ბურჯუაზიის ამაოება
- Get link
- X
- Other Apps
2010 წლის ყველაზე დიდი მსოფლიო სკანდალი «ვიკილიქსის» საიდუმლო მიმოწერის გამოქვეყნებას მოჰყვა. ბევრი ბოდიშიც მოვისმინეთ იმ ბაგეთაგან, ტკბილი სიტყვის გაგონება რომ ენატრება ჩვენს ხელისუფლებას. საქართველოს მასშტაბით კი ერთგვარ «ქართულ ვიკილიქსად» წარმოგვიდგება გაზეთ «ასავალ-დასავალში» გამოქვეყნებული წერილი «ვაჭრობა ქვეყნით და ხალხით». თითქოს რამე სიახლე გაიგესო, ისეთი შოკი გამოიწვია ამ პუბლიკაციამ პოლიტიკურ სპექტრში. თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ხალხზე, რომელსაც ამგვარი ეჭვი არაერთხელ გამოუთქვამს. ამ პოლიტიკურ შოკსაც აქვს თავისი მიზეზი.
სხვათა შორის პრესაში აქამდეც ხშირად ისმოდა ბრალდებები პოლიტიკოსთა მიმართ. ამ ბრალდებებს ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე დაფიცება-დაგინება და ცრემლისღვრა საკუთარ უმწიკვლობაში საზოგადოების დასარწმუნებლად. მაგრამ ამჯერად ბრალდებას არამხოლოდ კონკრეტული ადრესატი ჰყავს, არამედ კონკრეტული ბრალმდებელიც. ჩვენს შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ადრესატი ლევან გაჩეჩილაძეა, ბრალმდებელი კი _ ბადრი ბიწაძე.
რთულია, პოლიტიკოსთა ფარულ ზრახვებს ჩასწვდე. თუმცა სულაც არ არის ძნელი მისახვედრი, რომ დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა «პოლიტიკური ველის» მოსასუფთავებლად.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმედები გაუცრუა «დემოკრატიის შუქურის» «რუბილნიკთან» მდგარ «მამებს». ამიტომ ქართული პოლიტიკის «ზვიგენებმა» კი არა, «პირანიებმაც» თავი ერთადერთ ალტერნატივად წარმოიდგინეს და დაიწყო...
ქართული პოლიტიკისთვის კომპრომატების ფრიალი ახალი არ არის და ვერავის გააკვირვებ. მაგრამ ასე მომზადებული და, შესაძლოა, სამომავლო სვლებზე გათვლილი, პირველად ვიხილეთ. პირველხანებში ამიტომაც დაიბნენ პოლიტიკოსები. და გაჩნდა ამგვარი ვითარებისთვის უპრიანი შეკითხვა _ ვის აძლევს ხელს?
მას შემდეგ, რაც იმავე გაზეთში ბადრი ბიწაძის ნაამბობი გამოქვეყნდა, ყველაფერი გაცხადდა. თუმცა, ბუნდოვანება მაინც დარჩა და ახლა იმაზე იმტვრევენ თავს, რატომ მაინცდამაინც ახლა და რა მიზნით დასჭირდა ბურჯანაძე-ბიწაძის წყვილს ღია ომის გამოცხადება არამხოლოდ ლევან გაჩეჩილაძისთვის, არამედ (მისი სახით) მთელი «ქართული პარტიისთვის»?!
მიზეზიც ნათელია და მიზანიც _ პოლიტიკური ველი გადაიტვირთა და სასწრაფოდ განმუხტვას საჭიროებს. ბურჯანაძე სამოქმედო არეალს აფართოებს. თვითონ ამ ისტორიის კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს წარსული ამბავია და, გაზეთის ფურცლებზე როგორ აღმოჩნდა, მისთვის გაუგებარია.
ცოტა (ცოტა?) დაუჯერებელია, რომ გენერალმა ბიწაძემ ორჯერ «მოქმედ მთავარსარდალ» თანამეცხედრეს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა და უნებართვოდ (კარგი, ცოტა შევარბილოთ _ შეუთანხმებლად!) მიაწოდა ჟურნალისტს კომპრომატები. მაგრამ ამას ვინ ირწმუნებს? არც არავინ.
თუ გავიხსენებთ ორგზის მოქმედი პრეზიდენტისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არაერთ მუქარას, არ ამალაპარაკოთო, ფაქტია, რომ იგი კომპრომატებით ომზე გადავიდა და პირველ სამიზნედ არა საპარლამენტო ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელი, არამედ საპრეზიდენტო არჩევნებში კინაღამ გამარჯვებული ლევან გაჩეჩილაძე ამოიღო. ამით არამხოლოდ «გრეჩიხას» შეუნთო ცეცხლი, არამედ «ქართულ პარტიასაც» და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბურჯანაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში კიდევ ერთხელ და საჯაროდ დაიმუქრა _ «კიდევ ბევრს აუკანკალდება ხმა, ვინც დღეს ჭკუას მარიგებსო». პრინციპში სწორად გათვალა _ საპარლამენტო ოპოზიციასთან ყველაფერი გარკვეულია, ამ ფლანგზე, ანუ ქუჩაში კი ბურჯანაძის ყველაზე წონიანი მეტოქე «ქართული პარტიაა», სადაც თავი მოიყარეს მასავით სააკაშვილის «გადაგდებულმა» ერთ დროს თანამოაზრეებმა.
თუ გადავხედავთ «ქართული პარტიის» ლიდერთა ბეგრაუნდს, ნათლად დავინახავთ, რომ არც ერთ მათგანს გულზე არ ეხატება «ფოლადის ნინო ბურჯანაძე» (სააკაშვილის სიტყვებია), მაგრამ ის დროც გვახსოვს, როცა ხალხმა მიტინგზე მისულ ახლადგაოპოზიციონერებულ ქვეყნის ყოფილ მეორე პირს დაუსტვინა, სწორედ ამ «ქუჩის პოლიტიკის ავტორიტეტებმა» უშველეს. საკითხავია, რატომ? ჰო, რატომ დაუსტვინეს, გავიგეთ, მაგრამ ამათ რატომ «ჩაახუტეს» ხალხს ის ნინო ბურჯანაძე, რომელსაც, როგორც ახლა ვიგებთ, ძალაუფლების დაკარგვის დროს «კომპრომატების გუდის» წამოღება არ დავიწყნია და ენერგიულად გვიფრიალებს?
ზემოთ აღვნიშნე, რომ ქართულ პოლიტიკაში კომპრომატებით ვერავის გააკვირვებ-მეთქი და ახლა პოლიტიკური სპექტრი მუდმივი მოლოდინის რეჟიმში გადაჰყავს ნინო ბურჯანაძეს _ როდის ვის რა კომპრომატს გამოუქვეყნებს, ეს მხოლოდ მისმა თანამეცხედრემ, ბადრი ბიწაძემ იცის! მუქარა მუქარად, მაგრამ მექანიზმი უკვე «ამოქოქა» და ცალკე «ეროვნული საბჭოს» წევრები არიან დაზაფრულნი _ ახლა იმის დარდიღა აქვთ, როდის რა თქვეს ბურჯანაძე-ბიწაძის დუეტის თანდასწრებით და ჩაწერილია თუ არა ეს საუბრები ფარულად. ისიც აღელვებთ, ბურჯანაძეების გარდა, იმ «შესანიშნავი თორმეტეულიდან» კიდევ ვინმე ხომ არ აგროვებდა კომპრინფორმაციებს ფარული შეხვედრების დროს. დიდი თავსატეხი გაუჩინა თანასაბჭოელებს ბურჯანაძემ, დიდი!
ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან განურისხებია მის მკვახე განცხადებებზე ბურჯანაძის «აპერკოტულ» პასუხს და რევანშისთვის ემზადება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბურჯანაძე-ბიწაძეს ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამო «დარტყმას» უპირებს და ამის თაობაზე საკუთარ თანაპარტიელებთან კონსულტაციებიც გაიარა. თუკი ოქრუაშვილის გამოცვლილ თანამდებობებს გავიხსენებთ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა კომპრომატები ექნება. შემდეგ კი ამ «ელიტარულ შანტაჟისტებს» სხვებიც მიბაძავენ და ყველაფერი დომინოს პრინციპით მიეწყობა. აი, მერე ნახეთ სეირი!
ამ საფრთხეს ნათლად აცნობიერებენ ოპოზიციაში და ბურჯანაძეს უხეშ მესიჯსაც უგზავნიან. პირველი გაფრთხილება ამ დრომდე თავშეკავებულ ადამიანად ცნობილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილისგან მიიღო «ნინო ბურჯანაძემ თუ ვიღაც პეტრემ»: «თუ ხედავ, რომ ხალხს ატყუებენ და შენ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები გაქვს, რას ელოდები? იქნებ ფიქრობ, რომ, თუ ასეთი ადამიანი შენს გვერდით იქნება, მაშინ მოტყუვდეს ხალხი. მაგრამ, თუ დაგიპირისპირდება, აყვირდები...» _ მიმართავს უსუფაშვილი «ვიღაც პეტრეს» და ადრესატი, ბუნებრივია, ბურჯანაძეა. «ყველას ვურჩევ, თუ რაიმე დოკუმენტები აქვთ, გამოამზეურონ. რაც უფრო მალე გასუფთავდება პოლიტიკური სპექტრი ათასი ჯურის პოლიტიკოსისგან, უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის. მაგრამ, პირველ რიგში, პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს იმ ხალხისგან, ვისაც მოგონილი თუ ნამდვილი კომპრომატები უჯრაში აქვს ჩაკეტილი.
აი, ამგვარი ხალხი ანგრევს საზოგადოებას», _ ეს უკვე რესპუბლიკური პარტიის განაჩენია ბურჯანაძისთვის. ერთი ის არ უთქვამს უსუფაშვილს, მოვიკვეთოთ ეს «შანტაჟისტკა» სამუდამოდო, თუმცა რაც თქვა, სწორედ ამას ნიშნავს.
«ის განცხადებები მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძეს არ ეხებოდა, ბევრი გვარი იყო ჩამოთვლილი. ბურჯანაძემ მოკეტოს. შეიძლება დიდ შარს გადაეყაროს, იმიტომ, რომ ბურჯანაძის ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, წესით, წარსულში არ უნდა იქექებოდეს. ბადრი ბიწაძე 7 ნოემბერს სად იჯდა, რომელი ფარდის უკან და 5 იანვრის შემდეგ რას აკეთებდა, მაშინ იმასაც მოყვეს. სად იჯდა, რა, არ გვახსოვს? ჩვენი ტოლერანტობით ბოროტად ნუ ისარგებლებენ. ჩვენ მოვიყვანეთ და გვერდით დავიყენეთ, როცა უსტვენდნენ, ხალხს მოვუწოდეთ, რომ მოითმინება გამოეჩინათ მის მიმართ, ახლა თავზე ნუ დაგვასხდებიან», _ კახა კუკავას ეს სიტყვები კიდევ უფრო ნათელს ხდის ოპოზიციურ «ციებ-ცხელებას».
არა მგონია, ბურჯანაძე მაინც და მაინც კუკავას (ან ნებისმიერი პოლიტიკოსის) თავზე დაჯდომაზე ოცნებობდეს; მას უფრო შორსმიმავალი და ამბიციური გეგმები აქვს და მათი განხორციელებისთვის უკან არაფერზე დაიხევს. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, კარგად იცის, რა ხიბლი აქვს ძალაუფლებას.
სხვათა შორის კუკავამ ლევან გაჩეჩილაძის გამართლებაც სცადა და, შეიძლება ითქვას, უნიათოდ. წაიკითხეთ და თავადაც დარწმუნდებით, რომ კუკავას მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს. პირიქით, უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ გაჩეჩილაძე სააკაშვილთან გაჭირვებამ მიიყვანა: «სხვათა შორის, ლევან გაჩეჩილაძის საქმე, როგორც ადვოკატს, სასამართლოში მე მაქვს _ სახლიდან ასახლებენ: თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავს ამ საქმეს, ძალაშია შესული, რომ უნდა გამოასახლონ ლევანის სიდედრი სახლიდან _ მისი ბინა ჰქონდა ჩადებული. თავისი ბინაც ჩადებული აქვს, მაგრამ ახლა სიდედრის ბინის საქმე მაქვს სასამართლოში. 12 მილიონი თუ აიღო, სად წაიღო?!» _ გაკვირვებულია კახა კუკავა.
გაჩეჩილაძემ რომ 12 მილიონი აიღო, ეს არავის უთქვამს. ყელამდე ვალებში ჩაფლული სააკაშვილს ფულს სთხოვდა და იმან «გადააგდოო», ასე ითქვა. ამიტომაც მგონია, რომ დაცვის ამგვარი ტაქტიკით კუკავა მაინცდამაინც კარგ სამსახურს ვერ უწევს თავის კლიენტს.
ბიწაძე კი უჩვეულოდ გულახდილია და დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, რასაც აცხადებს:
«ეს ხდება შავნაბადაზე. 7 ნოემბრის მერე და საპრეზიდენტო არჩევნების მერე. ამ ლაპარაკს ვისმენ მე, ყველაფერს. «გრეჩიხა» უმტკიცებს სააკაშვილს, რომ შეუძლია «გადმოაყუდოს», ეს უქნას, ის უქნას! სააკაშვილი ეუბნება, რა გინდა, რა გაგიკეთოო? «გრეჩიხა» ამ დროს ხმას არ იღებს და, როგორც მერე ვნახე, თურმე ფურცელზე უწერდა თავის პირობებს.
«გრეჩიხა» რომ წავიდა, შევედი სააკაშვილთან და იმანაც ეგრევე ფურცელი გამომიწოდა, აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო!
რა ეწერა და ახლავე გეტყვით, რაც ეწერა. დროებით დამნიშნე პრემიერ-მინისტად 6 თვით. აი ეს ხალხი, რომელიც 7 ნოემბერს გაიწირა, მე ვალდებული ვარ ამ ხალხთან და უნდა მომცე დაახლოებით ხუთი მილიონი. მესამე პუნქტი იყო ილია ჭავჭავაძის ბანკის შექმნა, რომელშიც უნდა ჩამიდოთ საწყისი კაპიტალიო. ეს ფურცლები არსებობს და მე თქვენ ამ ფურცლებს მოგცემთ.
სააკაშვილი დაეთანხმა «გრეჩიხას» პირობებს. ჭყლოპინებდა, გახარებული იყო, ესენი ყურებით მყავს დაჭერილიო».
სხვათა შორის, მართალს ამბობს სკანდალური პუბლიკაციის ავტორი ჯაბა ხუბუა, _ ნებისმიერი ჟურნალისტისთვის «ოქროს საბადოა» ასეთი ინფორმატორი, თუნდაც იგი ინკოგნიტოდ დარჩეს.
ჩემთვის, როგორც ჟურნალისტიკაში «ხანმოთეული» ადამიანისთვის, უცხო არ არის ამგვარი ინფორმატორებისგან ინფორმაციის მიღება-დამუშავება და, როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს ხოლმე, გარწმუნებთ, ჟურნალისტისთვის მთავარია ის, რის შესახებაც ინფორმატორი უამბობს, მოხდა თუ არა! (სხვათა შორის, ეს მნიშვნელოვანია ბრალდებულისთვისაც!). უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მთავარი ის კი არ არის, აქვს თუ არა ჯაბა ხუბუას ლევან გაჩეჩილაძის ხელნაწერი, რომლის ექსპერტიზით დადასტურების შემთხვევაშიც კი ბრალდებული მხარე უკვე ექსპერტიზის გაყალბებაზე აყვირდება, ანდა მართლა გადასცა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბადრი ბიწაძეს გაჩეჩილაძის ჩამოწიკწიკებული მოთხოვნები, არამედ ის, სთხოვა თუ არა გაჩეჩილაძემ სააკაშვილს ფული! და თუ სთხოვა, რის სანაცვლოდ!
(დაპირისპირებულ მხარეებს აქვე შევახსენებ: პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა ბოდიშები ასანჟის გამო არ მოიხადეს. ისინი ამერიკელი დიპლომატების თავისუფალმა შეფასებებმა ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში. რომ არ ყოფილიყო ეს ე.წ. დახურული წერილები, ასანჟიც ვერაფერს გამოაქვეყნებდა. ასე რომ, თუ ფარულ შეხვედრებს არ გამართავენ, არც ამ კულუარული ვაჭრობის გამჟღავნების საფრთხე იარსებებს).
ამასთან, როცა ბიწაძე ჟურნალისტს «შავნაბადას შეხვედრის» (ეს, ალბათ, ის შეხვედრაა, როცა გაჩეჩილაძის ოპოზიციონერმა თანამეინახეებმა პოსტ-ფაქტუმ გაიგეს «ბატონი პრეზიდენტების» ტეტ-ა-ტეტ ღამეული შეხვედრის შესახებ და შემდეგ გაჩეჩილაძე არამხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საკუთარ «უცნობ» ძმას, «საკანშიც» უმტკიცებდა, ორი საათი ველაპარაკე და მისი ნათქვამიდან აზრი ვერ გამოვიტანეო) შესახებ უამბობდა, ის აღარ უთქვამს, რაღა მაინც და მაინც მას არგუნა ასინეთას როლი და რატომ დასთანხმდა მეორე ოთახში გასუსულ ჯდომას. სხვა არა იყოს რა, უბრალოდ, სირცხვილია, გენერალი კაცი სხვის საუბარს მალულად აყურადებდეს ჩვეულებრივი «შპიკივით». და თუ მაინც და მაინც უარი ვერ შეჰბედა პრეზიდენტს, ახლა ამის ხმამაღლა თქმის მაინც უნდა ერიდებოდეს.
რასაკვირველია, ბადრი ბიწაძის უაპელაციოდ ნდობა არ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს დაინტერესებული მეორე ნახევარია, შეხვედრისა და ვაჭრობის ფაქტის დადასტურება კი მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია _ ლევან გაჩეჩილაძეს (რაც, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან ხარაკირი იქნება, გაჩეჩილაძეს კი ხარაკირს «პარაშუტი» ურჩევნია) და მიხეილ სააკაშვილს (რაც სულაც არ არის გამორიცხული).
სხვათაშორის, შავნაბადას შეხვედრაზე ყურადღების გამახვილების დროს, უკანა პლანზე გადავიდა გაჩეჩილაძის «პადვალში» შეხვედრისა და ვაჭრობის თემა. ამ დროს, ბადრი ბიწაძის თქმით, გაჩეჩილაძე ბურჯანაძისგან სხვა ფულთან ერთად «პარაშუტს», ანუ ერთ მილიონ დოლარს ითხოვდა დამარცხების შემთხვევაში საკუთარი ოჯახის უზრუნველყოფისთვის.
ამ ვაჭრობას ბიწაძე მეორე ოთახიდან კი არ უსმენდა, სრულუფლებიანი მონაწილე იყო. მართალია, ბურჯანაძემ გაჩეჩილაძეს «პარაშუტი» არ უფეშქაშა, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტი არც ერთ მხარეს პოზიტიურად არ წარმოაჩენს. რატომ მივიდნენ დაწყვილებული ბურჯანაძე-ბიწაძე «გრეჩიხას» აგარაკზე და რა ფარულ გარიგებებს აწარმოებდნენ, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია. თუმცა ლევან გაჩეჩილაძის საეჭვო დუმილი უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამგვარი «მომეცი-გაწი ხელი» ნამდვილად გაიმართა.
მოკლედ, ხალხს ამ წინასაახალწლოდ კარგი სასეირო ამბავი მოუწყვეს. ამ ბრძოლიდან გამარჯვებული ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა, რადგან სიბინძურე, რომელსაც ერთმანეთისთვის არ იშურებენ, ორივეს გვარიანად სვრის. ასე დასრულდება ბურჯუაზიის ამაოება, რადგან ამ (უკაცრავად პასუხია და), «გავძეხი» ადამიანებისთვის სულ ერთია, რას განიცდის ხალხი; არ ანაღვებთ მათი გაჭირვება და გასავათება. მხოლოდ საკუთარ «პარაშუტებზე» ზრუნავენ!
მაგრამ, როცა ხალხზე მზრუნველის მანტიის მოსხმას გადაწყვეტენ, უნდა ახსოვდეთ, რომხალხს შეუძლია ბევრი აპატიოს, მაგრამ ყველაფერს არ აპატიებს!
არ ესმით ეს მარტივი ჭეშმარიტება თანამედროვე გააზნაურებულ მდაბიოებს და ძალიან უნდათ, ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი პატრიოტიზმად შემოგვასაღონ. ამიტომაც მგონია, რომ მათი მცდელობა მხოლოდ წინასაახალწლო სეირად ვერ დარჩება.
ვინ ისარგებლებს ამ ვითარებით და ვინ ემზადება მოსუფთავებული «პოლიტიკური ველის» დასაკავებლად, ამასაც მალე გავიგებთ.
- Get link
- X
- Other Apps
Comments
Post a Comment