როგორ უნდა გააკონტროლონ ჟურნალისტებმა ხელისუფლება?


ჟურნალისტიკა, საზოგადოების ინფორმირების გარდა, იმითაც გამოირჩევა სხვა, არანაკლებ საჭირო და აუცილებელი პროფესიებისგან, რომ შეუძლია ხელისუფლებას „ხელი დაადებინოს ცხელ ღუმელზე“ და მანამდე არ ააშვებინოს, სანამ კარგად არ იგრძნობს საზოგადოებრივი აზრის იგნორირებით გამოწვეულ „სიმხურვალეს“. მაგრამ ამ დროს ჟურნალისტმა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ „დამწვრის სუნმა“ იმავე საზოგადოებას სიამოვნება არ მოჰგვაროს, რადგან ამ სუნმაც მიჩვევა იცის. უპირველესად კი, ის უნდა გავარკვიოთ, რა იგულისხმება ხელისუფლების კონტროლში და რისთვის სჭირდება საზოგადოებას ეს „მოდარაჯე ძაღლი“. 

პრევენცია, - აი, რას უნდა ემსახურებოდეს ჟურნალისტების მიერ ხელისუფლების კონტროლი. ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ საზოგადოების წევრები არიან, ამ სოციუმში გაიზარდნენ და თუკი მათი ქცევები ანტისაზოგადოებრივი და ანტისახელმწიფოებრივია, თუკი მათი მოქმედებით ზიანდება ხალხის და ქვეყნის ინტერესები, ბუნებრივია, ამ დროს ჟურნალისტმა რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა „დაიყეფოს“. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დამაჯერებელი, თუ დამოუკიდებლად იკვებება და მიზანი კეთილშობილურია, ანუ „ჟურნალისტი უნდა მოქმედებდეს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი მაკონტროლებელი“.

ამ პრობლემაზე საუბრისას აშშ უზენაესი სამართლოს მოსამართლე ჰუგო ბლეკი აღნიშნავს, რომ „მხოლოდ თავისუფალ, შეუზღუდავ პრესას შეუძლია მთავრობაში მიმდინარე უკანონო საქმიანობის გამოვლენა.“

თავისუფლებაში, ბუნებრივია, ისიც იგულისხმება, რომ მედიამფლობელები შეეცდებიან მედიასაშუალებები და ჟურნალისტები გავლენების მოსაპოვებლად ან გასაფართოვებლად გამოიყენონ. სწორედ ამ დროს უნდა იჩინოს თავი ჟურნალისტის პროფესიულმა თავმოყვარეობამ.

ამერიკულ და ევროპულ პრესაში ამ საფრთხის თავიდან აცილება მეტ-ნაკლებად კიდევ შესაძლებელია, მაგრამ პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტერესთა კონფლიქტი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ზოგადად ჟურნალისტიკას და კერძოდ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას.

საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე საუბრისას საქართველოში, ვიწრო პროფესიული წრის გარდა, არავის ახსენდება პორტლენდელი უოლეს ტერნერი და უილიამ ლამბერტი, არც ჩიკაგოელი ჯორჯ ბლისი, რომლებმაც ხელახლა ააღორძინეს კორუფციის საჯაროდ გამოვლენის ტრადიცია. ჩვენთან პოპულარულები არიან ის ჟურნალისტები, ვინც დაუნდობლად აკრიტიკებს ხელისუფლებას და განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ ისინიც, ვისაც შეუძლია მყარი არგუმენტებით გააცამტვერონ ხელისფლებაში მოკალათებული კორუმპირებული მოხელეები.

90-იანი წლების დამლევს კორუფციით მოქუფრულ ცაზე „მეხივით გასკდა“ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „60 წუთი“, რომელიც „სი-ბი-ეს ნიუსის“ საინფორმაციო შოუს - „60 წუთის“ ანალოგიით გაკეთდა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხილება დაიწყო. გადაცემამ დიდი პოპულარობა და გავლენა მოიპოვა. ჟურნალისტებსაც დიდი ძებნა არ სჭირდებოდათ - სამიზნეც თვალსაჩინო იყო და ინფორმატორებიც ადვილად თანხმდებოდნენ ინტერვიუზე. პრინციპში, ყველაფერი ზედაპირზე იდო.

თემები, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებდნენ გადაცემებში, არაერთხელ იყო გაშუქებული გაზეთებში, მაგრამ ტირაჟის სიმცირის გამო მასობრიობით არ გამოირჩეოდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ. ყველამ იცოდა, რომ სისტემა კორუფციაზე იდგა და სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშლებოდა, როგორც კი ამ საყრდენს გამოაცლიდი. „შოკური თერაპია“ დაგვიანებული იყო, „ქირურგიული ოპერაციისთვის“ კი შესაბამისი ინსტრუმენტები არ არსებობდა.
  
თუმცა, პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, როცა არგუმენტები შეუვალი იყო, ყურადღებას მაინც აქცევდნენ. 1995 წელს ამ სტრიქონების ავტორის გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას სათაურით „სახიფათო თამაში“ მყისიერი რეაქცია მოჰყვა. წერილების სერიის გამოქვეყნება დასრულებული არ იყო და, უკვე მესამე წერილის შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა რაიონის გამგებელი მოხსნა, მეოთხე, დასკვნითი წერილის გამოქვეყნების შემდეგ კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.  ორიგინალური ჟურნალისტური გამოძიება კონკრეტული დანაშაულის ოფიციალური გამოძიებით დამთავრდა. ამ ჟურნალისტურმა გამოძიებამ მხოლოდ ერთი რაიონის კი არა, მთელი მმართველობითი სისტემის გახრწნილობა აჩვენა და იმ საფრთხეებზეც მიუთითა, რაც გარდაუვალი იყო, თუ ხელისუფლება მიდგომებს მკვეთრად არ შეცვლიდა.

საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ ჟურნალისტური გამოძიების ავტორს სპეციალური დიპლომი გადასცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი პრეზიდენტმა დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში ენერგიული ჟურნალისტული მოღვაწეობისთვის და მოვლენების გაშუქებისას ქვეყნის ინტერესების აქტიური დაცვისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა 25 წლის ჟურნალისტი.

ეს არის ხელისუფლების მყისიერი რეაქციის ნათელი მაგალითი.

და არა მხოლოდ რეაქციის, არამედ იმის დასტურიც, რომ სახელმწიფოს პირველი პირი პირადად დაიცავდა ყველა ჟურნალისტს, ვინც ხელისუფლებაში მოკალათებულ კრიმინალებს დაუპირისპირდებოდა. არ დაგვავიწყდეს - ეს ჟურნალისტური გამოძიება 1995 წლის ცნობილ ტერაქტამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოფიციოზში - „გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა.

90-იან წლებზე როცა ვსაუბრობთ, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გაზეთ „7 დღის“ ჟურნალისტების გამოძიება აფხაზეთის ომის თემაზე. ხელისუფლებამ ნამდვილი შოკი მიიღო, როცა გაზეთმა ისეთი ფაქტების გამოქვეყნება დაიწყო, რომელთა თაობაზე თვით სამხედრო პროკურატურის გამომძიებლებმაც კი არაფერი იცოდნენ.

ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო გაზეთების - „რეზონანსის“, „კავკასიონის“, „ალიას“ და „ახალი ვერსიის“ ჟურნალისტური გამოძიებები; ელისო ჩაფიძის და შსს იმდროინდელი მინისტრის კახა თარგამაძის ლეგენდარული სასამართლო გარჩევებიც ბევრს ახსოვს.

მომდევნო ეტაპზე კი გაჩნდა ირმა ინაშვილის მედიაკავშირი „ობიექტივი“, ვახტანგ კომახიძის სტუდია „რეპორტიორი“, ნანა ლეჟავას სტუდია GNS, ნათია მიქიაშვილის „ანატომია“, ნინო მიქიაშვილის დამოუკიდებელი გამოძიებები, თანმიმდევრულობით რომ გამოირჩეოდა და გამოირჩევა... ხელისუფლების მხილებამ სისტემატური და შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

თუმცა დავუბრუნდეთ „რუსთავი 2“-ის „60 წუთს“ და მის მიმართ საზოგადოების ნდობას. კორუმპირებული მაღალჩინოსნების მხილებაში ისე გაერთნენ ამ გადაცემის ავტორები, ისე ჩაიძირნენ პოპულარობის და გავლენის ნირვანაში, რომ ვეღარ მოზომეს და ყოფილ კულტურის მინისტრს რიტუალური მკვლელობა დააბრალეს! საზოგადოება აღშფოთდა და გადაცემის რეპუტაცია განადგურდა. დღეს ვინმეს რომ ჰკითხოთ „60 წუთის“ შესახებ, უპირველესად ვალერი ასათიანის თემა გაახსენდება. მეც კი, „ქართული მედიის მემატიანეს“, სწორედ ამ კრახით მახსოვს ერთ დროს დიდი აპლომბით დაწყებული ტელეპროექტი. თუმცა ამ პროექტმა მეორე დიდი დარტყმა მაშინ მიიღო, როცა „რუსთავი 2“-ის მეპატრონის დაკვეთით უკვე ახალი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს დაარტყა და მის ძმას ბაზრობის წილები „გაუფორმა“. როგორც აღმოჩნდა, ესეც სიცრუე იყო და კიწმარიშვილის და ჟვანიას შორის გავლენის სფეროების გამო მწვავე დაპირისპირება ამოატივტივა ზედაპირზე.

ამავდროულად, გამოჩნდა, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა ნაწილი, გაცნობიერებულად ან უნებლიედ, მაღალ საზოგადოებრივი ინტერესთან ერთად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის სურვილებს აკმაყოფილებდნენ. როგორც
აღმოჩნდა „60 წუთის“ მიზანი არა ხელისუფლებაში არსებული ხარვეზების (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ სისტემურ კორუფციას) მხილება, არამედ პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა იყო. ასეც მოხდა. ხოლო შემდეგ, როცა კვლავ მოინდომეს „60 წუთში“ ეთქვათ სიმართლე უკვე ახალ ხელისუფლებაზე, თითი დაუქნიეს, მაგრამ დამსახურება და დასაქმების შანსი არ დაუკარგეს - ახალ პროექტში გადაიყვანეს პროდიუსერებად. „იდეა, ფული და ერთი შანსი“, - ასე ერქვა „რუსთავი 2“-ის იმ გადაცემას, რომლითაც ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელების შანსი მოუსპეს ჟურნალისტებს.

ჟურნალისტური გამოძიების დროს ჟურნალისტებს დიდი დაკვირვება და სიფრთხილე მართებთ, რომ ხელისუფლების კონტროლის ნაცვლად ხელისუფლების მარიონეტებად არ იქცნენ. ეს განსაკუთრებით მაშინ არის მოსალოდნელი, როცა გამოძიების შესახებ რეპორტაჟები მზადდება და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა აუცილებელია. სწორედ აქ არის საჭირო მაღალი პროფესიონალიზმი, რადგან რეპორტიორის გამოყენების დიდი ალბათობაა - პრესა ზოგჯერ მათ ინსტრუმენტად იქცევა ხოლმე.

ახლა ყველაფერს ჟურნალისტურ გამოძიებას არქმევენ და იმდენი „გამომძიებელია“, რომ მაყურებელი თუ მკითხველი ძნელად თუ გაარჩევს, სად არის სიმართლე და სად ჭორი ან, უფრო მეტიც, - დისკრედიტაციის მცდელობა. საზოგადოებას კი ხელისუფლების სამართლიანი მაკონტროლებელი სჭირდება, რომელიც ბრალმდებლის მანტიას კი არ მოისხამს, არამედ კონკრეტული ფაქტებით გამყარებულ გამოძიებას შესთავაზებს. ამ დროს განსაკუთრებული ფასი აქვს სიცხადეს, ხოლო ბუნდოვანებას და ორაზროვნებას, სკანდალის აგორების მცდელობას რა შედეგიც მოჰყვება, ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ.

დაბოლოს: დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოში აუცილებლად უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ცენტრები, რადგან  ხელისუფლების და მედიამფლობელების მიზნები ხშირად თანხვედრაშია და ძალიან აცდენილია საზოგადოებრივი ინტერესებისგან.

მხოლოდ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს შეუძლიათ, რომ ჟურნალისტიკა მძლავრ იარაღად აქციონ და ხელისუფლების მხილების დროს საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ.

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?