასთან დაკავშირებითაც:
მკითხველი ინფორმაციის სწრაფ მიწოდებას ითხოვს. სწორედ აქ იჩენს თავს ტრადიციული მედიის
პრინციპების დაცვის აუცილებლობა. ეს პრობლემა ჯერჯერობით გადაულახავად მოჩანს, მაგრამ
საკუთარი თავის და პროფესიის პატივისმცემელი ჟურნალისტები მუდმივად მაღალი პასუხისმგებლობით
ამზადებენ მასალებს. და ეს იმ დროს, როცა 5 წუთით დასწრებაც კი მნიშვნელოვანია. მაგრამ
თუ მკითხველი გამოგონილი ინფორმაციით მოატყუე, შემდეგ უკვე ნდობის პრობლემა ჩნდება.
ამიტომაც, ტრადიციულ გაზეთები, რომლებმაც ახალი ეპოქის „ციფრული სუნთქვა“ კეფასთან
იგრძნეს, დაფაცურდნენ და ვებ-გვერდებიც გააკეთეს. აქ მათ შეუძლიათ ოპერატიულად, ასე
ვთქვათ, ონლაინ-რეჟიმში განათავსონ უახლესი ინფორმაცია და უპასუხონ შეკითხვებს „ვინ?
სად? რა?“ და „როდის?“ და თანმიმდევრულად შეავსონ დამატებითი მასალებით, ხოლო მათი
გამოცემით დაინტერესებულ მკითხველს უკვე მეორე დღეს შესთავაზონ პუბლიკაცია, რომელშიც
დაწვრილებით იქნება პასუხი გაცემული არამარტო ამ, არამედ იმ კითხვებზეც, რომლებზე პასუხსაც
ელოდება - „როგორ?“ და „რატომ?“ მაგრამ არა ნაჩქარევს, არამედ ზუსტსა და მიუკერძოებელს.
თანამედროვე ტექნოლოგიები ახალი
შესაძლებლობებია, თუმცა ყველაფერი ადამიანის გონებრივ და მორალურ საზღვრებზე, თუ გნებავთ,
ფანტაზიაზეა დამოკიდებული. სწორედ აქ გვჭირდება „ლაგამი“. პრინციპი „რაც მეტს ილაპარაკებ,
მით მეტ შეცდომას დაუშვებ“, ციფრულმა ეპოქამ შეცვალა პრინციპით - „რაც უფრო ჩქარა ილაპარაკებ,
მით მეტ შეცდომას დაუშვებ“. ბუნებრივია, იგულისხმება, თუ ადამიანს ენა უსწრებს და გონება
უკან რჩება.
ასე რომ, სიკეთეებთან ერთად ინოვაციური
ჟურნალისტიკა სერიოზული განსაცდელის წინაშეც აღმოჩნდა. ისე მოხდა, რომ ხშირად გულწრფელობა
(რაც, ჩემი აზრით, უპირველესად მოეთხოვება ჟურნალისტს) გვავიწყდება და გაზვიადება წამოიწევს
ხოლმე წინა პლანზე. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ცალკეულ შემთხვევებში გამორჩენის,
რაღაც სარგებლის გამო ვაზვიადებთ. დააკვირდით ტრადიციულ გაზეთებს და ონლაინ-გამოცემებსაც:
სკანდალური სათაურები, ხმაურიანი ანონსები... წაიკითხავ წერილს ან ნახავ სიუჟეტს და
არაფერი - მხოლოდ წყალი და ჰაერი. კი ბატონო, ადამიანის არსებობისთვის ჟანგბადიც აუცილებელია
და წყალიც, მაგრამ არა - სიცრუით მოწამლული.
ის მედიაორგანიზაციები, რომელთა
ხელმძღვანელებმაც ყველაზე ადრე იგუმანეს ცვლილებების მოახლოება, წარმატებულებიც აღმოჩნდნენ.
მაგალითად, „რუსთავი 2“-ის და გაზეთ „24 საათის“ დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი და
ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი მამუკა ფაჩუაშვილი 2002 წელს ვაშინგტონს ეწვივნენ და
დეტალურად გაეცნენ იქაური ტრადიციული მედიის და ინოვაციური ჟრნალისტიკის ნიუანსებს.
მახსოვს, ორიოდ თვის შემდეგ, როგორი გაკვირვებული მეუბნებოდა ჩემი ამერიკელი მასპინძელი,
რომ გაოცებული იყო კიწმარიშვილის კომპეტენციით, შეკითხვების შინაარსით და თემით დაინტერესების
მასშტაბით. გაზეთის რედაქცია კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა, „24 საათი“კი არა მხოლოდ
ტრადიციული მკითხველის, არამედ ონლაინ-მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. და ეს
მაშინ, როცა დიდი ტრადიციების „საქართველოს რესპუბლიკაში“ რამდენიმე კომპიუტერი იყო მხოლოდ და ისიც, - დასაკაბადონებლად.
რედაქციის თანამშრომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კომპიუტერზე ტექსტის აკრეფაც კი
არ იცოდა.
ტრადიციულ მედიის და ციფრული მედიის
დაპირისპირება მე მაინც სიმბოლური მგონია. აქ კონკურენციაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.
გავიხსენოთ, რომ კინოს გამოჩენამ სერიოზულად შეაშფოთა თეატრების მესვეურები, ხოლო რადიოს,
შემდეგ კი ტელევიზიის გამოგონებამ გაზეთების გამომცემლების პანიკა გამოიწვია. რეალურად
კი არც თეატრი გაქრალა და არც გაზეთები. ახლაც, ინტერნეტის ეპოქაშიც, ყველას თავისი
ადგილი აქვს. ოღონდ დროს არ უნდა ჩამორჩე. კომპიუტერმა საამწყობო საამქრო და ლინოტიპი
კი გააქრო (ახალგაზრდა ჟურნალისტებმა არც კი იციან, რა არის ლინოტიპი), მაგრამ დამკაბადონებლები
ისევ დარჩნენ და თანამედროვე ლინოტიპისტებიც ახლა უკვე ვორდში აწყობენ ტექსტებს. მომავალში
კი, როცა ყველა ისწავლის ტექსტის აკრეფას, ეს პროფესიაც გაქრება. ისევე, როგორც სანთლით
საძებნია მჭედელი, რომელიც ცხენის ჩლიქზე ავარდნილ ნალს დააჭედებს, მაგრამ ყოველ ფეხის
ნაბიჯზე შეხვდებით ავტოხელოსანს.
ნებისმიერ ეპოქაში მთავარია, რაიმე
ღირებული შეიქმნას, ნამდვილად ღირებული და არა პლაგიატი. აი, აქ კი განსაკუთრებული
პროგრესი გვაქვს. მე კარგად მახსოვს, ტრადიციული გაზეთების რედაქციების თანამშრომლების
სამაგიდო ლექსიკონები და ენციკლოპედიები კარადებში, თარიღების თუ ციტატების გადასამოწმებლად
მუდმივად რომ ვიყენებდით. ახლა კი, სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა ძალიან გააადვილა
წერილის გასწორება, ძალიან დააჩქარა გადამოწმების პროცესი, რომელიც შეიძლება მთელი
დღეც კი გაგრძელებულიყო. ამავდროულად, რედაქტორს შესაძლებლობა აქვს, ჟურნალისტის რომელიმე
ფრაზა გუგლის საძიებო სისტემაში გაუშვას და... ბაც! კომპილაცია! ბაც! პლაგიატი! გუგლმა და სხვა საძიებო სისტემებმა ჟურნალისტებსაც გაუადვილა პროფესიული საქმიანობა, - აღარ არის საჭირო ენციკლოპედიებში
და ბიბლიოთეკებში ინფორმაციის გადამოწმება, - და რედაქტორებისთვისაც გაიოლდა მასალების
სკრუპულოზურად და, რაც მთავარია, ოპერატიულად შემოწმება.
![]() |
ლარი ფეიჯი და სერგეი ბრინი |
ლარი ფეიჯს და სერგეი ბრინს ძეგლი
უნდა დავუდგათ ჟურნალისტებმა. ამ ორმა გენიოსმა გუგლის გამოგონებით (სხვა საძიებო სისტემებიც
არსებობს, მაგრამ გუგლი გუგლია! დაგუგლეთ „ბონდო მძინარაშვილი“ ქართულად, ინგლისურად
და რუსულად და თქვენც დარწმუნდებით J ) არამარტო ჟურნალისტებისთვის
ხელმისაწვდომი გახადა ინფორმაციის ოკეანეში ცურვა, არამედ საშუალება მოგვცა, ამ ოკეანეს
ჩვენც შევმატოთ „ორიოდ წვეთი“. მოკლედ, ჩვენ ვგუგლავთ და ჩვენც ვიგუგლებით.
პროგრესის და ტრადიციულ მედიასთან უპირატესობის უტყუარი ნიშანია ისიც, რომ ტრადიციული ბეჭდური მედიისგან განსხვავებით,
ონლაინ-ჟურნალისტიკა გაცილებით ფართო გასაქანს იძლევა - ტექსტის გაფორმება, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალების დართვა და, რაც ასევე
უმნიშვნელოვანესი სიახლეა: მაყურებელთან და მკითხველთან ინტერაქტიური კავშირი და კომუნიკაცია.
კომპიუტერული ტექნოლოგიებით გამრავალფეროვნების უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს. მახსოვს,
როგორი ინტერესით ვათვალიერებდით გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მთლიანდ
კომპიუტერული ტექნოლოგიით მომზადებულ პირველ ფერად ქართულ გაზეთს „ნატვრისთვალს“, რომელიც
თანამედროვე ჟურნალისტიკის მეტრმა პაატა ნაცვლიშვილმა გამოსცა. დღეს ვიღას უკვირს ფერადი
გაზეთი?!
კიდევ ერთი თემა, რომელზე ყურადღების
გამახვილებაც აუცილებლად მიმაჩნია, ეს არის სოციალური ქსელების გამოყენება მედიაორგანიზაციების
მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სოცქსელებს არ ყავს იმდენი მომხმარებელი, რამდენიც
ტელევიზიებს - მაყურებელი, ყველა ტელევიზია ცდილობს, „ფეისბუქდამოკიდებულებიც“ უზრუნველყოს
ინფორმაციით. ასე იქცევიან გაზეთებიც და, რა თქმა უნდა, სერიოზული საინფორმაციო სააგენტოებიც.
თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მიზანს, მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები: ფეისბუქში გამოქვეყნებული
რომელიმე ე.წ. ფეისის სტატუსს „გაანიუსებენ“ სკანდალური სათაურით და და შემდეგ ისევ ფეისბუქს უბრუნებენ გასავრცელებლად. ამან ისეთი ტენდენციის
ხასიათი მიიღო, რომ ეს „ფეისები“ უკვე იხვეწებიან, სათაური მაინც შეცვალეთო. J

ვრცელი წერილი გამომივიდა, მაგრამ
რა ვქნა, ვერაფრით მოვიცალე უფრო მოკლედ დასაწერად. J
Comments
Post a Comment