ნამდვილი პუბლიცისტი
![]() |
ბონდო მძინარაშვილი და არმაზ სანებლიძე |
სრულიად ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ბავშვი, მარტოდმარტო ჩამოვიდა თბილისში სოფელ ვედრებიდან (რა სახელია!), რომელიც მართლმადიდებლური ქრისტიანობის განმტკიცებისა და აღზევების მდიდარი ისტორიით გამორჩეულ ძამას ხეობაში მდებარეობს: სანებელი, კეხიჯვარი, ქოზიფას მამათა მონასტერი, ორთუბანი - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის („კარაბადინის“ ავტორის) სავანე, ყინწვისის დიდებული ტაძარი.
იქაური მადლი გამოჰყვა, ანგელოზის ფრთებივით შეუდგა მხარში და ჟურნალისტური „ჯოჯოხეთის“ ყველა რკალი გამოატარა - პოლიგრაფიის ანა-ბანადან დაწყებული (პოლიგრაფიული სასწავლებელი, გამომცემლობა „სამშობლოს“ სტამბა, გაზეთ „თბილისის“ გამომშვები), ქართული ჟურნალისტიკის ელიტარულ დონემდე - გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ პასუხისმგებელი მდივანი, მთავარი რედაქტორის მოადგილე, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე-პრეზიდენტის პრესსამსახურის კურატორი, გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, დაბოლოს, მედიაკავშირ „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი.
ღირსეული გზა განვლო და პოპულარულ, პრინციპულ პუბლიცისტად ჩამოყალიბდა. თავდაპირველად მკითხველთა აღიარება მოიპოვა, ბოლო წლებში კი - ტელემაყურებელთა სიყვარულიც დაიმსახურა. ეს მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია დღეს, როცა ბეჭდური მედია თვითმარქვია პუბლიცისტებით გაივსო, ხოლო ტელეეთერი ქართული ენის უცოდინარი, ენაბლუ და თვალჟუჟუნა ტელეწამყვანებით.
ბონდო მძინარაშვილის გამოსვლები ყოველთვის აქცენტირებულია ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, აქტუალურ საკითხებზე პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, რომლებიც აღელვებს ჩვენი მოქალაქეების ყველა ფენას. ხაზგასასმელია, რომ ამ თემებზე სასაუბროდ მოწვეულ რესპონდენტებთან ურთიერთობის დროს იგი მხოლოდ შეკითხვებით კი არ იფარგლება, არამედ თავის პოზიციასაც გამოხატავს, ასაბუთებს, რის უფლებასაც აძლევს საკითხებში ღრმა წვდომა, მათი წინასწარი შესწავლა, რითაც გამოირჩევა კოლეგების უმეტესობისგან.
მისი შემოქმედებითი პალიტრა მრავალფეროვანია, შრომისუნარიანობა - კოლოსალური, საქმისადმი ერთგულება - უხინჯო, რესპონდენტებთან დამოკიდებულება - (ვინც გინდა იყოს) პატივისცემაზე დამყარებული. ქართული - დახვეწილი, აზრი - ნათელი, ყველასთვის გასაგები, ტონალობა - საუბარს რომ შეეფერება, ისეთი, სახმო იოგების დაუძაბავად. მოკლედ, ისეთია, როგორიც უხდება ტელეეკრანს და რაც იზიდავს მაყურებელს.
მის გამოჩენას ელოდებიან ისევე (და უფრო მეტადაც), როგორი ინტერესითაც ელოდნენ (და კითხულობდნენ) მის საგაზეთო წერილებს, რეპორტაჟებს, დიალოგებს, პრობლემურ სტატიებს.
„ერის წყლული“ ბონდო მძინარაშვილის გულის სატკივარია, სიხარულის გამზიარებელიც იგია, - გულიანი და გულწრფელი.
გაიზარდა, დაღვინდა (თუმც ახალგაზრდული ჟინი არ მოჰკლებია), ჩამოყალიბდა; დღეს მას აზრს ეკითხებიან, აინტერესებთ მისი პოზიცია, ინტერვიუს მას ართმევენ.
სახელმწიფომ მისი ჟურნალისტური მოღვაწეობა სათანადოდ დააფასა - დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და მედლით, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ბონდო მძინარაშვილი ჩემი მეგობარია, წლებია უკვე. ქვეყანასთან ერთად ბევრი ქარტეხილი გადაგვიტანია და ჩვენს ურთიერთობას ბზარი არ გასჩენია, ისევე, როგორც საქვეყნო საქმისადმი ჩვენს დამოკიდებულებასა და ერთგულებას.
ამ გზით გევლოს, ბატონო ბონდო!
არმაზ სანებლიძე,
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,
ღირსების და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენების კავალერი,
„ოქროს ფრთის“ ლაურეატი.
Comments
Post a Comment