პერსონალური "ჟიგული"

2002-2003 წლებში სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსის  მოადგილედ ვმუშაობდი, პრეზიდენტის პრესსამსახურის კურატორობაც მევალებოდა და პერსონალური მანქანა დამინიშნეს, რომლითაც პრესსამსახურის ღამის ცვლის თანამშრომლებიც სარგებლობდნენ.
მძღოლი ჯერ გულდასმით მაკვირდებოდა და ერთი წლის შემდეგ გამომიტყდა: თქვენნაირი ადამიანი არ მინახავსო.
გამიკვირდა, რატომ მეუბნები მეთქი.
თურმე რა აწუხებდა: მძღოლს უკვირდა, რომ არასოდეს გამიგზავნია მაღაზიაში ან ბაზარში, არასოდეს გამიგზავნია სიგარეტზე, არასოდეს მომსახურებია ჩემი ოჯახის წევრებს...
მოკლედ, ჩემნაირი ადამიანი არ ჰყავდა ნანახი... 
მართლაც ასე იყო: ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის - მძღოლის საქმე არ იყო ჩემი ოჯახის სამეურნეო პრობლემების მოგვარება და ჩემთვის კომფორტის შექმნა. ახლაც ასე ვფიქრობ.
სხვათა შორის, ხშირად დამირეკავს და მითქვამს, რომ იმ დღეს არ მოსულიყო და სამსახურში მეტროთი წავიდოდი. ალბათ ესეც უკვირდა. ალბათ კი არა, ნამდვილად უკვირდა, რატომ ვიქცეოდი ასე. მხოლოდ მას კი არა, ცნობილ ჟურნალისტს - მაია ჭალაგანიძესაც გაუკვირდა (ინტერვიუ ჩამომართვა გაზეთ "24 საათისთვის"), მართლა ასე აკეთებო? ვუპასუხე: მე ინფორმაციას ვაწვდი პრეზიდენტს და უნდა ვიცოდე, რა მდგომარეობაშია ხალხი, ამიტომ მეტროთიც ვმგზავრობ და მიკროავტობუსითაც მეთქი.
არადა, რა ავტომანქანა მყავდა, - ძველი "ჟიგული", რომელიც იმდენად შელახული იყო, რომ კოსმეტიკური რემონტი სჭირდებოდა.
ეს ყველაფერი რატომ დავწერე?

არ არის აუცილებელი ყველას პერსონალური ავტომობილი ჰყავდეს, მაგრამ არც სოცდემაგოგიას მივესალმები. საკრებულოს და პარლამენტის წევრებს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ემსახურებოდეთ შესაბამისი უწყების ავტოგარაჟი და საჭიროების თუ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა იძახებდნენ ავტომობილს.
ამ აუცილებლობაში კი ნამდვილად არ მოიაზრება ბავშვის წაყვანა მასწავლებელთან თუ ვარჯიშზე, სიდედრის წაყვანა ექიმთან და ცოლის წაყვანა სუპერმარკეტში (ბაზარი მგონი მხოლოდ ღარიბ-ღატაკებისთვის არსებობს).
ძალიან მარტივია: უნდა გამოსცენ ნორმატიული აქტი და, შესაბამისად, ეს პრობლემაც მოწესრიგდება, თორემ მართლა სირცხვილია გაჭირვებული და შიმშილის პირას მყოფი ქვეყნის არჩეული (დიახ, არჩეული და არა - რჩეული) პირები კომფორტს ითხოვდნენ და იწყობდნენ. 

P.S. ეს სხვა "ჟიგულია", ჩვენსას "შიტოკები" მოძვრა და კოსმეტიკური რემონტისას 07-ის "შიტოკები" დავუყენეთ

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?