განტევების ვირი
- Get link
- X
- Other Apps
ზურაბ ნოღაიდელი ძნელად წარმოიდგენდა, რომ არსთა გამრიგე ესოდენ მნიშვნელოვან მისიას დააკისრებდა - მან მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის თავდაყირა დაყენება და ნაძალადევი ჰარმონიისა და ერთიანობის ხუხულასავით ჩამოშლა.
არ ვამბობ, ეს მისია კარგია თუ ცუდი, ახეირებს თუ აზარალებს ქართული პოლიტიკისთვის ჭყინტ, თუმცა სახელისუფლო ინტრიგებში საფუძვლიანად გარკვეულ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა ბოლოდროინდელმა მოულოდნელმა გააქტიურებამ ბევრ და ბევრისთვის არასასურველ პროცესს დაუდო სათავე.
გაფინანსისტებული ფიზიკოსის გაპოლიტიკოსებას ბიძგი 2008 წლის აგვისტოს ომმა მისცა. მაშინ ნოღაიდელის მკვეთრმა განცხადებებმა ძალიან გააოცა საზოგადოება. თვით ლეგენდარული სიხისტით ცნობილი ექსპრემიერისგანაც კი მოულოდნელი იყო ასეთი ფერისცვალება. ალბათ, ყველას გახსოვთ პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის დაღლილი სახე სარფის საბაჟოზე, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი მებაჟეების უფროსს - ზურაბ ანთელიძეს აწიოკებდა. ალბათ, ისიც გახსოვთ, წყალდიდობისას დუშეთში მოულოდნელად ასული პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონით რომ ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს და სულ “შენ გიჟი ხომ არა ხარ, ახლავე ტრაქტორები გამოუშვიო!” - უკიოდა.
ვინც სააკაშვილის პიარსტრატეგიას იცნობს, ისიც იცის, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელია მტკიცე ხელით მართვის დიდოსტატის იმიჯის შექმნა სხვისი დამცირებით. ასეთი შემთხვევებისთვის პრეზიდენტს სხვაც ბევრი ჰყავს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის რანგი მაინც სულ სხვაა. სააკაშვილი იმ სტილის მმართველია, რომლის ფონზეც ნებისმიერი ჩინოვნიკი ნულს ქვემოთ უნდა განვიხილოთ.
ამ მხრივ გამონაკლისი ვერც ზურაბ ნოღაიდელი იქნებოდა. მას ხისტი მორჩილების დიდი გამოცდილება ჰქონდა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის პრეზიდენტობისას. თუმცა ბევრ პრობლემას მისი მფარველი ანგელოზი ზურაბ ჟვანია აგვარებდა და, სხვათაშორის, არც თუ ურიგოდ და მით უმეტეს, არც თუ უანგაროდ.
ზურაბ ნოღაიდელი ბევრს ითმენდა. ალბათ, უპრიანი იქნება, თუ ვიტყვი, იტანდა-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გავიხსენო შალვა ნათელაშვილის შერქმეული მეტსახელი “დაღლილი ვირი” და შევარდნაძის ხუმრობა. როდესაც ექსპრეზიდენტს ამ მეტსახელის შესახებ ჰკითხეს, ჩვეული იუმორით უპასუხა, რამ დაღალა, კაცოო.
მართლაც, რამ დაღალა?
როგორც ჩანს, ზურაბ ნოღაიდელის სიჯიუტის ამბავი შევარდნაძისთვისაც არ არის სიახლე. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, პრეზიდენტ სააკაშვილთან რამე გამოსვლოდა, ამიტომაც, თუკი შევარდნაძის დროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გამოტანით იშოვა ერთი-ორი კაპიკი, სააკაშვილის დროს ელიტური კორუფციის ჭაობში ღრმად ჩაეფლო. ხმები მისი აურაცხელი ქონების შესახებ სულაც არ არის გადაჭარბებული, თორემ ცხონებულ ომარ ვარძელაშვილს მასზე არანაკლები თანამდებობები ეკავა, მაგრამ სიმდიდრის მოხვეჭა ვერ შეძლო, უფრო სწორად, - არ იკადრა.
ნოღაიდელი ქართული ლეიბორიზმის მამის შერქმეულ მეტსახელს მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებს. ცნობილია, რომ ვირი, თუ ერთხელ სადმე ჩაეფლო, იმ ადგილას სულ ფიანდაზებიც რომ დაუფინო, ფეხს ვერ გადაადგმევინებ. აი, ზურაბ ნოღაიდელმა კი ფინანსთა მინისტრის სავარძელი ორჯერ მოიზომა. როგორც ჩანს, შევარდნაძის დროსაც კორუფციის ჭაობში კი არ იყო ჩაფლული, არამედ კორუფციის გზატკეცილზე “მიბაკუნობდა” (ან ერთ ადგილზე აბაკუნებდა ფეხებს!) და, მისი დიდი გამოცდილების გათვალისწინებით, გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა გაპრემიერებული ჟვანიას რეკომენდაციით ისევ ფინანსთა მინისტრის პორტფელი ჩააბარა.
ამ პორტფელით რა მიჰქონდა და რა მოჰქონდა ნოღაიდელს, ახლა მხოლოდ სააკაშვილმა და იმ ვანომ იცის. კიდევ ერთმა კაცმა იცოდა, მაგრამ მისი სახელი და გვარი მისსავე გამოზრდილებმა დაივიწყეს და მეტად ნურც ჩვენ შევაწუხებთ. მით უფრო, რომ კარგს მაინც ვერაფერს ვიტყვით.
იციან მიშამ და იმ ვანომ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ. ისინი იტყვიან და ესეც იტყვის. ბოლოსდაბოლოს, რამდენჯერ უნდა აღიაროს პრეზიდენტმა შეცდომები?! ჯერ “ყველაზე დიდი შეცდომა” - ირაკლი ოქრუაშვილი - ვერ მოუნელებია და ახლა მისი ხელისუფლების ფინანსთა მინისტრისა და შემდგომ უკვე მთავრობის მეთაურის კორუფციაზე რომ ალაპარაკდეს, ხომ ჰკითხავენ, შენ სად იყავით და რას უყურებდი, როცა ეს მუტრუკი (გავირებამდე!) ასე არხეინად დანავარდობდა ბიუჯეტის ფულებით მოკირწყლულ ქვეყანაშიო?
ხმას არ იღებს, მაგრამ განა ვინმე იტყვის, რომ ჩერჩილივით “ცხელი და შემტევი” პრეზიდენტი იობის მოთმინებას იჩენს? სააკაშვილი ის ხვითო არ არის, ყოფილი პრემიერის წიხლი არ ეწყინოს. აქ რაღაც სხვა აბლაბუდა იხლართება და გამორიცხული არ არის, უახლოეს მომავალში ბევრი დარჩეს გაღიმებული.
ვნახოთ.
განკითხვის დღე, ადრე თუ გვიან, დადგება და, რაკი ზურაბ ნოღაიდელმა ეს ყველაზე უკეთ იცის, არც ერთ რადიკალ ოპოზიციონერს რომ არ წამოსცდენია, ისეთი ტერმინების რახარუხი ატეხა. პრეზიდენტი ჯერ გაოგნდა, მერე დაფიქრდა, ამას მარტო ფული რომ ადიდგულებდეს, მაგაზე მეტი მე მაქვს და ვერ გაბედავდაო.
სულ რაღაც წელიწად-ნახევარი დასჭირდა ნოღაიდელს პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებისთვის. ახლა მას არა როგორც ყოფილ პრემიერს, არამედ როგორც პარტიის ხელმძღვანელს ელაპარაკებიან. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ იგი ცდილობს, კვლავაც მაღალი თამასა დაიჭიროს. ამიტომაც თავს არ უყადრებს ქართულ პოლიტიკაში ჭიპმოჭრილ ბევრ კოლეგას და ძალისხმევას არ იშურებს ცნობილი სახეების დასაინტერესებლად. ესენიც, ჩვენი დროის რიშელიეები და მონტესკიეები, ჯერ გარშემო უვლიდნენ, შემდეგ კი ქისასთან ახლოს მიუცუცქდნენ.
ჯერ “ხალხის პარტია” და “კონსერვატორები” რა სახსენებელია, მაგრამ პროცესი დაიწყო და, თუკი “ქრისტიან-დემოკრატები” და პაატა დავითაიას “ჩვენ თვითონ” (ალბათ, უფრო “მე თვითონ” უნდა ერქვას ამ პარტიას), აგრეთვე, ჯონდი ბაღათურია (მის პარტიას რა ჰქვია, აღარ მახსოვს, ალბათ, - “მე თავად”) ხელისუფლების ხელის შემყურეები არიან, ნოღაიდელის ორბიტაზე ბრუნვა კობა დავითაშვილმა მძიმედ, კახა კუკავამ კი მსუბუქად დაიწყეს; ზვიად ძიძიგურიც უნდა ვიგულისხმოთ სადღაც იქინე...
ამ ხალხს ზურაბ ნოღაიდელთან მისვლა გამოუვალმა მდგომარეობამ აიძულა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ექსპრემიერის მოსკოვური ვიზიტები და მმართველ პარტიასთან - “ედინაია როსიასთან” გაფორმებული მემორანდუმი, ქართველი პოლიტიკოსებისთვის მეხის დაცემას რომ უდრიდა.
ეს ვოიაჟები დიდად არ გაჰკვირვებია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს. ნინო ბურჯანაძე ღიად აცხადებს, რომ “ნოღაიდელის ნაბიჯები ნოღაიდელის საქმე, მისი არჩევანია, რომლის შედეგსაც დრო გვიჩვენებს. თუმცა ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ რუსეთთან ლაპარაკი აუცილებელია. ფაქტია, ამის ყველა რესურსი ხელისუფლებამ ამოწურა და ახლა ნებისმიერზე ეჭვიანობს, ვისაც კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა”.
იმან, რამაც დიდად არ გააოცა ბურჯანაძე, სერიოზულად შეაშფოთა ე. წ. მედასავლეთეები - “ახალი მემარჯვენეები” და “რესპუბლიკელები”.
“ალიანსის” თანათავმჯდომარეები - დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი ისეთი სახეებით ლაპარაკობდნენ, ნოღაიდელთან საქმეს არ დავიჭერთ და “ყველას მინუს ერთი” ფორმულა უნდა ავამუშაოთო, თითქოს მათი გადასაწყვეტი იყოს ქართული პოლიტიკის ბედი. თუმცა მათ ინტონაციაში შეშფოთებასთან ერთად თამაშგარე დარჩენის შიშიც იკითხებოდა; მით უმეტეს, რომ ამ დროს გვერდს არ უმშვენებდათ მესამე თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, რომელმაც ორიოდ დღის შემდეგ განაცხადა: “ოპოზიციის ერთიანობას ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”. თუმცა ისიც დასძინა, რომ ნოღაიდელისგან წამოსული ნებისმიერი დაფინანსება მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
“ახალი მემარჯვენეების” ბურჟუაზიული მანერები დიდად გასაკვირი არც არის, მაგრამ საინტერესოა, რა აქვთ სალაპარაკო “რესპუბლიკელებს”. მათი პარტიის ლიდერები ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ამბობდნენ, აფხაზებს თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოს შექმნის უფლება აქვთო და, აჰა, აუსრულდათ პოლიტიკური პროგნოზი - პრეზიდენტ სააკაშვილის “ბრძნული პოლიტიკის” წყალობით რუსეთმა თვითგამორკვევას აღარ დაუცადა და აფხაზეთის რესპუბლიკა სახელმწიფოდ ცნო.
ახლა დაავიწყდათ მუდამ ჭკვიანური სახეებით დინჯად ხალხისთვის ჭკუის დამრიგებელ “რესპუბლიკელებს”, რომ ზურაბ ნოღაიდელს ისეთივე უფლებები აქვს ქართულ პოლიტიკაში, როგორც ამათ და კიდევ ბევრს. და როცა ნოღაიდელს შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას წამოაძახებენ, ნურც იმას დაივიწყებენ, რა წვლილი მიუძღვით 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში, როცა ქართული სახელმწიფოს აბორტმახერის ფუნქციებს ერთმანეთს ეცილებოდნენ; ისიც კარგად გაიხსენონ, სად იყვნენ 2003 წელს, როცა ამავე სახელმწიფოს რვათვიანი ნაყოფი დედის საშოში, ანუ პარლამენტში შევარდნით მოახრჩვეს და მერე ტაშის გრიალითა და ვარდებით გვამცნეს - ბიჭია, ბიჭიო...
შეიძლება ბევრმა არა, მაგრამ პოლიტიკაში ჭიპმოჭრილმა რესპუბლიკელებმა მაინც კარგად იცოდნენ, რომ კონსტიტუციური წყვეტა ორივე შემთხვევაში სავალალო შედეგებს გამოიწვევდა. ახლაც იციან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ, კვლავაც ხელისუფლებაში ყოფნა უნდათ.
განა ეს რესპუბლიკელები არ იყვნენ, ლომაიასეულ განათლების რეფორმას ძარღვებდაბერილები რომ იცავდნენ და იწონებდნენ? ახლა თვით პრეზიდენტი სააკაშვილიც კი სულელურს უწოდებს ამ საშინელ ექსპერიმენტს, რომელიც თავის სავალალო შედეგებს მალე გამოიღებს; რესპუბლიკელებმა კი თავი მოიქაჩლეს, ვითომ არაფერი.
განა რესპუბლიკელები არ გვისახავდნენ ახალ მესიად და მხსნელად ირაკლი ალასანიას? მაგრამ ახლა, როცა ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დუღილის ნიშნულს მიაღწია, ხელიდან ეცლებათ “ოქროს ბიჭუნა” და ცდილობენ, თავიანთი შეცდომები სხვას გადააბრალონ. ასეთ დროს კი სულზე მოუსწროთ ნოღაიდელის მოსკოვურმა მემორანდუმმა.
ზურაბ ნოღაიდელი განტევების ვაცად არ გამოდგება, მას უკვე შეერქვა “დაღლილი ვირი” და, თუ მაინცდამაინც, შეგვიძლია “განტევების ვირი” ვუწოდოთ, თუმცა, ალბათ, აქაც არ ივარგებს. მას თავისი ცოდვებიც უხვად დააბერტყა ქართულმა პოლიტიკამ. განტევების ვაცს კი გადატანითი მნიშვნელობით ისეთ ადამიანებს უწოდებენ, რომლებსაც სხვების მიერ ჩადენილ ცოდვებს აკისრებენ და სხვების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის აგებინებენ პასუხს.
ოცდაცამეტ წელზე გადამხტარი რესპუბლიკელებისთვის, ალბათ, ცნობილია, მაგრამ მოგეხსენებათ ქართული ჩაჯონდილი პოლიტიკისა და პოლიტიკოსების ამბავი და მაინც შევახსენებთ, რომ უძველეს დროში ებრაელებს ასეთი წესი ჰქონდათ: წელიწადში ერთხელ საშემოდგომო დღესასწაულზე - “ცოდვებისაგან განწმენდის დღეს”, მთელი თემი შეიკრიბებოდა ველზე; უხუცესი ჯერ წირვას გადაიხდიდა, მერე გამოიყვანდა ვაცს, დააკისრებდა მას მთელი წლის განმავლობაში მრევლის მიერ ჩადენილ ცოდვებს და მიუშვებდა ტყეში მგლების დასაგლეჯად.
ახლა თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეძლებთ კი “ტყეში მგლების დასაგლეჯად” ზურაბ ნოღაიდელის გაშვებას? მით უმეტეს “უხუცესს” ჯერ წირვა არ გადაუხდია და, მიუხედავად იმისა, რომ გაკვირვებულია, “რამ დაღალაო”, სულაც არ აპირებს მისთვის მრევლის ცოდვების დაკისრებას. უფრო მეტიც, ბევრისთვის მოულოდნელად, ნოღაიდელის ბოლოდროინდელ გააქტიურებას იწონებს კიდეც.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ გამეხებული ნოღაიდელი თანაგუნდელებს “ხმაში რკინის გარევას” სთხოვს და “მეტი სიმტკიცისკენ” მოუწოდებს.
არ არის ეს კაცი ტყეში მორჩილად წამსვლელი.
პოლიტიკაში პასუხისმგებლობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლამაზი ფრაზებით მანიპულირებას. ქართველი პოლიტიკოსები კი იმაზე მეტ შეცდომებს უშვებენ, ვიდრე შეიძლება. ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, თორემ ხელისუფლებას უკვე აღარაფერი ეშველება. მასზე უკვე ყველას ხელი აქვს ჩაქნეული აქაც და საზღვარგარეთაც. ახლა მრავალპოლუსიან სამყაროში მოვლენების განვითარებას აკვირდებიან და, ვინც იყოჩაღებს, კვერთხსაც ის დაეუფლება და გვირგვინსაც ის დაიდგამს.
ამიტომაც ცდილობს ზურაბ ნოღაიდელი კავშირების გაბმას მოსკოვსა და ბრიუსელში და ვერც ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილების განსაკუთრებულობაში დამარწმუნებს ვინმე, რადგან მასაც კარგად ესმის, რომ დიდი პოლიტიკა არც უსუფაშვილი-ხიდაშელის სამზარეულოში კეთდება და არც ბერძენიშვილების თავებში იხარშება დიდი სიბრძნე.
მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება და ისეთი ძალით ინჯღრევა ქართული პოლიტიკის დერგი, რომ ყველი და წათხი ერთმანეთში ითქვიფება. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა იქნება ხვალ და ზეგ.
თუმცა დღესვე ნათელია, რომ ზურაბ ნოღაიდელმა, როგორც უკვე ვთქვი, განტევების ვაცის როლი ვერ შეასრულა, თორემ განტევების ვირად ჯერ კიდევ გამოდგება.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, რომელსაც ქართული პოლიტიკის აქილევსადაც წარმოგვიდგენენ, ავიწყდებათ, რომ მასაც აქვს სუსტი ადგილი - პაგონი ქუსლზე!
თუმცა, ეს უკვე სხვა წერილის თემაა.
- Get link
- X
- Other Apps
Comments
Post a Comment