თავისუფალი პრესა ელექტრონულ ეპოქაში

რა დანიშნულება  აქვს ჟურნალისტიკას 21-ე საუკუნის დასაწყისში?

21-ე საუკუნის ჟურნალისტიკაზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება ფართო ავტომაგისტრალი და ავტომანქანების რამდენიმე ნაკადი. არამხოლოდ მე-20 საუკუნის და 21-ე საუკუნის - ელექტრონული ეპოქის - მედია განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ მე-19 და მე-20 საუკუნეების მედიასაშუალებებიც, ისევე როგორც დიდი ქალაქების ვიწრო ქუჩები ეტლებისთვის და განიერი ქუჩები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ახალი ქალაქების დაპროექტების ანდა რეკონსტრუქციისას.

21-ე საუკუნის ჟურნალისტიკა იმდენად მრავალფეროვანია, რომ მასზე მსჯელობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, თუმცა, უმთავრესი მაინც ადამიანი და მისი ღირებულებათა სისტემაა. ელექტრონული ეპოქით საკუთარი უსინდისობის („ოპერატიულობასაც“ უწოდებენ ხოლმე!) გამართლება შესაძლოა დაბალი კვალიფიკაციით აიხსნას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მხრივ კვალიფიციური ჟურნალისტები უფრო კვალიფიცურად სცოდავენ.

თუ ჟურნალისტი და მის მიერ მომზადებული მასალა არ პასუხობს ფუნდამენტურ შეკითხვებს - „ვინ? რა? სად? როდის? როგორ? რატომ?“ - მაშ, რა მნიშვნელობა აქვს, ეს პუბლიკაცია მე-20 საუკუნის დასაწყისში მომზადდა თუ 21-ე საუკუნის დასაწყისში?! ელექტრონული საშუალებებით უფრო ოპერატიულად გავრცელდება სიცრუე - ეს არის და ეს!

მაგალითებად გამოდგება რუსეთის რევოლუციის წინა პერიოდი და რევოლუცია და 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია. ამერიკელი ჟურნალისტები მოგვიანებით მიხვდნენ, რომ რუსეთის რევოლუციის მიმართ ემოციური დამოკიდებულებით გართულებს გამორჩათ „რაღაც მნიშვნელოვანი“ - ამ რევოლუციის არსი. ისევე, როგორც საქართველოში ხალხი გვიან, თვით „რევოლუციის“ ლიდერები კი უკვე 2004 წელს მიხვდნენ, „რა შარში გაყვეს თავი.“ აქ კი აუცილებლად გასახსენებელია „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ - „რუსთავი 2“-ის მეპატრონის, ეროსი კიწმარიშვილის მემუარების ის ნაწილი, რომელიც ინტერნეტპორტალ FOR.GE-ზე გამოქვეყნდა და ტრაგიკულად გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომელიც მან წარმოათქვა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ჟურნალისტის, კოკა ყანდიაშვილის შეკითხვის - „რა იქნება ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთოს თქვენმა ხელისუფლებამ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის?“ - საპასუხოდ: „იმ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ხელისუფლებას მისი არსებობა დაავიწყდება.“

ვინც არ დაავიწყდათ, მათი ბედის შესახებ ცნობილია. სხვათა შორის, რუსეთის რევოლუციის შედგომაც შეჭამა „წითელმა კრონოსმა“ საკუთარი შვილები.

რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი?

როდესაც ვსაუბრობთ 21-ე საუკუნეში ჟურნალისტიკის დანიშნულებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს პასუხისმგებლობა, ანუ „არ მოიტყუო!“ და „არ დაამატო!“

მით უფრო, - არ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება!

საბოლოო ჯამში, „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ გადაიქცა გამარჯვებულთა ხელისუფლების მძევლად, რაც აისახა კიდეც ჟურნალისტების შემდგომ ბედზე: ზოგიერთი მათგანი პროფესიულ ასპარეზს ჩამოაშორეს და  პრესსამსახურებში გადაამისამართეს, რადგან ისინი დისკომფორტს უქმნიდნენ „რევოლუციონერებს“ - მათთვის სააკაშვილი არ იყო „ბატონი მიხეილი“, ბოკერია არ იყო „ბატონი გიგა“ და ა. შ.

სად გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის? ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ჩვენი მაყურებელ-მსმენელ-მკითხველის წინაშე? როგორ დავრჩეთ მიუკერძოებლებად და ობიექტურებად იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მედიამფლობელები ბოლომდე ვერ აცნობიერებენ პასუხისმგებლობას ხალხის, მოქალაქეების წინაშე? - აი, შეკითხვები, რომელზე სწორი პასუხის გაცემაც გაამართლებს ჟურნალისტიკის არსებობას 21-ე საუკუნეში.

და თუ პასუხმა დაიგვიანა, ან საერთოდ ვერ ვიპოვეთ, მაშინ, ცხადია, ჟურნალისტიკა, როგორც პროფესია მუდმივად იქნება მანიპულაციის საგანი პოლიტიკურ შარლატანთა ხელში; ელექტრონულ ეპოქაში კი ისინი ელექტრონული სისწრაფით ითამაშებენ როგორც ჟურნალისტიკით, ისე ჟურნალისტებით.

13 ნოემბერი, 2017 წელი.



Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?