მე კონფორმისტი ვარ, თქვენ კი თავს ნუ გვამადლით!
ცნობილმა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გადაცემის დროს კონტრშეკითხვით მომმართა, თქვენ არ ხართ კონფორმისტიო? - და მეც სრული გულწრფელობით ვუპასუხე, ყველა ადამიანი კონფორმისტია და მეც მათ შორის მეთქი. მას შემდეგ სულ ვფიქრობ, რით გამოიხატება ჩემი კონფორმისტობა...
გულახდილად ვიტყვი, ქეთი დოლიძეს თავს ვერ გავუტოლებ და არასოდეს მისარგებლია სახელისუფლებო სიკეთეებით არცერთი ხელისუფლების დროს, მიუხედავად იმისა, რომ იმ მაღალჩინოსნებს იქნებ ქეთიზე და სხვებზე უკეთაც ვიცნობდი, მაგრამ მაინც კონფორმისტი ვარ - ადამიანებს ვერ ვეუბნები სიმართლეს "პირველ პირში"! ვერც ქეთის ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი და გვარიანად ვინერვიულე კიდეც ჩემი კონფორმისტობის გამო.
ახლა თქვენ განსაჯეთ, ეს კონფორმიზმია თუ ზრდილობიანობა.
ვფიქრობ და თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენ ყველანი კონფორმისტები ვართ - მე თავს ვიკავებ, სიმართლეს არ თუ ვერ გეუბნებით და თქვენც ასევე იქცევით. წარმოიდგინეთ, თითოეულმა ჩვენგანმა რომ სწორედ ის უთხრას მეორეს, რასაც იმ წუთას გაიფიქრებს,
რა მოხდება? კარგი არაფერი!
ახლა ეს ყველაფერი რატომ დავწერე:
ამ ბოლო დროს და, საერთოდ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვისგან აღარ მოისმენთ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაამწარა, არავიზე ნაკლებად იტანჯებოდა, არავიზე ნაკლებად ებრძოდა იმ საშინელ რეჟიმს... ისეთები იცემენ გულზე მჯიღს, ადრე მხოლოდ კოპწიაობითა და კოხტაპრუწობით რომ გამოირჩეოდნენ, ანდა სამზარეულოებში "მაღალინტელექტუალურ" დისკუსიებში რომ მონაწილეობდნენ. ისეთებიც არიან მათ შორის, სააკაშვილის რეჟიმის დროს სადღაც-სადღაც საელჩოებში კომფორტულად მოკალათებულები სულაც რომ არ განიცდიდნენ 2004 წელს რობაქიძის, 2006 წელს კი გირგვლიანის და ვაზაგაშვილის სადისტურ მკვლელობას, 2007 წლის სასტიკ დარბევას, 6 მაისის და 15 ივნისის ანგარიშსწორებებს პოლიციის სამმართველოსთან, 2011 წლის 26 მაისის პათოლოგიურ ხოცვა-ჟლეტას და ქართველთა სულში ჩაფურთხებას... არ განიცდიდნენ, არ აწუხებდათ... ან იქნებ განიცდიდნენ და აწუხებდათ კიდეც, მაგრამ ხმას როგორ ამიღებდნენ, - სავარძლებს და მაღალ ხელფასს ვერ ელეოდნენ, კომფორტი არ ეთმობოდათ... მერე კი, სააკაშვილმა და მისმა ლუპუსტაკებმა რომ ამოაპანჩურეს, უცბად გახდნენ რეჟიმთან დაპირისპირებულები, ტრიბუნისკენ გაძვრნენ და ახლაც ზემოდან დაგვცქერიან...
სათაურში ვთქვი, კონფორმისტი ვარ მეთქი და ეს იმითაც დასტურდება, რომ რამდენიმე გვარი, ამ სტატუსის წერისას რომ წამომაგონდა, არ დავწერე. კონფორმისტი ვარ, აბა, რა ვარ? მართალი ადამიანი მაშინ ვიქნებოდი, სათითაოდ რომ გამომექვეყნებინა მათი ბიოგრაფიები და საჯაროდ მეკითხა, - სად იყავით, სად იყავით მაშინ?
ჰოდა, ჩემო „გალსტუკიანო პეპლებო“, თავს ნუ გვამადლით!
თქვენ არ გიბრძოლიათ, თქვენ ერთმა კაცმა მოგკიდათ ხელი, წყალში ჩაგაყურყუმელავათ, გაგაჩანჩხალათ, ჩაგაღვრიჭინათ და გასაშრობად გამოგკიდათ ქართული პოლიტიკის აივანზე.
თავს ნუ მოგვაბეზრებთ, თორემ ერთხელაც იქნება ზრდილობაზე ხელს ავიღებ და...
P.S. ვწუხვარ, რომ სალოსობა არ შემიძლია... რას შეგამკობდით?!
P.S. ვწუხვარ, რომ სალოსობა არ შემიძლია... რას შეგამკობდით?!
Comments
Post a Comment