ბედნიერება - ეს მე ვარ, შენ ხარ!



სად პოულობ ოპტიმიზმს ჩვენს მშფოთვარე დროში, როცა ზოგიერთს სიცოცხლე აღარ უნდა? - ეს შეკითხვა კი არა, უფრო საყვედურია, რომლითაც მომმართავენ მეგობრები (ხანდახან ნაცნობებიც).

არ დაგიმალავთ, ზოგჯერ მეც მიჭირს, ისე მიჭირს - მტრისას, მაგრამ მე ვისწავლე, სხვას არ გადავდო ჩემი უგუნებობა, არ ვუწუწუნო.

მე მტკიცედ მჯერა: პირადი ოპტიმიზმი, ანუ სიცოცხლის ძალა, სულიერი ენერგია, სიცოცხლის სურვილი და სწრაფვა მისკენ არ გამომდინარეობს ადამიანის საზოგადოებრივი ან მატერიალური მდგომარეობიდან. გერმანიის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, კანცლერი ბისმარკი ამბობდა, „ცხოვრებაში განცდილი ყველა ბედნიერი წუთი ერთად რომ შევაგროვო, 24 საათიც არ გამომივაო“.

არ შეიძლება ბედნიერების შეგრძნება გაქრეს ცარიელი „სამომხმარებლო კალათის“ გამო. იმიტომ, რომ ბედნიერება ყოველთვის ჩემს გვერდითაა, ჩემშია,  შენშია, ბედნიერება - ეს მე ვარ, შენ ხარ!

ალბათ, ბევრს გავაღიზიანებ და მეტყვიან, - რომელ ბედნიერებაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა გარშემო ყოფიერების ნანგრევებიღაა შემორჩენილიო. მაგრამ, ჩემი აზრით, ცხოვრება თითოეულმა ჩვენგანმა როგორღაც უნდა „მოირგოს“. მაშინ ბევრი რამ აღარ იქნება ასეთი მტკივნეული. მთავარია, არ ჩაგითრიოს საერთო გაღიზიანებამ, გაბოროტებამ, უკმაყოფილებამ. ბედნიერება ჩვენს ხელთაა - მთავარია, ეძიო და იპოვო.
მადლობა ღმერთს, ჩემნაირები მრავლად არიან - მხიარულები, ენერგიულები, ოპტიმისტები. ისინი რომ არა, ალბათ დაიტანჯებოდა, გაუდაბურდებოდა და გადაგვარდებოდა ქვეყანა.

იპოვე ის რაღაც შენი და შენც გახდები ბედნიერ ადამიანთა არმიის წევრი. ეს ხომ სულის შემოქმედებაა. ბედნიერება - ეს არის ნიჭი!

მომწონს ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ვითარებაში ცდილობენ შეინარჩუნონ ღირსება, გაუმკლავდნენ სიძნელეებს, შექმნან საკუთარი „ნიშა“.

მდიდრული ცხოვრების ყველა კრიტერიუმის გათავისებაც არ ღირს. თუკი სურვილები ძალიან აჭარბებს შესაძლებლობებს, სწორედ მაშინ ჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, ხოლო თუ უნარს სათანადოდ მოიმარჯვებს, მაშინ ადამიანი თავს კარგად იგრძნობს. ეს ღრმად ინდივიდუალური გრძნობაა. 

https://www.youtube.com/watch?v=2X_WFfM_CNE

არ შეიძლება გულხელდაკრეფილმა კაცმა „იცხოვროს კარგად“, ანუ ჰქონდეს ბევრი ფული, და ეს ყველაფერი მუქთად. ასეთმა ცხოვრებამ შეიძლება თავიც მოგაძულოს. მე, მაგალითად არ მაინტერესებს ასე ცხოვრება; რაღაცის დაძლევა, გადალახვა მიყვარს, და სწორედ ამ დაძლევისგან მოდის ცხოვრებისეული კმაყოფილება, რადგან „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ (გურამ რჩეულიშვილი), მით უფრო სხვისი აშენებულით.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვინმეს ასწავლო, რომ იგი ბედნიერი იყოს. მაგრამ ისწავლო, როგორ გახდე ბედნიერი - შეიძლება!

ადამიანის ცხოვრება ერთი წამია. წამი, რომელიც მარადისობიდან იწყება და მარადისობაში იკარგება. მაგრამ სწორედ ამ ერთ წამში ეტევა თითოეული ჩვენგანის მთელი სამყარო. მე არ მსურს ჩემთვის გამოყოფილი ეს ერთი წამი დავხარჯო ბრაზსა და წყენაზე, ბოროტებასა და აგრესიაზე, უშედეგო მოთქმა-გოდებაზე იმის შესახებ, რომ ცხოვრება არასრულყოფილი და უსამართლოა.

ბევრი რამ ცუდადაა, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

მიქელანჯელო იმდენად იტანჯებოდა დეპრესიით, რომ თავისი ქანდაკებების ნახევარი ვერ დაასრულა, რაც შემდგომმა თაობებმა მისი შემოქმედებითი მანერის თავისებურებად აღიქვეს.

500 წლის წინათ დეპრესიის ცნება არ არსებობდა, მაგრამ თანამედროვე მედიცინამ მიქელანჯელოს აბსოლუტურად ზუსტი დიაგნოზი დაუსვა მეგობრებთან მიმოწერის მიხედვით: დიდი ხელოვანი დიდ დეპრესიაში იყო - ყოველთვის არ ჰყავდა პაპ იულიუს მეორის მსგავსი მფარველები.


ეს ახლა გაირკვა.

დღესაც ბევრი ხელოვანი და ლიტერატორია დეპრესიაში - ეს მათ შემოქმედებაშიც ნათლად ირეკლება.

ნუ ვიფიქრებთ იმაზე, 500 წლის შემდეგ რა დასკვნას გამოიტანს ჩვენი შთამომავლობა.
ღრმად ჩაისუნთქეთ, ცოტა ხნით ასე გაჩერდით და მთელი გრძნობით ამოიძახეთ: ბედნიერება - ეს მე ვარ!

და - ამ ამოძახილს ამოაყოლეთ ყველა დარდი და კაეშანი!

https://4love.ge/urtiertoba/105902-patarebs-hkitxes-tu-ra-iyo-bedniereba-mati-pasuxi-martivi-da-genialuria.html

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?