„სარეჟისორო გეგმა“


შემთხვევით  არ შემირჩევია ეს სათაური. ბრჭყალებში კი მხოლოდ იმიტომ  ჩავსვი, რომ  ნაწარმოების სათაური გახლავთ, იმ კარგი ნაწარმოებისა, ჩემს გარდა  მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა რომ წაიკითხა გამოქვეყნებამდე და რომელიც  ფართო საზოგადოებრიობამ წიგნადაც იხილა.

პრესითა  და  ტელევიზიით არა  მხოლოდ  უწყინარი  ხასიათის  ინფორმაციებს  გაეცნობით, არამედ  ისეთსაც, ზაფრა  რომ  დაგეცემა,  ეჭვს  რომ  გაგიჩენს, დაგაფიქრებს  და  შიში  ჟრუანტელად  დაგივლის.

ვინ  არის  ამ  ყველაფრის  რეჟისორი? ვის ეკუთვნის სარეჟისორო  გეგმა? ვინ ანაწილებს როლებს?

ღმერთმანი,  არ  ვიცი.

შერიგება  კარგია, ტუსაღთა „სვაბოდაზე“  გამოშვება, რა თქმა  უნდა, კარგია,- აქამდე  უნდა  გამოეშვათო.

კი  ბატონო, კეთილშობილება  თუ  გალაპარაკებს  და  გაწერინებს  ამგვარად, ვინ  შემოგედავება, მაგრამ, როცა  ციხის  კარი  ეს-ესაა  განიხვნა  და  სუფთა  ჰაერი  ჯეროვნადაც  არ  უგემნია  წუთისწინანდელ  ტუსაღს, მაშინვე  მიკროფონ-დიქტოფონით  უნდა  ეცე  და  ჰკითხო, როგორ  დაუპირისპირდები, - იარაღით  თუ  სიტყვით, - შენს  განმათავისუფლებელსო?!

თუკი  შენ  ფიქრობ, რომ  აქამდეც  უნდა  გამოეშვათ  და  არაფერი  დაუშავებიათ, ისიც  ხომ  უნდა  გაითვალისწინო, რომ  კონკრეტული  პირების  მიმართ  აღძრულ  სისხლის  სამართლის  დანაშაულზე  გამამტყუნებელი  განაჩენია  გამოტანილი  და  მათი  პატიმრობიდან  გათავისუფლება  მხოლოდ  კეთილი  ნების  გამოხატულება  იყო?!

ისინი  კი  არ  გაამართლეს, დანაშაული  შეუნდეს  და  სასჯელის  დარჩენილი  ვადა  აჩუქეს  ოჯახებთან  გასატარებლად, საზოგადოებაში  დასაბრუნებლად.

პოლიტპატიმრობა  და  სინდისის  პატიმრობა  რასაც  ნიშნავს, კარგად  იცის  ჩვენმა  მოსახლეობამ, - ამ ბოლო  ათწლეულებში  სულ  ამაზეა  ლაპარაკი. მაგრამ  ისიც  ხომ  კარგად  ვიცით, რომ  აწშეწყალებულთა დიდი ნაწილი  არც  პოლიტპატიმრები  იყვნენ  და  უფრო  მეტიც, დაპატიმრებამდეც  არ  ირიცხებოდნენ  პოლიტიკოსთა  რიგებში.

პოლიტიკოსებითვის  მარტო  სურვილი  არ  კმარა, - საჭიროა  სათანადო  განათლება, ანდა  წლობით  ნაგროვები  გამოცდილება. თუკი  ერთიც  გაქვს  და  მეორეც,  ამას   რა  სჯობია, მაგრამ  თავისებური  ხიბლი  აქვს  პოლიტიკოსობას, მომგებიანია  პოლიტპატიმრის  სტატუსით  „ჯდომა“  და  რას  ვერჩი  ამ  ხალხს?!

თუკი  პოლიტპატიმარი  გქვია, ინტერვიუებსაც  ჩამოგართმევენ  და  ისეთ  რამეზეც  გკითხავენ  აზრს, მართლა  რომ  არაფერი  გაგეგება. მართალია, ამან  შეიძლება  უხერხულ  მდგომარეობაში  ჩაგაგდოს, მაგრამ  სამაგიეროდ, შენს  „კომპეტენტურ“  აზრს  რომ  ათასობით  ადამიანი  გაეცნობა, ხუმრობაა?!

ერთი  სიტყვით, შეიძლება  იყო  კარგი  ლიტერატორი, დრამატურგი, მეცნიერი, შეიძლება  იყო  კარგი  ორატორი  ან  სულაც, კარგი  ხუმარა, შეიძლება  კარგი  ანეკდოტებიც  იცოდე  და  თუ  კარგი  დეკლამატორიც  ხარ, მშვენივრადაც  მოყვე, ხალხიც  აცინო  და კოლორიტის  სახელიც  დაიგდო, მაგრამ  მხოლოდ  ეს  რომ  არ  კმარა  პოლიტიკოსობისთვის?!

მისასალმებელია, მაგრამ, ამისთვის,  სამწუხაროდ, არ  კმარა  იარაღის  ხელში  აღება  და  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  ჩადგომაც. იმიტომ, რომ  იქნები გულმხურვალე  პატრიოტი, მაგრამ  მხოლოდ  მეომარი.

არ  გამოგდის  ეს  პოლიტიკოსობა  და  რას  იზამ? რას  და, - დაიბრალებ. მანამდე  კი  იტყვი, რომ  ქვეყანას  დააწყნარებ  და  მერე  დაუბრუნდები  პროფესიას. ასე  თქვა  ერთმა  „მხატვარმა“ და  ახლაც  კი  გენერლის  მუნდირით  დადის. რა  ბედენაა, თუკი  ხალხს  ეცინება, ამას  რა  მნიშვნელობა  აქვს, - ხომ  გისმენენ  ჟურნალისტები, ხომ  მართავ  პრესკონფერენციებს?!

მაშინ ამ  „მხატვარმა“  დრამატურგი შეაქო, - კარგი  მწერალიც  არის  და  წიგნებს  დაწერსო, მაგრამ  არ  მოასვენეს  ჟურნალისტებმა  და  რა  ქნას  კაცმა, მართალია (იქნებ), მის  სარეჟისორო  გეგმაში  სულაც არ  შედის, მაგრამ  ხომ  უნდა  თქვას, როგორ  დაუპირისპირდება  „დიქტატურას“. არადა,  ამ  „დიქტატურით“  „შეჭირვებული“  ჟურნალისტები  ისეთ  თავისუფალ  შეკითხვებს  უსვამენ  და  პასუხებიც  თავისუფლების  ისეთი  ხარისხით  გამოირჩევა, სიცილს  ვერ  შეიკავებ.

მძიმე  სიტუაციაა, - ჩვენც  და  „პოლიტიკოსებიც“  დიდ  გაურკვევლობაში  აღმოვჩნდით.  იმათ  ვერ  გადაუწყვეტიათ (თუ  არ  იციან? ) რა  სურთ, ჩვენ კი  მით  უფრო  საიდან  გვეცოდინება  მათი გულისთქმა.

მთავარი  მაინც  ის  არის, რომ  იზოლატორის  ზღურბლს  გადმოცილებული  მწერალი  და  დრამატურგი მაშინ კულისებიდან  პირდაპირ  პოლიტიკის  ავანსცენაზე  გამოიყვანეს  და  ჯერ  მკრთალი  აქცენტებით, შემდეგ  კი  მკვეთრადაც მისი პოლიტიკაში  დააბრუნება სცადეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

ასე  დამართეს  „მხატვარს“  მანამდე  და  უკვე  ვთქვი, რა  მდგომარეობაშიც  ჩააგდეს.

არადა, სიმართლე  რომ  ვთქვათ, არც  იმ  „მხატვარს“  მიუძღვის  ბრალი გაპოლიტიკოსებაში  და  არც  ეს  მწერალი  იყო  დამნაშავე ამპლუის შეცვლის გამო.

ყველაფრის  თავი  და  თავი  ჩვენი  პრესა  და  ტელევიზიაა, ანუ  ჩვენ, ვისთვისაც პურია (გონების  წვრთნა) ამგვარ  სანახაობებში  მონაწილეობა, რადგან  დიდი  სურვილი  გვაქვს ჩვენი  „მჭევრმეტყველებით“  დავაპუროთ  მაყურებელი  და  მკითხველი, რომელსაც  ასევე  (ჩვენსავით! )  „თავი  შიგნიდან  ეფხანება“.

ბევრი  რომ  არ  ვილაპარაკო, დასასრულ  ერთსაც  ვიტყვი: ყველა  თავის  ტოტზე  უნდა  იჯდეს... მწყერის  გარდა. მწყერის  ადგილი  ყანაშია. თუკი  არ  სურს  მონადირის  სამიზნე  გახდეს, თვალს  უნდა  მოეფაროს.

მეტი  რა  გითხრათ: მწყერმა  თუ  იცის, ამის  გათვალისწინება  ადამიანს  მით  უფრო  მოეთხოვება.

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?