უმწეობის შეგრძნება უსარგებლობის გამო


იყო  დრო, როცა  ქალაქებს  მაღალი  გალავნით  შემოსაზღვრავდნენ  ხოლმე. შემდეგ  ამას   აღარ  აკეთებდნენ. შიშისა  და  საფრთხის  გაქრობის  გამო  კი  არა, პირიქით,- საფრთხე  იმდენად  გაძლიერდა, რომ  კედლები  ვეღარ  იცავდა  უმწეო  ხალხს. საფრთხის  მომძლავრების  კიდევ  ერთ  სახიერ  მაგალითად  იქცა  გალავანი. თუნდაც  ისეთი, როგორიც  ჩინეთის  დიდი  კედელია.

ამის  თქმა  იმისთვის   დამჭირდა, რომ  ნათლად  წარმოვიდგინოთ, რა  დიდ  საფრთხეს  უქადის  დღევანდელ  საქართველოს  ექსპროპრიაციის  პროპაგანდა, რაზეც  ქვემოთ  ვიტყვი. ჩანს, ჩვენ  ვერც  სხვის  შეცდომებზე  ვსწავლობთ  და  ვერც - საკუთარზე.

ადგილობრივი მასშტაბის პირველი ლეიბორისტი შალვა  ნათელაშილი ისეთ  ვერტიკალურ  აზრებს  ავითარებს ხოლმე ჰორიზონტული  მიმართულებით, რომ  მისი მოსმენისას გაკვირვება  გაოცებით  მეცვალება, გაოცება - სიბრალულით, სიბრალული - ვერ დავმალავ,- შიშით.

მაინც  რას  ამბობს არცთუ  ღარიბი და ასევე არცთუ ნათელი  წარსულის  კაცი  ამისთანას?!

ადრე ქაქანებდა, აშშ-ში  მილიონერების  პარტიას  პერსპექტივა  რომ  ჰქონოდა, ფორდები  და  როკფელერები  პრეზიდენტები  იქნებოდნენო. ისე „დამაჯერებლად“  ამბობდა, რომ  მისი  ამომრჩევლები  შემებრალნენ. მაშინ გადაცემა  „საქმის“  ავტორმა  გიორგი  ისაკაძემ  კი  უპასუხა, ფორდი  იყო  ამერიკის  პრეზიდენტიო, ჩემი  მხრიდან  კი  დავამატებ,- იქნებ  როკფელერს  საერთოდ  არ  სურდა  პრეზიდენტობა, და  თავისი  საქმის  კეთება  ერჩივნა?! მართალია,  მთლად  ჩვენი  აქტივისტებივით  ვერ  გაერკვეოდა  პოლიტიკაში, მაგრამ  იმდენი  შეძლება  მაინც  ექნებოდა, თავისი  პოლიტიკური  უცოდინარობა  დაქირავებული  თანაშემწეების, სპიჩრაიტერებისა  და  იმიჯმეიკერების  მეოხებით  დაეფარა.

შარშან კი, ამ ჩვენმა შინნახადმა ლეიბორისტმა "სიბრძნის სიმფონიას" ცოტა დაუწია - მთლად მილიარდერი ტრამპი აირჩიეს ამერიკელებმა პრეზიდენტად!

ღარიბ  ელექტორატზე  თამაში, აბა, რა  მოსატანია, - რასაც  ახლა  გეტყვით, ბატონმა  შალვამაც  ძალიან  კარგად  იცის, მაგრამ  შევახსენებ: ბიზნესმენები, ანუ  მდიდარი  ადამიანები, როგორც  მათ  ქართველი  ლეიბორისტების  ლიდერი  უწოდებს. ეკონომიკის  კატალიზატორები  არიან. „ფულის  კეთებით“  ისინი აიძულებენ  ეკონომიკურ  მექანიზმს  მაქსიმალურად  აჩქარდეს, რაც, თავის  მხრივ,  ხელს  უწყობს  ხალხში  დოვლათის  გამრავლებას, ანუ  საზოგადოების  გამდიდრებას.

დიახ, ბიზნესმენი  საკუთარი  თავისთვის  მუშაობს, მაგრამ იმავდროულად, საზოგადოებისთვისაც, და  ამიტომ, რაც  უფრო  მეტ  წარმატებას  აღწევს, მით  უფრო  მეტად  უნდა  დააფასოს  იგი  საზოგადოებამ, მაგრამ  ხშირად  ამის  გაგება  არ  შეგვიძლია  ჩვენი  ხანგრძლივად  ცალმხრივი  და  შეუპოვარი  აღზრდის  გამო. ინიციატივიან  ადამიანებს  დღესაც  ეჭვის  თვალით  შევყურებთ.

თუმცა ამ ეჭვსაც აქვს გარკვეული საფუძველი, მე კი ბიზნესმენებში წესიერ ადამიანებს ვგულისხმობ და არა ჩვენს ბანკირებს, მხოლოდ ხალხის გაყვლეფაზე რომ ფიქრობენ!

ოჰ, როგორ  ვერ  ვიტანთ  მდიდრებს!  ოღონდ  ვერ   ვიტანთ  მანამ, სანამ  ჩვენ  არ დაგვაფინანსებენ, ჩვენს  პარტიულ  ინტერესებს  არ  უწილადებენ  მოგებულ  ფულს. ვერც  მაშინ  ვერ  ვიტანთ, როცა  ჩვენ  აღარ  გვაფინანსებენ.

რატომ იყო მოხიბლული ქართველი ლეიბორისტების მამა თუ მამინაცვალი ივანიშვილით 2008 წლის საპრეზიდენტი არჩევნების წინ?! დიახ, ივანიშვილის დიდი ფულით ცდილობდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ივანიშვილს კი მაშინ სიცილად არ ეყო ნათელაშვილის საჯარო შეთავაზება. მილიარდერს თავისი გეგმები ჰქონდა, რომელშიც ნათელაშვილი პრეზიდენტის როლში კი არა, სცენის მუშადაც არ იყო გათვალისწინებული.

ახლა კი ნათელაშვილი თავდაუზოგავად ლანძღავს "თავის რჩეულს", რადგან გობთან ადგილი არ მიუჩინა.

ამიტომ  უნდა  დავიწყოთ  ჩვენი  ფსიქოლოგიით. მიუხედავად  ქართული  პოლიტიკის, დემოკრატიის  პროგრესულობისა, ვერა  და  ვერ  მოვერიეთ  იმ  სტერეოტიპებს, რომლებითაც  ათწლეულების  განმავლობაში  დაგვიშტამპეს  აზროვნება.

სტერეოტიპების  ერთგულება  დიდი  ძალაა!  ხერხემალში  გადატეხოს  ყოველივე  ახალი - მას  სისხლში  აქვს. აი, გამოცდილება  კი  ამ  საქმეში...

როცა  ძველი, დრომოჭმული  სისტემა  ყველას  თვალწინ  ლპება, ინგრევა, ეს  არაფერია, ეს  დასაშვებია, მიღებულიც  კი  არის. მაგრამ  როცა  ნამდვილი  საქმე  კეთდება  და  ამით  ვიღაც  მდიდრდება, ქვეყანაც  რომ  გაამდიდროს, ანუ  საბოლოო  ანგარიშით, თითოეული  ჩვენგანი... არა, ამას  არ  დავუშვებთ! ჩვენ  არ  გვჭირდებიან  მდიდრები!

ბატონი  შალვა  თვეში  ერთხელ  თუ  არა,  წელიწადში  ერთხელ  მაინც  ხომ  ახერხებს  საზღვარგარეთ  წასვლას?! ჰოდა  მინდა  ვკითხო, როგორ  ფიქრობს, რითია  გამოწვეული  ევროპის  ქვეყნებში  ქართული  პოლიტიკისთვის  ასე  შეუფერებელი  ოპტიმიზმი, სიკეთე, ამაღლებული  განწყობა?!

იქნებ  ზოგიერთი  მათგანის  მხიარული  ხასიათით, იმ  ბუნებრივი  თუ  ხელით  შექმნილი  სილამაზით, რომელიც  მათ  გარს  არტყია  და, ქმნის  კიდეც    მხიარული  ცხოვრების  ფონს?! ყველაფერი  ასეა. მაგრამ  რაც უნდა  იყოს, ნუთუ  ვერ  დაინახა, ვერ იგრძნო, ვერ  მიხვდა  მრავალი  ნიშნის  მიხედვით,- დაწყებული  ნათლად გამოხატულიდან, ძლივს  შესამჩნევით  დამთავრებულით, - მთავარი  მიზეზი ის   არის, რომ  ეს  სახელმწიფოები  ეკონომიკური  აღმავლობის  ხანაში  იმყოფებიან.

რა  თქმა  უნდა, ჩვენი  უცხოელი  მეგობრებისგან  ბევრი  რამ  შეიძლება  ვისწავლოთ, მაგრამ ყველაფრის  უცვლელად  ეროვნული  თავისებურებების  გაუთვალისწინებლად  გადმოღება  ყოველთვის  როდი  იძლევა  სასურველ  შედეგს. ამა  თუ  იმ  ქვეყნის  გამოცდილების  გონივრული  გამოყენება  და  მისი  მისადაგება  ჩვენს  პირობებთან - ყველაზე  ოპტიმალური  გზაა. ერთი  უკიდურესობიდან  მეორეში  გადავარდნა  ძალზე  ძვირი  სიამოვნებაა, თავზე  კოპები  არ  აგვცდება  და   ამაში  არაერთხელ დავრწმუნდით.

შალვა ნათელაშვილის სახლი ბაზალეთში

ბატონი  შალვა  კი  გვპირდება, რომ  კოპებთან  ერთად  ექსპროპრიაციაც  არ  აგვცდება  მომავალში. ოღონდ, იმას არ გვიმხელს, საკუთარ ოჯახსაც თუ "გააკულაკებს" - ბაზალეთის სასახლის ჩამორთმევას ვგულისხმობ!

ვიშ,  რა მშვენიერი  პერსპექტივაა!

მაგრამ ბიზნესმენებსაც  მოვუსმინოთ. 

კონკურენცია, ვიტამინივითაა, - ამბობენ  ისინი. - ენერგიას  გმატებს, გაიძულებს  წინ  გაიხედო, მომავალზე  იფიქრო. თქვენ ამბობთ: - ძნელია? ისინი  იცინიან: - არა  დაღლილობას  ვერ  გრძნობ. არც გცალია დაღლისთვის. მუდმივად  რაღაცას  უნდა  ვიგონებდეთ, ჩვენს  სამუშაოში  რაღაც  ორიგინალური  უნდა  შეგვქონდეს.

ბატონ  შალვას  კი  მდიდრები  არ  უყვარს.  სამაგიეროდ, უნდა  მათ მიერ  დასაქმებულმა  ხალხმა, შიმშილს  გადარჩენილმა  ამომრჩეველმა  ხმა  მის  პარტიას  მისცეს. იქნებ  იმასაც  ფიქრობს, რომ  პოლიტიკა  ბინძური  საქმეა, რადგან  იდეალური  მიზნებიც  კი რეალურად  არსებული  საშალებებით  მიიღწევა. იქნებ  ეს  საკუთარ  სინდისთან  გარიგებაზე  წასვლას  ნიშნავს?!

პოლიტიკას, ბატონი  შალვა, მოგეხსენებათ, ადამიანი  აბინძურებს. ჩვენი  ცხოვრების  ყველაზე  მშფოთვარე  ბოლო  წლებმაც  ამის  არა  ერთი  და  ორი  მაგალითი  გვიჩვენა. ის  ხალხი, რომლებიც  თავისი  ბუნებით  პატიოსნები  არიან, პოლიტიკაშიც  პატიოსანნი  რჩებიან. მაგრამ  არიან  ისეთებიც, რომლებიც  წამლავენ  მას  და  ეს  თქვენ  კარგად  მოგეხსენებათ.

ასეთები  კი  პოლიტიკაში  ყველაზე  საშიშნი  არიან. ერთადერთი, რაც  შეიძლება  თავის  დასამშვიდებლად  გამოდგეს, ის არის, რომ  საეჭვოა  მათ  ბევრს  მიაღწიონ. და  ამის  მრავალი  მაგალითიც  არსებობს, რომ  ვერც   მიაღწიეს. მათ  პერსპექტივა  არ  გააჩნიათ.

რა  თქმა  უნდა  დემოკრატიულ  საზოგადოებაში  არ  შეიძლება  იყოს  შეხედულებათა მონოლითურობა.  ჩვენს  დღევანდელ  საზოგადოებაში  ადამიანებს  სრულიად  განსხვავებული  ბედი  აქვთ  და  სწორედ  ეს  განსაზღვრავს  შეხედულებებსა  და  ქმედებას.

ამიტომ, - შალვა  ნათელაშილის  მძიმე  აზრები  ვიღაცისთის იქნებ  უმწეობის  შეგრძნებასაც  კი  იწვევდეს. ოღონდ, - თავიანთი  უსარგებლობის  გამო.



Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?

რით განსხვავდება ჟურნალისტიკა პროპაგანდისგან?