რით განსხვავდება ჟურნალისტიკა პროპაგანდისგან?
ჩვენს დროში იმდენად არეულია ყველაფერი, რომ ძნელი გასარჩევია,
სად მთავრდება ჟურნალისტიკა და სად იწყება პროპაგანდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან
ჩვენთან პრაქტიკულად არ არსებობს პარტიული მედია, როგორც ეს იყო გასული საუკუნის
90-იან წლებში, როცა მხოლოდ სახელმწიფო პრესა და ტელევიზია დომინირებდა და ორიოდ თავისუფალი
გაზეთი და ტელევიზია ვერ ახერხებდა გავლენის მოპოვებას. ამიტომაც, პარტიებმა დაიწყეს
საკუთარი გაზეთების გამოცემა და პარტიული პროპაგანდის ტირაჟირება.
ბევრს ალბათ აღარ
ახსოვს, რომ 1992 წლის იანვარში, სახელმწიფო გადატრიალების გზით ძალაუფლებას დაპატრონებულმა
სამხერდრო საბჭომ, პრაქტიკულად გააუქმა სახელმწიფო გაზეთები და რედაქციებს სრული თავისუფლება
მისცა. სახელმწიფომ მხოლოდ ტელევიზია და რადიო დაიტოვა ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო
კომიტეტის სახით. ახლაც თვალებიდან არ ამომდის მაშინდელი გამოცდილი და პარტიულ პროპაგანდაში
გამობრძმედილი ჟურნალისტების დაბნეულობა. დაახლოებით ისეთი, როგორი გაურკვევლობაც დაეუფლათ
მოსამართლეებს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, როცა
ახალი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს - იურისტ მანანა კობახიძეს ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ,
თუ ვინ იქნებოდა ახალ ხელისუფლებასთან მათი „საკონტაქტო პირი“, ანუ ვინ გადასცემდა
ხელისუფლების დავალებებს თუ სურვილებს.
ერთპარტიული დიქტატურის
მმართველობის პირობებში პრაქტიკულად არ არსებობს თავისუფალი ჟურნალისტიკა და შეუძლებელია
ერთმანეთისგან გაარჩიო სახელმწიფო და პარტიული პროპაგანდა. ამ დროს განსაკუთრებული
ფასი ედებათ დამოუკიდებელად მოაზროვნე ადამიანებს, რომელთაც შეძლიათ სამართებლის პირზე
გაიარონ და ალეგორიული ფორმებით ან მინიშნებებით მიაწოდონ მართალი ინფორმაცია მაყურებლებს
თუ მკითხველებს.
რამდენიმე ფაქტის
გახსენება თვალნათელს გახდის მათ შორის განსხვავებას.
ზემოთ რედაქციების
განთავისუფება ვახსენე და ამ საკითხს მაინც მივუბრუნდები. მედიის მკვლევარებს მომავალშიც
არაერთხელ მოუწევთ ამ თემის სიღრმეებში ჩაწვდომა. ისევე, როგორც იმის გახსენება, თუ
როგორი ქაოსი და გაურკვევლობა გამოიწვია 1991 წელს ყველა სახელმწიფო გაზეთის ერთ დიდ
გაზეთად გადაკეთების და ჩანარტების მომზადების შესახებ გადაწყვეტილებამ. ანუ სახელმწიფოს
უნდა ჰქონოდა ერთი უზარმაზარი გამოცემა, რომელშიც კვირაში ერთხელ ჩაიდებოდა „სოფლის
ცხოვრება“ თუ „ახალგაზრდა ივერიელი“ ჩანართის სახით.
დღევანდელი ახალგაზრდა
ჟურნალისტებისთვის ალბათ დინოზავრებად მოჩანან ის ჟურნალისტები, ვინც დამოუკიდებლობის
მოპოვების წინა თუ შემდგომ პერიოდში საქმიანობდნენ და, სხვათა შორის, დღევანდელებისგან
განსხვავებით, ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. მათ შორის იყვნენ პარტიული პროპაგანდისტები და ასევე სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ შინაგანად თავისუფლალი
ადამიანები, ვისაც შეეძლო პარტიულ-პროპაგანდისტულ მარწუხებშიც კი წმინდად ჟურნალისტური
პროდუქტი შეექმნა.
ფაქტები არ დამვიწყებია.
მაგალითად,
1989 წლამდე „თბილისის“ რედაქტორი იყო არჩილ გოგელია (შემდგომ იგი სახელმწიფო ტელევიზიის
ხელმძღვანელად დანიშნეს). „თბილისი“ კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის და საქალაქო
საბჭოს აღმასკომის გაზეთი იყო. გადახედეთ მაშინდელ კომპლექტებს და გაოცდებით, თუ როგორ
ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს პარტიული პროპაგანდა და დედაქალაქის ცხოვრების ამსახველი
ნამდვილი ჟურნალისტური შედევრები - რეპორტაჟიდან ფელეტონამდე. მაშინ სრულიად ახალგაზდა
ჟურნალისტები თამარ ჩიქოვანი და ხათუნა მაისაშვილი პარტიული პროპაგანდისტები იყვნენ?!
რასაკვირველია, არა! პაატა ნაცვლიშვილი იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი.
გადაფურცლეთ მაშინდელი „ახკომი“ და... გაოცდით! პაატას ვინმე დასწამებს კომუნისტურ
სულისკვეთებას?! ყველაზე უკანასკნელი არამზარდაც კი დაიმორცხვებს... და კიდევ რამდენის
დასახელება შეიძლება... ბევრის!
ასე რომ, როდესაც
ჩვენ ვსაუბრობთ პროპაგანდასა და ჟურნალისტიკას შორის განსხვავებაზე, აუცილებლად უნდა
გავითვალისწინოთ დრო და პარტიული წნეხის მასშტაბები, თორემ ასე ხელაღებით შესაძლოა
გიორგი ლეონიძეც „შემოგვეკრიტიკოს“ - მისი „ბელადის ბავშვობა და ყრმობა“ დავიხვიოთ
ხელზე და „ყივჩაღის პაემანი“, „ნატვრის ხე“ თუ სხვა არაერთი შედევრი საგულდაგულოდ
„დაგვავიწყოს“ უსამანო მაქსიმალიზმმა.
იმ დროიდან მაგალითების
მოყვანით აღარ გადაგღლით, თუმცა იმდენად საინტერესო ეპოქა გამოიარა ჩვენმა თაობამ,
იმდენ რამეს შესწრებია, იმდენი მოვლენის მომსწრენი და მონაწილენიც კი ვყოფილვართ, სხვა
ქვეყნის ჟურნალისტებთან პროფესიულ სტანდარტებზე საუბრისას აშკარა უპირატესობა გვაქვს. ისევე, როგორც დღევანდელებთან.
თქვენ წარმოიდგინეთ,
როდესაც ახალგაზრდა ჟურნალისტი ცდილობს ლიბრი გადაგვაკრას და სიუჟეტი თუ ინტერვიუ ისე
წარმოგვიდგინოს, თითქოს ობიექტურობის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, რას ვგრძნობთ ჩვენ
- „დინოზავრები“...
ეს ვრცელი გახსენება
იმისთვის დამჭირდა, რომ მკითხველმა ნათლად წარმოიდგინოს, ჩვენი თაობის ჟურნალისტებისთვის
რამდენად ადვილია ჟურნალისტიკასა და პროპაგანდას შორის ზღვარის გავლება, ანდა... წაშლა!
დღეს მედია თითქოს
თავისუფალია, მაგრამ სინამდვილეში ეს თავისუფლება მოჩვენებითია. ყველა გაზეთი, ტელევიზია
თუ რადიო დამოკიდებულია გამომცემელსა და მეპატრონეზე. თავისუფალი ის ჟურნალისტია, რომელსაც
შეუძლია გაზეთის დამფუძნებლის შვილზე, თუკი ის დანაშაულს ჩაიდენს, ისევე მოამზადოს
წერილი, როგორც ვთქვათ, დეპუტატის ან ბიზნესმენის შვილზე მოაზადებდა, და ცენზურის გარეშე
გამოაქვეყნოს. ცენზურაში, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ რედაქტირებას. გინახავთ ასეთი
წერილი ან სიუჟეტი? ვერ ნახავდით, რადგან ასეთი არ არსებობს!
და ასე მხოლოდ ჩვენთან
არ ხდება. უარესი ვითარებაა, მაგალითად თურქეთში, სადაც ყველა ის გაზეთი დახურეს და
ყველა ის ჟურნალისტი დააპატიმრეს, ვინც თუნდაც გადაკვრით რამე აუგი დაწერა პრეზიდენტ
ერდოღანსა თუ მის შვილზე, მათ ბიზნესინტერესებზე. თუმცა, იქაური ჟურნალისტებიც ვერაფერს
წერენ და ამბობენ გამომცემელ-მეპატრონეთა შვილებზე.
ჟურნალისტიკისა
და პროპაგანდის შედარებისას ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტის დამოკიდებულება წყაროებთან
და მოვლენებთან, ასევე აუდიტორიასთან. ამ მხრივ
არანაკლებ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ჟურნალისტებით მანიპულირება. ვითომ თავისუფალი
ჟურნალისტები, ხშირად გამოუცდელობით, ისეთ წყაროებს ეყრდნობიან, რომელთა პატიოსნებაში
დარწმუნებული არ არიან, მაგრამ „სხვას დავასწროს“ პრინციპი აქაც იმარჯვებს და საბოლოოდ
მკითხველი თუ მაყურებელი რჩება მოტყუებული. შეგნებულად სიცრუის გამავრცელებელი კი ჩვეულებრივი
პროპაგანდისტია და ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. ამ დროს თავის მოკატუნება, რომ ის
თავისუფალი ჟურნალისტია, ისეთივე სიმართლეა, როგორც მის მიერ გავრცელებული ესა თუ ის
ვერსია.
გაზეთი „საქართველოს
რესპუბლიკა“, სადაც მე 9 წლის განმავლობაში ვმუშაობდი პასუხისმგებელ მდივნად და მთავარი
რედაქტორის მოადგილედ, ოფიციოზად იწოდებოდა და ყველა ნომერი გაჟღენთილი იყო მაშინდელი
ხელისუფლების პროპაგანდით. ჟურნალისტებიც, ვინც პოლიტიკურ თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
სხვა თემებზე წერდნენ, ბუნებრივია, იმ იდეების პოპულარიზაციას ვახდენდით, რომელიც მაშინდელ
პრეზიდენტს ჰქონდა. ამას ყველა შეგუებული იყო. მაგრამ შედგომი ოფიციოზის - გაზეთ
„24 საათის“ ჟურნალისტები, რომლებიც 2003 წლამდელ მოვლენებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული,
უკვე 2004 წელს აცხადებდნენ, რომ ისინი ოფიციოზს,
ანუ ხელისუფლებას არ ემსახურებოდნენ. სწორედ ამის გამო, რედაქციაში სტუმრობისას, ხუმრობით ვუთხარი მათ, რომ
ნახევრად ორსულობა არ არსებობს და თუ 2003 წლამდე მხარში ედგნენ ე.წ. რევოლუციონერებს,
კეთილი ენებათ და მათთან ერთად გაეზიარებინათ პასუხისმგებლობა იმაზეც, რაც მათი ხელისუფლებაში
ყოფნის დროს მოხდებოდა.
მაგრამ ოფიციოზში
მუშაობის დროს ერთგვარად თავის სამართლებლად გამოდგება მეგი გალაჰერის სიტყვები, რომელიც,
დარწმუნებული ვარ, არაერთ ჩვენებურ პროპაგანდისტსაც წარმოუთქვამს: „მე ჩემს მკითხველს
ისეთს არაფერს ვეუბნები, რის სინამდვილეშიც დარწმუნებული არა ვარ“. ასეა ყოველთვის
- განა ვინმეს ოდესმე ეჭვი შეპარვია, რომ ცნობილი პუბლიცისტი და ფელეტონისტი - „პრავდისტი“
აგრანოვსკი ანდა „ფოლკიშერ ბეობახტერის“ რომელიმე მიმომხილველი დარწმუნებული არ იყო
იმაში, რაშიც, თავის მხრივ, მკითხველებს არწმუნებდნენ?!
პროპაგანდის ხიბლიც
სწორედ ეს არის - ჯერ პროპაგანდისტი უნდა დარწმუნდეს და შემდეგ ის მთელი თავისი ნიჭიერებით
შეეცდება სხვების, მასების დარწმუნებას.
ჟურნალისტიკა კი
სხვა რამეა - ჟურნალისტისთვის მთავარი სიმართლეა: რაც საკუთარი თვალით ნახა, რაც რამდენჯერმე
გადაამოწმა, მხოლოდ ბალანსის გამო არა, მკითხველის თუ მაყურებლის წინაშე თავის მოსაწონებლადაც
არა, საკუთარი თავის წინაშე მართალი რომ იყოს, იმიტომ!
დღეს რამდენ ჟურნალისტს
შეუძლია თქვას, რომ არ ეთანხმება ვიღაცის პოლიტიკურ პოზიციას, მაგრამ თავს ვალდებულად
თვლის, რომ სამართლიანი იყოს იმათ მიმართ, ვისაც არ ეთანხმება?! არა მგონია, ბევრმა
მოახერხოს თავის მოწონება. ამ სტრიქონების ავტორი კი, როცა გენერალ გოგი თათუხაშვილის
ვაჟი, პროკურატურის დაცვით უზრუნველყოფილი შალვა თათუხაშვილი გარდაიცვალა, მწვავედ
გამოეხმაურა მის უდროოდ სიკვდილს და ხელისუფლებას არამარტო გარდაცვალების გარემოებების
გარკვევა, არამედ დამნაშავეთა დასჯაც მოსთხოვა.
თუკი პროპაგანდისტი
მთლიანად დამოკიდებულია იმათზე, ვისაც აშუქებს, ჟურნალისტმა, პირიქით, დამოუკიდებლობა
უნდა შეინარჩუნოს სწორედ იმათგან, ვისაც აშუქებს. ჟურნალისტიკის ეს, მეოთხე ძირითადი
პრინციპი საქართველოში იგნორირებულია. მხარდაჭერა და დამოკიდებულება მაქსიმალური კონსპირაციის
პირობებშიც კი თავს იჩენს ჟურნალისტიკაში. ამიტომ ვამბობ, რომ პროპაგანდის სხვადასხვა
ხერხებს მიმართავენ - დაბალანსების ენისა და ფორმების გამოყენებით იმგვარად მანიპულირებენ,
თითქოს ეს-ესაა გამოვიდნენ კუზანოვის კლინიკიდან, სადაც საქალწულე აპკი (უკვე მერამდენედ!)
აღიდგინეს. არადა, პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში საქალწულე აპკის აღდგენა შეუძლებელია!
ავიღოთ, თუნდაც,
ცნობილი ჟურნალისტების მონაწილეობა სამოქალქო აქტივობებსა და სხვადასხვა თოქ-შოუებში.
ვინმე იტყვის, რომ ისინი კონკრეტულ მოსაზრებას ან იდეას არ ლობირებენ?! ჩვენთან მიღებულია,
რომ, როცა პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ სახელმწიფო და სახელისუფლებო
პროპაგანდა. მაგრამ რა ვუყოთ ყოფილ ხელისუფლებას - ნაცმოძრაობას და „რუსთავი 2“-ს?!
(გეგონათ, დამავიწყდა?) ეს ტელევიზია ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას (მანამდეც)
და დღესაც მთლიანად ამ პარტიის პროპაგანდას ეწეოდა და ეწევა. მაგრამ აბა, უთხარით რომელიმე
რუსთავიორელს, რომ პროპაგანდისტია. თვალებს ამოგთხრით, - ვის გაუბედეთ?!
ასე იყო 2012 წლამდე
- არამხოლოდ „რუსთავი 2“, არამედ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ტელე-და რადიო „იმედიც“
მთლიანად მაშინდელი ხელისუფლების პროპაგანდით იყო დაკავებული. სად გაქრნენ მაშინდელი
პროპაგანდისტები?! არსად! ისევ აქ არიან, სხვადასხვა ტელევიზებში და, თქვენ წარმოიდგინეთ,
დღევანდელი ხელისუფლების პიარსამსახურებშიც!
და თქვენ მეკითხებით, -
რით განსხვავდება ჟურნალისტიკა პროპაგანდისგან?!
ჩემი პასუხია: საქართველოში
- არაფრით!
P.S. ჩემთვის ღიმილისმომგვრელია „ტაიმსის“ პასუხისმგებელი
რედაქტორის ეიბ როზენტალის სიტყვები: „თუ გინდა, სპილოსთან დაწექი, თუ ცირკის შესახებ
არ წერ.“ არ მინდა უტრირებაში ჩამომართვათ,
მაგრამ, თუ ზოოპარკზე წერ?! ანდა სერენგეტის ეროვნულ პარკზე?!
ხუმრობა იქით იყოს
და კიდევ ერთი მაგალითი გამახსენდა:
ცნობილ ამერიკულ ტელესერიალში „სკანდალი“, რომელიც კრიზისმენეჯერ ოლივია პოუპის გენიალურობის (და ტრაგიკულობის)
დემონსტრირებაა, ორი გმირია - ვაშინგტონის თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
და ჟურნალისტი. ეს ორი მამაკაცი შემდგომ იქორწინებენ. და ამერიკული თავისუფალი ჟურნალისტიკის
პრინციპების მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან „დაწოლის“ შემდეგ მის მეუღლეს
თითქოს „ცირკზე“ აღარ უნდა ეწერა, მაგრამ გამოცემისთვის
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ის ყოფილიყო აკრედიტებული თეთრ სახლში, რადგან
მეტი გავლენა (და, შესაბამისად, მეტი ექსკლუზივი) ექნებოდა. და აი, სწორედ ეს „მეტი
გავლენა“ გამოიყენა მისმა პოლიტიკოსმა მეუღლემ და ისეთი პროპაგანდისტული „ექსკლუზივი“
გამოაქვეყნებინა, რომ კინაღამ „ოჯახი“ დაინგრა.





Comments
Post a Comment