ჭაბუა ამირეჯიბის ეპოქა, როგორც დიდი გაფრთხილება
2001 წელს იაპონიაში მიგვიწვიეს ჟურნალისტები ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოებიდან (ასე უწოდებდნენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს). საქართველოს მე წარმოვადგენდი. მიწვევიდან გამგზავრებამდე ორი თვის მანძილზე უამრავი ანკეტა შევავსე და თან გულმოდგინედ ვემზადებოდი, საჩუქრებს ვეძებდი. ორკვირიანი ვიზიტის დროს მიღებები უმაღლეს დონეზე იმართებოდა და არც ის მინდოდა, რომ ჩემი სამშობლო ცუდად წარმოჩენილიყო და არც მეტიჩრობაში ჩამოერთმიათ ჩემი გულუხვობა. მოკლედ, იაპონელი მასპინძლებისთვის საქართველოს წარმოჩენას მაქსიმალურად ვეცადე. სამხატვრო აკადემიიდან რამდენიმე საკურსო თუ სადიპლომო ნამუშევარიც (პატარა ფარდაგი, ნაქსოვი ხელჩანთები, თიხის ნაკეთობები, ჭედურობა...) კი გამატანეს. შევიძინე "ქართული ხმების" ჩანაწერების დისკები, საგანგებოდ ჩამოსხმული ქართული ღვინო და უზარმაზარი ჩემოდნით გავემართე ქვეყნის დასალიერში.
მზის მასპინძლების თავაზიანი მასპინძლობა არც თქვენ გაგაკვირვებთ და მე რაღა გამაოცებდა, იმდენი რამ წავიკითხე წასვლამდე. პირველად იაპონიის საერთაშორისო პრესცენტრის ხელმძღვანელს (გაეროში იაპონიის ყოფილი ელჩი), გამოცდილ დიპლომატს შევხვდით. გაიმართა შეხვედრები სამინისტროების, პრეფექტურების, მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელებთან, ერთი დღით კი ჩვენი თავი იაპონელების ოჯახებს "აჩუქეს" ჩვენთვის იქაურობის უკეთ შესაცნობად. გამიმართლა და არამარტო შეძლებული, არამედ დიდებული წარსულის ოჯახი "შემხვდა". მათ სახლში ისტორია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. ეს იყო ბანკირების ოჯახი, რომლის თითოეული წევრი ამაყობდა დიდებული წინაპრების საბრძოლო წარსულით და მოწიწებით მიჩვენებდა უძველეს ხმალს, რომელიც საგანგებოდ დაებრძანებინათ საპატიო ადგილზე იაპონური ტრადიციის მიხედვით გაწყობილ ოთახში (ბარემ აქვე შევნიშნავ, რომ პატივისცემის ნიშნად სწორედ ამ ოთახში დამიგეს ლოგინი იატაკზე). ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით უძველესი დედაქალაქი ნარაც ვნახე ჩემი მასპინძლების შესაძლებლობების გამო. საღამოს კი ქართული სიმღერები ჩართო ევროპულ მისაღებში (მე დავარქვი ასე) და ქართული ღვინის ბოთლს წაეტანა გასახსნელად. უცებ გაირინდა და შემომხედა. გაოცებული მიყურებდა და მერე ხმადაბლა, ისე, რომ სიმღერა არ გადაეფარა, თითქმის ჩურჩულით მკითხა, - "შენს სამშობლოში ასე მღერიან?" დავუდასტურე და ღვინის დაგემოვნების შენდეგ კიდევ ერთხელ გაოცდა, - "შენს სამშობლოში ასეთ ღვინოს სვამენ?" ვუთხარი, რომ საქართველოში თითქმის ყველა მღერის (კიდევ კარგი არ მთხოვა, წაიღიღინეო. :) ), კარგი ღვინით კი ნებისმიერი ოჯახი იწონებს თავს...
მოკლედ, საჩუქრებს თავმომწონედ ვარიგებდი და ჩემოდანს ვაცარიელებდი. ზოგს ქართულორნამენტებიანი ფარდაგი შეხვდა, ზოგს ხელჩანთა, ზოგს - ჭედურობა და ზოგსაც - თიხის სასმისი. თიხით იქ ვის გავაკვირვებდი, მაგრამ ქართული სასმისები იყო და ამით გამორჩეულიც. ღვინო ბევრს ვერ ვარგუნე, სიმღერების დისკები კი, იცოცხლეთ, უხვად გავეცი.
მაგრამ იყო ერთი მაგრამ...
არ ვიცოდი, ვისთვის მეჩუქებინა წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი წავიღე (საერთოდაც მხოლოდ ის ერთი ეგზემპლარი მქონდა ჩემს ბიბლიოთეკაში). მთელი ვიზიტის განმავლობაში ვაკვირდებოდი მასპინძლებს და ვფიქრობდი, ექნებოდა თუ არა აზრი მის ჩუქებას, გაიგებდნენ თუ არა, რას ნიშნავდა ეს საჩუქარი, რატომ მაინცდამაინც ეს და არა სხვა...

ახლა, როცა ამ ჩანაწერს კითხულობთ და სურათიც ნახეთ, ადვილად მიხვდებოდით, რომ ერთადერთი წიგნი, რომლის წაღებაც აუცილებლად მივიჩნიე, იყო ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", რუსულენოვანი სასაჩუქრე გამოცემა, ავტორისეული თარგმანი.
ახლა ეს ყველაფერი რატომ მოგიყევით.
სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი თვე იქნებოდა გასული, რომ მოულოდნელად დამირეკა ჩემმა იაპონელმა მასპინძელმა, რომელსაც წიგნი წაეკითხა, და გაოგნებულმა მკითხა ავტორის შესახებ. როდესაც ვუპასუხე, რომ ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი ჩვენი თანამედროვეა, თბილისში ცხოვრობს და კვლავაც აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, აი, რა მითხრა: "თქვენ ბედნიერები ხართ, რომ ასეთი გენიოსის ეპოქაში ცხოვრობთ, მისი თანამედროვეები ხართ, მისი შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობა გაქვთ და მასთან უშუალოდ საუბარი შეგიძლიათ. მე ამ ნაწარმოებით არამხოლოდ თქვენს ქვეყანაზე შემექმნა წარმოდგენა, არამედ ბევრ ისეთ საკითხზეც დამაფიქრა, რასაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი. ვეცდები ჩემს ყველა მეგობარს გავაცნო ეს შედევრი".
აი, ასე: ჩვენ ჭაბუა ამირეჯიბის ეპოქის შვილები ვართ, ეპოქის, რომელიც დაგვიტოვა, როგორც დიდი გაფრთხილება.
Comments
Post a Comment