რა არის სიმართლე ჟურნალისტებისთვის?
![]() |
ჟურნალისტებიც ჟონგლიორობენ |
იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის სიმართლე ჟურნალისტებისთვის, ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, ვის ეკუთვნის მედიასაშუალება, რომელშიც ეს ჟურნალისტები მუშაობენ, ანუ ვის ინტერესებს ემსახურებიან.
სხვადასხვა ვარიანტის განხილვა შეიძლება:
1. ეს არის სამთავრობო ან პარტიული
მედია, ანუ წმინდად პროპაგანდისტული საქმიანობა, რომელიც ჟურნალისტურ საფარველქვეშ
იმგვარად წარიმართება, რომ მაყურებელს ან მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს
ჟურნალისტი ობიექტურად ასახავს სინამდვილეს, ანუ სიმართლეს ამბობს. ამ დროს ჟურნალისტისთვის
მნიშვნელოვანია პროპაგანდის ხერხების ოსტატურად გამოყენება. ასეთი ჟურნალისტები საქართველოში
არსებობენ, მაგრამ ჩვენთან „ყველამ ყველაფერი იცის“ და არაფერი იმალება. შესაბამისად,
ვისაც რის დაჯერება უნდა, იმას იჯერებს.
2. ეს არის მთავრობისგან დამოუკიდებელი
მედიის გადაქცევა კონკრეტული სიტუაციის მძევლად საკუთარი სურვილით.
საინტერესო მაგალითს განიხილავენ ბილ კოვაჩი და ტომ როზენსტილი წიგნში "ჟურნალისტიკის ელემენტები".
მინისტრ მაკნამარას ტყუილი, რომლითაც მან ორჯერ „გააბრუა“ ჟურნალისტები და მათაც, თავის
მხრივ, მაყურებელს და მსმენელს „მაკნამარას
სიმართლე“ მიაწოდეს, ჩემთვის სულაც არ ყოფილა დიდი მოულოდნელობა. ძნელი სავარაუდოა,
რომ ისეთი გამოცდილი ჟურნალისტები, რომელთაც მაკნამარა ვიეტნამში იახლებდა (მე ვიცი,
როგორი კვალიფიკაციის ხალხია აკრედიტებული პენტაგონში), იმდენად გულუბრყვილონი ყოფილიყვნენ,
რომ სიმართლე არ სცოდნოდათ. აქ საინტერესო ის არის, რომ, მიუხედავად დამოუკიდებლობისა,
ამ ჟურნალისტებსაც და მათ რედაქტორებსაც არაფერში სჭირდებოდათ სრული სიმართლის სამზეოზე
გამოტანა, რადგან ეს სიმართლე არა მხოლოდ აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციისთვის (ვითარება
წარმოიდგინეთ - კენედი მოკლეს და ვიცეპრეზიდენტმა დაიკავა სავარძელი), არამედ მთელი ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემა იქნებოდა,
ხოლო როცა გამოქვეყნდა, 10 წლის შემდეგ, აღარც ჯონსონი იყო და აღარც მაკნამარა. ხელსაც
კარგად შეახოცავდნენ.
ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა „ჟურნალისტიკის
ელემენტებიც“ და მაგალითებიც - ფართო დისკუსიის
საფუძველს იძლევა, მაგრამ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია: „ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა,
უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს“. და, აი, რატომ:
მაკნამარა იქით იყოს (არის კიდეც,
სადაც არის), და ჩვენი, ქართული მაგალითი მოვიყვანოთ.
2002 წელს ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა
ინფორმაცია პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების არსებობის შესახებ. მეორე დღეს ეს ინფორმაცია
და სიუჟეტი ყველა რუსულმა ტელეარხმა აიტაცა
და რუსებმა დაბომბეს კიდეც ახმეტის რაიონის სოფლები. ერთი ადამიანი გარდაიცვალა
და რამდენიმე დაიჭრა - მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ტყეში შეშის დასამზადებლად
იყვნენ წასულები.
იმავე დღეს, პრეზიდენტის პრესსამსახურის
უფროსის მოადგილის ინიციატივით, პრეზიდენტის პრესმდივანი და უშიშროების საბჭოს მდივანი
დახურულ რეჟიმში შეხვდნენ ყველა ტელევიზიის და გაზეთის ხელმძღვანელებს (დიახ, ხელმძღვანელებს
და არა - ჟურნალისტებს), გააცნეს მათ არსებული ვითარება და სახელმწიფოს წინაშე არსებული
პრობლემები. არაფერი უთხოვიათ და, მით უფრო, არაფერი დაუვალდებულებიათ. იმავე დღეს
შეწყდა ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა და ხელისუფლების დამუნათება.
სად გაქრა სიმართლე ბოევიკების შესახებ?
სად და, - ჩაიკარგა „მაკნამარას ქაღალდებში“.
აი, ეს არის სიმართლე ჟურნალისტებისთვის.
როცა სახელმწიფო ინტერესებს სჭირდება
და ამ ინტერესებს მედიამფლობელებს გაააზრებინებ, მაშინვე აღარავის აინტერესებს სიმართლე
ჟურნალისტებისთვის.
ამ შემთხვევაში ყველამ შეძლო „ფაქტების
სწორად გაგება“.
ისევე, როგორც ყველას ესმის, რომ კუმურდოში
ხაჩკარის აღმართვის მცდელობის და მოსახლეობის დაპირისპირების შესახებ პუბლიკაციის მომზადებისას
დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა ჟურნალისტურმა სიმართლემ არ დააზიანოს უფრო დიდი ღირებულება
- ეროვნებათშორისი ურთიერთობა, არ გააღვივოს შუღლი და არ გამოიწვიოს სისხლისღვრა.
საინტერესოა ჰაიტელი ემიგრანტის აბნერ
ლუიმას მაგალითიც, როგორ გამოიყენა მან ჟურნალისტები საკუთარი „სიმართლის“ გასავრცელებლად.
სად იყო თუნდაც იმ რედაქტორის პროფესიონალიზმი, ვინც მისი ინტერვიუ გამოაქვეყნა?! თურმე
ჯულიანის თემაზე არ ესაუბრნენ პოლიციელები და ეს მერე აღიარა, მაგრამ ის პოლიციელები,
რომლებიც ვითომ ესაუბრნენ, ხომ დაისაჯნენ? ამ ერთმა „უმნიშვნელო“ ტყუილმა ხომ გამოიწვია
დიდი არეულობები? და ვინ აგო პასუხი ამის გამო? ჟურნალისტი დაისაჯა? არა, ის რა შუაში
იყო, ასე თქვა ჰაიტელმა ემიგრანტმა და ჟურნალისტი ხომ არ დამალავდა?!
ასე მოხდა ამ გაზაფხულზე ბათუმშიც,
როცა ქუჩა გადაწვეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობის
თავიდან ასაცილებლად დასჭირდა პოლიციის უფროსის დადანაშაულება, რომ მან აჭარის მოსახლეობას
„თათრები“ უწოდა.
უწოდა კი? საკუთარი ყურით არავის გაუგონია,
მაგრამ ჟურნალისტებმა ხომ აიტაცეს? ხომ მოსდეს ქვეყანას, ხომ გააგიჟეს ხალხი და ხომ
დაიზაფრა მთელი საქართველო იმ ღამით? ვინმემ აგო პასუხი? ვინმემ იმსჯელა? ამ ტყუილის
გავრცელების გამო ვინმეს პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა? არ დამდგარა.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა,
ვინ ინტერესებს ემსახურება მედიასაშუალება
და ჟურნალისტი. ამის მიხედვით, ძნელი მისახვედრი აღარ იქნება, რა არის მისთვის
სიმართლე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამაჯერებლობა.
თუმცა ამის შესახებ დასაწყისში აღვნიშნე: დამაჯერებლობა ყველაზე მეტად პროპაგანდისტულ
„სიმართლეს“ სჭირდება.
ვის უნდა უერთგულონ ჟურნალისტებმა?
რომ ვიცოდე, ვისთვის არის ეს საინტერესო,
უფრო კონკრეტულად დავწერდი და არა ზედაპირულად - პროფესიას და ხალხს, ან ტრაფარეტულად
- სიმართლეს.
სამწუხაროდ, ჟურნალისტები საქართველოშიც
და ყველგან ემსახურებიან დამქირავებელს, სხვა დანარჩენი ლირიკაა. და კეთილი სურვილები.
სიმართლე ორი საშუალებით მოწმდება.
ეს არის ფაქტებთან შესაბამისობა და თანმიმდევრულობა.
მე ასეთი მხოლოდ ერთი ჟურნალისტი ვიცი
საქართველოში, და მასაც არ აქვს პროფესიული ჟურნალისტური განათლება. როდესაც ნინო მიქიაშვილი
მუზეუმების თემაზე ამზადებს გადაცემას ან წერილს, ყველა ფაქტს დეტალურად ამოწმებს და
იმდენად თანმიმდევრულია, რომ სამუზეუმო სფეროს სპეციალისტებიც კი აღიარებენ მის მაღალ
კვალიფიკაციას და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამთავრობო კომისიაშიც კი მიიწვიეს
სამუშაოდ.
ამ შემთხვევაში სურვილი გიჩნდება ადამიანს,
მართლაც გაარკვიო, იქნებ დროის ფუჭი ფლანგვაა ჟურნალისტიკის სკოლებში სწავლა?
ჟურნალისტების დიდი ნაწილი არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ჟურნალისტობის
სწავლა შეიძლება, სამსახურია.
თურმე სიმართლის ფუნქციაა, ნათელი
მოჰფინოს დამალულ ფაქტებს.
მაგრამ როგორ?!
რა მოხდა? - ამის გარკვევა ერთი
შეხედვით ადვილია, მაგრამ როგორ მოხდა, ეს უკვე ინტერპრეტაციის თემაა, ხოლო რატომ მოხდა,
ეს საერთოდ დიდ გასაქანს აძლევს ფანტაზიას.
ჩემთვის კი სიმართლე ის არის, რომ
ჩვენც ფანტაზიორები და ჟონგლიორები ვართ!
23 ოქტომბერი, 2017 წელი
23 ოქტომბერი, 2017 წელი
Comments
Post a Comment