პრინციპების, იდეებისა და იდეალებისთვის მებრძოლი ჟურნალისტი
![]() |
ირმა ინაშვილი და ბონდო მძინარაშვილი |
ბონდოს პუბლიცისტური წერილებისა და ტელეგადაცემების უნიკალური, მდიდარი არქივი აქვს შექმნილი, რაც სინამდვილეში არასდროს დაძველდება და არც დაბერდება, რადგან ერთი შეხედვით ყოფითი პრობლემატიკაც კი, ბონდო მძინარაშვილის ჟურნალისტურ ნამუშევრებში ზოგადსაკაცობრიო ჭრილშია წარმოჩენილი და გააზრებული.
ჩვენი თაობის ჟურნალისტთა შორის ბონდო მძინარაშვილი ქართული ენის უბადლო მცოდნე და მაღალი კლასის რედაქტორია. ჩემი ყველა გამოსვლისა თუ საპარლამენტო მოხსენების ტექსტს კოლეგიალური რედაქტირებისთვის მხოლოდ ბონდოს თუ ვანდობ...
მაგრამ ბონდო მძინარაშვილის მთელი ხიბლი არაა მხოლოდ მის ნიჭიერებაში. ბონდო საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი, ეროვნული პოზიციის მქონე პუბლიცისტი და ტელეწამყვანია, რომელიც ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში არ დარჩა მარტოოდენ საუკეთესო ჟურნალისტად, არამედ იყო და რჩება პრინციპების, იდეებისა და იდეალებისთვის მებრძოლ ჟურნალისტად. არა ნეიტრალურ, არამედ პოზიციის მქონე ჟურნალისტად. არა შუაშისტად, არამედ კონკრეტულ ნაპირზე მდგომ ჟურნალისტად. ზუსტად ესაა ჟურნალისტური პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტი. ზუსტად ეს აკლია დღეს თანამედროვე ქართულ ჟურნალისტიკას.
მე და ბონდო მრავალი წლის მეგობრები ვართ. არაერთი საათი გაგვიტარებია პირდაპირ ეთერშიც და ეთერს მიღმაც. ჩვენი მეგობრობის მიუხედავად, ბონდოს გადაცემის წინ ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადები და ვღელავ. ეს ის შემთხვევაა, როცა მე, როგორც რესპონდენტი, ბონდო მძინარაშვილის გადაცემაში სათანადო სიმაღლეზე უნდა ვიდგე. ბონდო არ გაიძულებს, ბონდო საშუალებას არ გაძლევს, დაბლა დაეშვა. ეს მისი პუბლიცისტური ხელოვნების საიდუმლოა.
მადლობას ვუხდი ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ საორგანიზაციო ჯგუფს, ბონდო მძინარაშვილის ჟურნალისტური ღვაწლის აღიარებისთვის. მერწმუნეთ, რასაც ბონდო ქმნის, ეს მართლა ჟურნალისტური ღვაწლია და არა უბრალოდ ჟურნალისტური საქმიანობა.
ირმა ინაშვილი,
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი,
აფხაზეთის ომის ვეტერანი,
ნიკო ნიკოლაძის პრემიის და „ოქროს ფრთის“ ლაურეატი,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
Comments
Post a Comment