მილედის ოქრო


შეურიგებლები საერთო სტრატეგიაზე შეთანხმებას აპირებენ. კარგად იციან, რომ ყველაფერზე წამსვლელ და ყველაფრის მკადრებელ ხელისუფლებას დემოკრატიული შეგონებებით ვერ ჩაენაცვლებიან. თვითონაც იქ იყვნენ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ და ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ დიდი კაბინეტებიდან გამოყოლილი ძალაუფლების სურნელი. ამიტომაც იმავე გზას დაადგნენ, რომელმაც ამბიციების დაკმაყოფილებამდე ერთხელ უკვე მიიყვანა. მაგრამ ამ პოლიტიკურ დაუდგრომლობაში ავიწყდებათ, რომ მხარზე წითელი ვარდის დამღა აქვთ და ხალხსაც კარგად ახსოვს მიშას მატარებლის ელიტარულ ვაგონში მსხდომთა აგრესიაცა და კონფორმიზმიც.

ანა ავსტრიელმა კი არადა, თერჯოლელმა ლედი ბურჯანაძემ ძვირფასი მარგალიტის ბურნუკები პარიზს გაუგზავნა ჰერცოგ ბუკინგემს კი არადა, მრავალთანამდებობაგამოცვლილ და მრავალჭირმომკერძავ ოქრუაშვილს - ერთიანი ფრონტით შევუტიოთ და ხელისუფლებაში ერთად დავბრუნდეთო! მაგრამ ამ უკანასკნელს ჯერ თავისი გასაჭირი ადგას: რა შეტევა, რამდენჯერაც ოპოზიციას შეეხვეწა, გარანტიები მომეცით, რომ მიშას ჩემს თავს ფეშქაშად არ მიართმევთო, იმდენჯერ პასუხად მიიღო - ნურას უკაცრავად, ვერაფერს შეგპირდებითო!
იცის ოქრუაშვილმა, ვისი გამოთქმაცაა “ნურას უკაცრავად!”
ამიტომ არ ენდობა მათ, მაგრამ სხვა გზაც არ აქვს. ამჯერად ორი წყალწაღებული მოეჭიდა ერთმანეთს - ძნელია თქმა, პლუსისა და მინუსის მიზიდულობასთან გვაქვს საქმე თუ განწირულთა სულისკვეთების კიდევ ერთხელ ცუდად ჩავლის მოწმენი გავხდებით, მაგრამ ფაქტია, ან ერთად გაიმარჯვებენ, ან ერთად გაემგზავრებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში. ალბათ, უფრო მეორეს უნდა ველოდოთ, რადგან, ვისაც ებრძვიან, ისინიც და ესენიც ერთდროულად დადაღეს. ერთ ქურაში გამოაწრთეს საჩინოს მოზელილი თიხისგან გაკეთებული ქოთნებივით და მერე ამ ქოთნიდან ლობიოსავით აჭამეს ხალხს დემოკრატია, რომელიც ქართული გულუბრყვილობით, მართლაც, ლობიოობა ეგონათ.
ხელისუფლებიდან საბოლოოდ ამოშანთულ ოქრუაშვილს გულწრფელობის ჭინკა შეუჩნდა და განაცხადა, რევოლუციის დროს იარაღიც გვქონდა და უკან არაფერზე ვიხევდითო. ეს კარგად იცოდა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ და ამიტომაც მიჰყვა სხდომათა დარბაზისკენ ალაყუნებულ სააკაშვილს კუს-კუსითა და პაკაპუკით. სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2004 წლის ზაფხულში თქვა მრისხანე ირაკლიმ, შარშან ამ დროს ტაბახმელაში ტყვიამფრქვევით სროლაში ვვარჯიშობდიო... ეს ისე, იმათ გასაგონად, ვისაც დღემდე სჯერა, რომ ამათ და ხალხმა აიცილეს 2003 წლის ნოემბერში დაგეგმილი სისხლისღვრა...
ახლა კი ეს ყველაფერზე წამსვლელები სისხლის დაღვრასაც არ მოერიდებიან, ოღონდ კი ისევ სავარძლებს დაუბრუნდნენ და რევანშისტული წყურვილი დაიკმაყოფილონ. მაგრამ კარგად იციან, რომ მიშა სკამს არ დათმობს... და, განა, გასაკვირია? ბურჯანაძემ ისე მოინდომა მილიონებად შეფასებული სახელმწიფო აგარაკის შეტყაპუნება, თითქოს ქვაღა აკლდა მამამისის მოგროვებული კაკლის დასამტვრევად. ორჯერ ვიყავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და, დიახ, მეკუთვნოდაო, - ისე უტიფრად განაცხადა, ძნელი მისახვედრი არ არის, რა გაიფიქრა: თუკი ჟვანიას ოჯახს ეკუთვნოდა ბინაც, აგარაკიცა და პრემიერ-მინისტრის სამისდღემჩიო ხელფასიც, რა, ჩემზე მეტი რა გააკეთა, ამ რევოლუციას აუცილებლად მეც უნდა შევეჭამე, როგორც კრონოსს თავისი შვილებიო?..
ვერ გეტყვით, აქამდე რატომ არ იცოდა მისმა ყოვლადუგანათლებულესობა ლედი ნინომ კრონოსის შესახებ და ახლა რატომ გაექცა თვალი ენციკლოპედიისკენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგად ეცოდინება რევოლუციის კანონზომიერება და ირაკლი ოქრუაშვილის ამბიციების შესახებაც სმენია, ალბათ. ბურჯანაძის თქმით, “შემთხვევითი არ არის, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ოპერატიულად გამოეხმაურა “დემოკრატიული ფრონტის” შექმნას. ირაკლი ოქრუაშვილი ძალიან კარგად იცნობს სააკაშვილს”. ლედი ნინოს ამიტომაც ჰგონია, რომ, რაც ერთხელ მიშამ აჭამა, ახლა ნინოსგანაც სულ ნება-ნება მიირთმევს “პარიზის ხიზანი”. ქართლელი ბიჭი, რბილად რომ ვთქვათ, ცოტას კი წაუტეტიავებს, მაგრამ არც ისეთი შტერია, ბურჯანაძეების ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან მოკიდებული “ქონის” ლოღნას დასჯერდეს. მისმა ამბიციებმა უცხოელთა წინაშე პირველად მაშინ გაიბრწყინა, როცა თავდაცვის მინისტრად ახალდანიშნულმა ამერიკელი ექსპერტები დაიფრინა, თქვენ მე რა უნდა მირჩიოთ, აქედან დაახვიეთო.
ბურჯანაძის ინიციატივას “დემოკრატიული ფრონტის” შექმნის თაობაზე, ოქრუაშვილის მოძრაობის გარდა, შესაძლოა, კობა დავითაშვილი თავის “ხალხიანად” და “კონსერვატიული პარტია” შეუერთდნენ, რასაც, სხვათა შორის, ადასტურებს კახა კუკავა, რომელიც არაფერს გამორიცხავს. ასეთივე “მესაჟი” სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო და, ალბათ, ისიც “ფრონტავიკი” გახდება.
ასე მოგროვდებიან ერთად ვარდდაღიანები და ერთობლივი ძალებით შეუტევენ თავიანთ ყოფილ ბელადს. ბურჯანაძე არ მალავს, რომ “შეურიგებელთა ერთიანობა მოიტანს, მართლაც, კონკრეტულ შედეგებს”, ხოლო ეკა ბესელია ხაზგასმით აცხადებს: “ოქრუაშვილი არ არის მომხრე, წარსულის წყენა გავიხსენოთ”.
ესენი მზად არიან, ჩაკოკროჭინდნენ, ოღონდ კი ძველი დიდება დაიბრუნონ, გაბითურებული ხალხის ბედი კი ზოგს ყელზე ჰკიდია და ზოგს...
როგორ დაივიწყოს ხალხმა აფრასიძეების ოჯახის ამოწყვეტა? ანდა, ადვილი დასავიწყებელია, შალიკიანის თითქმის დედიშობილა მეუღლე საქვეყნოდ რომ გაატელევიზორეს? მაშინ ოქრუაშვილის სახელი ქუხდა და ვერ წარმოედგინა, რომ დადგებოდა დრო, როცა თვითონაც ჩააცმევდნენ “ზოლიან რეიტუზებს” და ტელექუხილი ტელეჯღანაობად გადაექცეოდა! მაშინ ხალხის დასაშინებლად სჭირდებოდათ ამ შოუების დადგმა, მიაღწიეს კიდეც მიზანს და ახლა იმავე ხალხისგან მხარდაჭერას მოითხოვენ... გზადაგზა რჩეული ბიჭებიც ამოხოცეს თითო-თითოდ თუ წყვილ-წყვილად და მერე ჭირისუფალთან ადამიანურად დალაპარაკებასაც არ კადრულობდნენ!
აბა, როგორი დასავიწყებელია 7 ნოემბერი? ესეც “წარსულის წყენად” ჩავთვალოთ, სულ უბრალო წყენად? მოდი გავიხსენოთ, 7 ნოემბრის შემდეგ რა განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას: “არ შეიძლება, რომ ოპოზიციას არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეს... პასუხისმგებლობა არ მოეთხოვებათ იმ ადამიანებს, ვინც ამდენ ხალხს კრებს, ვინც მერე ქუჩას კეტავს, ვინც კანონს არღვევს? შეიძლება ყველაფერი სხვას გადააბრალო?
ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თითეულმა თქვენგანმა მართლაც უყუროს პროცესებს, თუ როგორ და რას ვაკეთებთ, რამდენად სამართლიანად ჩატარდება ეს არჩევნები და მერე მართლა დაგვეხმარეთ იმაში... თუ გავაყალბებთ, მზად ვარ, პასუხი ვაგო. მაგრამ არ ვაპირებთ არც მე და არც ჩემი მეგობრები არჩევნების გაყალბებას...”
როცა ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, ლედი ნინოს ნაციონალები ხელისგულზე ატარებდნენ, შემდეგ კი, მეორედ გაპრეზიდენტებულმა მიშამ ხელისგულები კარგად დაიფერთხა და ნინოც გამწარდა, ახლა არ ამალაპარაკოთო... მიშა გადაფიჩინდა, მაგას რაღა აქვს სათქმელი, ნეტა, რით გვაშინებსო და, “წიწაკაანთ მაგდანას” მოთხოვნას მოწყალე დასტურით უპასუხა, შენი ფეშქაში იყოსო - აგარაკზე გაისტუმრა... ლედი ნინო ამ აგარაკზე ცხოვრობდა, მისი ფასიც კარგად იცოდა და არც აქტიურობას აპირებდა, ვიდრე სამშობლომ თუ ინტუიციამ არ უხმო. საამისოდ კარგი დროც დაუდგა - 2008 წლის აგვისტოს ომში მთავარსარდალი სააკაშვილი გორში მთელი ქვეყნიერების წინაშე სამარცხვინოდ წამოიპლაკა და ლედიმაც მხარი მოიშიშვლა ოკენისგაღმელი პატრონების დასანახად, “რევოლუციური ტრიოს” წევრი ვარ, აგერ დამღა და მიმსახურეთო.
მიტინგებიც გაიმართა და კარვებიც გაიშალა, მაგრამ “კოკობმა ვარდებმა” ვერ ივარგეს, მათივე ხელშეწყობით გაფურჩქნულ სააკაშვილს ვერ აჯობეს, რადგან ზოგს “ზელიონკაში” ამოვლებული ბოლო უჩანდა, ზოგი მურაბიან კოვზს ლოკავდა, ზოგსაც, უბრალოდ, ვანოს გადმოგდებული ძვალი ეჭირა კბილებით...
ახლა ლედი ნინოს სხვა გზა აღარ დარჩა და შეურიგებელთა ერთობას უყრის საფუძველს - მარგალიტის ბურნუკები შეარხია და ოქროც მასთან გაჩნდა!
ბენდუქიძემ კი თქვა, სინდისის გარდა ყველაფრის გაყიდვა შეიძლებაო, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველო ამ მხრივაც ძალიან დაიჩაგრა - ჩვენი პოლიტიკოსებისთვის ეს მიუწვდომელი კატეგორიაა!
რას ვიზამთ, ამ ქვეყანაში კიდევ დიდხანს მოგვიწევს ვარდის სურნელით ტკბობა, რადგან ვარდდაღიანები თავს არ დაგვანებებენ, ვიდრე მიშას “გმირობის” შემდეგ რაც დაგვრჩა, იმასაც თავიანთ აგარაკად არ გადააქცევენ!
მერე კი, როცა აქაურობა მობეზრდებათ, პარიზში წავლენ და კრუასანებსა და ყავას მიირთმევენ... თუ საერთოდ მოგვიძულეს, ქვეყანას ისე გაატყავებენ, რომ ნათურასაც აღარ დატოვებენ, ისე, როგორც წყნეთის აგარაკზე იკადრა მილედიმ!
ასეთი საქართველო შეგვრჩება, თუ გონებას არ მოვუხმეთ და მილედისა და მისი ოქროს გადმოგდებულ კრუასანს დავხარბდით - ეს ვითომ შეურიგებლები კრუასანს შეგვარგებენ? მოვა ირაკლი და ხალხის კვნესა-კრუსუნი მერე ნახეთ! პროფესიონალი “გამპრავებელიც” იქვე ეყოლება მილედის სახით - მთელი ოთხი წელი სახელმწიფოს მთავარ ნოტარიუსად მუშაობდა, მისი სიხარბის საწყაოს კი რა აავსებს...
ეს უბედური და ლობიოს მიჩერებული ხალხი კი, თუ კიდევ ერთხელ მიირთმევს უკვე არაერთგზის მირთმეულს, მაშინ უარესის ღირსიც ყოფილა - გემოს მაინც მიჩვეულია და დიდად არც ეუცხოება!

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?

რით განსხვავდება ჟურნალისტიკა პროპაგანდისგან?