რატომ კეთდება ძირითადი სვლები შავი ფიგურებით?!



 
ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენთან დემოკრატიამ, ცოტა არ იყოს, გაუტია...

შორიდან შევხედე და ჩვენი დემოკრატიის პირობებში ყველაფერია: მაღალხმიანობა, ფორმები, სითამამე გახდაში. და კბილები, ეშვები! მაგრამ  როცა ძალიან ახლოს გავეცანი... ეშმაკმა დალახვროს!

ჩვენ ხშირად გვიწევს მსჯელობა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. რასაკვირველია, პირველზე ბევრად არის დამოკიდებული მეორე და, შესაბამისად, მეორის არსებობა ბევრად განსაზღვრავს პირველის ხარისხს. იქნებ, ამ ორი ცნების ერთმანეთისგან გარჩევასაც არა აქვს აზრი.

ბევრს მიაჩნია, რომ დემოკრატია ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიტყვის თავისუფლებას. სხვათა აზრით, დემოკრატია, თავისი ეფექტიანობით, სიტყვის თავისუფლების საწინდარია. ვინ არის მართალი? ვფიქრობ, ერთნიც და მეორენიც.

ჭეშმარიტად თავისუფალი მასმედია თავისუფალი უნდა იყოს როგორც ადმინისტრაციული მოქმედებისა და ცენზურისგან, ისე მედიამფლობელების დიქტატისგან. შეიძლება კი თავისუფალმა მასმედიამ დაისახოს მხოლოდ პოლიტიკური მიზნები და უარი თქვას საზოგადოების წიაღში არსებული რეალური მოვლენების ასახვაზე? რა თქმა უნდა, როცა საზოგადოება ესოდენ პოლიტიზებულია, ამ პრობლემას ისეთი ქვეყნების მასმედიაც კი ვერ აარიდებს თავს, სადაც საზოგადოების ცხოვრების დონემ უმაღლეს ზღვარს მიაღწია და დემოკრატია სასურველი კი არა, რეალური მოვლენაა. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებას ვერ ავაშენებთ, თუ დემოკრატიული ცხოვრების უნარ-ჩვევებს არ გამოვიმუშავებთ.

ამიტომ, ისეთმა მძლავრმა საზოგადოებრივმა ძალამ, როგორიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობაც არ უნდა დაკარგონ. თუკი მიზნად აქვს დასახული საზოგადოებრივ აზრზე მონოპოლიური დიქტატის მსხვრევა, არც მედიას უნდა ადგეს მონოპოლიის უღელი. დემოკრატიის ეფექტიანი ინსტრუმენტი რომ იყოს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაფინანსების დემოკრატიულ ფორმებს უნდა შეეჩვიონ და საზოგადოების ნებისმიერ ფენას საშუალება უნდა ჰქონდეს, ისარგებლოს ბოლო წლების უდიდესი მონაპოვარითსიტყვის თავისუფლებით.

ძალიან კარგად მესმის, რომ სიცრუითა და დეზინფორმაციით იწამლება ადამიანის ფსიქიკა და მორალი და ამაში არავისზე ნაკლები წვლილი არ იუძღვი მედიასაშუალებებს.

სიტყვის თავისუფლებამ პრესის თავისუფლება შვა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდი ხნის სიბერწემ არცთუ საღი ნაყოფი გამოიღო. ამიტომაც მივიღეთ ძალადობით და პორნოგრაფიით გაჯერებული თავისუფლება, რასაც ჩვენში ან ბოევიკად ნათლავენ, ანდა ეროტიკად ასაღებენ. მთელი ქვეყანა საეჭვო პროდუქციის მომხმარებელი ხდება ნებსით თუ უნებლიეთ, რადგან არჩევანის საშუალებაც არ აქვს.

ამ არჩევანს კი მედიასაშუალებები ვთავაზობენ.

ქართული პოლიტიკური მედია სიკვდილსაც (გავიხსენოთ ხორავას და ბარნოვის ქუჩებზე დატრიალებული ტრაგედიები!) ისე შიშვლად წარმოაჩენს, როგორც პორნოგრაფიული ჟურნალი ტიტლიკანა ლამაზმანს.

ამის ერთ-ერთი და იქნებ მთავარი მიზეზიც ის არის, რომ მომხმარებელი ჰყავს. მიზეზი ეს არის, ტრაგედია კი ის გახლავთ, რომ ეს მომხმარებელი ხშირად თავის თავს ელიტას მიაკუთვნებს.

აბა, რა უნდა ვუსაყვედუროთ  ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ ბიზნესს მოყვასის უბედურებაზე აგებენ. არადა, მიცვალებულთა მიმართ გულგრილობა საშინელი სოციალური ავადმყოფობაა. თუ მას არ ვუმკურნალეთ, ჩვენ ვერასოდეს ავაშენებთ ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებას. დემოკრატია ხომ უპირველესად ჰუმანურობაა, ჰუმანურობა კი, უწინარესად, მიცვალებულთა პატივისცემას გულისხმობს.
მკვლელობიდან - დაკრძალვამდე, ყოველდღე ფეხდაფეხ მისდევენ ჭირისუფალს! ფეხდაფეხ!

ვინ ადგენს ამ ტელევიზიების დღის წესრიგს?! რით შეიძლება გაამართლოთ ეს, რბილად რომ ვთქვათ, გონებაშეზღუდულობა?!

უპირველესად, ყოველივე ეს უსარგებლოა: იგი ვერ დაამშვიდებს დაზარალებულთ, ვერ დაამშვიდებს სასტიკად მოკლულის 4 და 6 წლის წლის ბავშვებ, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს ყოველივე.

მეორეც, უზნეობაა დაამზადო სულიერი საკვები ობივატელისთვის სხვათა გასაჭირისა და ადამიანური უბედურებებისგან.

მესამე, ეს უაზრობაა - ყოველდღე ყველა ქალაქში კლავენ, აუპატიურებენ, ძარცვავენ და ყოველდღე იგივე ქალაქებში უყვართ, დღესასწაულობენ, რაღაცას აღწევენ, ახალს ქმნიან, უხარიათ, მუშაობენ. და ძალიან ძნელია გაიგო, რატომ კეთდება ძირითადი სვლები შავი ფიგურებით.

მეოთხე - ეს უსამართლობაა. დემოკრატია ის არის, როცა თითოეულს შეუძლია იმის გაგება, რაც უნდა და არა ის, რომ თითოეულმა იცოდეს ის, ისი ცოდნაც ბრბოს აინტერესებს.

დაბოლოს, - ეს საშიშია!

მთავარია სისხლი, სისხლი!ასე ფიქრობს დანგრეული მორალის საზოგადოება. გავეშებული მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალება კვებავს ბრბოს ამ საზიზღრობით, ჩვენი კულტურა კი დათრგუნულია ბრბოს სურვილებით. ამიტომაც, ჩვენ აღარ დაგვრჩა თითქმის არცერთი ტელევიზია, რომელიც ნეგატივით არ არის გაჯერებული, არ დაგვრჩა თითქმის არც ერთი წესიერი გაზეთი, რომელიც დამატებით შემოსავალს არ იღებს სტატიებით სულების გამოძახების, სხვა ანომალური მოვლენებისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ ასტროლოგიური ბოდვებით. და ამ ნიაღვრით წალეკილ მინდვრებზე ხშირად გინდება ამოიკვნესო: ყველაფერი ასე მარტივად არ არის! ადამიანის ბრბოდ გადაქცევას საკვების ერთფეროვნება იწვევს. ამ ნეგატივით დაპურებული ბრბო ისევ მედიის კლიენტი ხდება და უფრო მეტს ითხოვს - საკვებს, და არა მენიუს შეცვლას... კლიენტი კი ყოველთვის მართალია. საკუთარ თავს ბრბოს, მდაბიო ხალხის დიქტატურის უფლება არ უნდა მივცეთ.

უყურებ ტელევიზორს, კითხულობ გაზეთს, ყველაზე უწყინარ ინფორმაციასაც კი და გრძნობ საიდან მოდის შეკვეთა, საიდან იღვრება ის ერთი წვეთი ბალღამი, სულსა და გონებას რომ წამლავს.

ყოველგვარი რევოლუცია - ეს დონის შეცვლაა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - დონეების გათანაბრება. რა შეიძლება დავუთმოთ ბრბოს, რომელსაც ყოველთვის რაღაც მწარე და მახვილი უნდა, რათა ძილის წინ სული შეეხუთოს და ზურგზე ცივმა ოფლმა დაასხას?!

არ შეიძლება ღიმილით გადაავლო თვალი გვამებს და გამოაჭენო ეკრანზე ნამდვილად ავადმყოფი ადამიანები. ტკივილი ტკივილად უნდა დარჩეს, მისი სიმწვავე კი არანაირად არ უკავშირდება რაოდენობასა და პერიოდულობას.

დროთა განმავლობაში ხალხის მასამ მიიღ თავის გაზეთები, ჟურნალებ და ტელეარხებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხს აღარ აქვს მუდმივი, ზნეობრივი ვალი - აღზარდოს, გაზარდოს, გამოასწოროს თავისი ცუდი შვილები. ახლა ამ კოლექტიური მედიაშიზოფრენიისა და ჟურნალისტებად წოდებული სოციოპათებისგან თავის დაცვაა საჭირო. მათ სძულ მიხვეულ-მოხვეული გზები, მოკლე გზა ურჩევნია - ჩამოაგდო მეფე და დაიწყო ცხოვრება, ჩაქოლო ბიზნესმენი და კვლავ თვთონ აბოგინდნენ, მოაგროვო თანამზრახველთა არმია, აირჩიო შედარებით მაგარი შუბლი, გაარღვიო ნებისმიერი დაწესებულებების ჭიშკარი ან შესასვლელი, გამოათრიო ერთი-ორი მაღალი თანამდებობის პირი და კვლავ დაიწყო ბედნიერი ცხოვრება.

ვუთმობთ ბრბოს და ქვეყნიდან ვაძევებთ იმ ადამიანებს, ვუმოკლებთ დროს მათ, ვინც ჯერ კიდევ ცდილობს, რამე გააკეთოს. იმათ კი, ვინც მიჩვეულია ყოველდღიურ მწვავე მოვლენებს, შეუძლია იფიქროს და გამოიგონოს კიდეც ასეთი მოვლენები.

არაერთხელ და არერთისთვის მიკიტხავს და ახლა თვქენც გეკითხებით: სად არიან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები?  ამ ბოლო დროს კიდევ უფრო იშვიათად ვხედავ ადამიანებ, რომლებსაც ან ეჭვი ეპარებ რაიმეში, ან იტანჯებიან ფიქრითა და აზროვნებით, - ყველას შესახებ ყველაფერი კარგა ხანია ცნობილია. და ეს ხდება ყოველდღიურად.

მე იმდენად ეს ტალღა კი არ მაშინებს, რამდენადაც მის მიმართ მცირედი წინააღმდეგობის არარსებობა. და ჩემთვის ამაზე ფიქრი მტკივნეულია.

მაგრამ ერთი რამ მწამს: დღევანდელ კალმოსანთა და მოსაუბრეთა ვალი იმ ადამიანთა სოციალური რეაბილიტაციაა, რომელთათვისაც დაინგრა ძველი სულიერი საწყისები. ჩვენს ტრაგიკულ დროში ადამიანები ბავშვებივით არიან - მათ მხოლოდ სიმართლე უნდა უთხრა, მაგრამ არ უნდა დააშინო.

საზოგადოების დეპოლიტიზაცია იმ ინფორმაციული წნეხის განადგურებით იწყება. ადამიანისთვის მთავარი მისი პირადი ცხოვრება უნდა გახდეს და არა არჩევნები და მიტინგები, ანდა ის, თუ რატომ დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი თუ მინისტრი.

თუკი მიზნად დავისახავთ, რომ ჩვენი ინტერესები ქვეყნის, საზოგადოების წინსვლისა და განვითარების სამსახურში ჩავაყენოთ, მაშინ შევძლებთ გამოვხატოთ სიტყვის თავისუფლების ჭეშმარიტი არსი. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დემოკრატიის გზაზე შემდგარი საზოგადოების წარმატებას.

მართლაც, იქნებ დადგა დრო, რომ ჩვენ, ყველამ, ვისაც ჯერ კიდევ გვჯერა დემოკრატიის, გვინდა დემოკრატია და მზად ვართ დემოკრატიული პროცესებისათვის, არ დავიშუროთ გონება და ძალა, აღარ ვიფიქროთ რაღაც სასწაულზე, კეთილ ბიძიაზე, ბრძენ ბელადსა და მასწავლებელზე, გამოუცნობ საბაზრო კანონებზე და მისთანებზე და, მთელი ძალების დაძაბვით, ყველა საშუალებით შევეცადოთ მივეხმაროთ დემოკრატიის ჯანმრთელი ქსოვილის განვითარებას, ნაცვლად იმისა, რომ შევეცადოთ მისთვის ასე აუცილებელი ჯერ კიდევ ვარგისი დეტალების გაფუჭებას.

დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ნაკლებად გამოდგება ამ ამოცანების გადასაწყვეტად? სერიოზულად მაფიქრებს ის, რომ ჩვენ ჩვენივე თვალბეცობით, უმოქმედობითა და მიამიტობით შევქმენით ეს ელიტა ასეთად. რას იზამმოგვიწევს სელექციის ხელოვნების შესწავლა ახალი ელიტის ჩამოსაყალიბებლად, რათა ნაკლებად იყვნენ მათ შორის ცინიკოსები და ფუჭად მოლაყბენი, უვიცები და კეთილშობილი მამაძაღლები და იყვნენ საქმის ხალხი, ვინც იცის, როგორ მოაწყოს ახალი დემოკრატიული ქვეყანა და, რა თქმა უნდა, უნდა იყვნენ ელემენტარულად ნამუსიანები.

ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს ნათლად უნდა წარმოიდგინოს, როგორი საზოგადოება, ღირებულებათა როგორი სისტემა გვინდა XXI საუკუნეში.

როგორიცაა ჩვენი ცხოვრების წესი, ისეთია ჩვენი ხედვაც. უამრავი ვარიანტია იმისა, რომ ცხოვრობდე და ვერ ხედავდე რა ღუპავს შენს ერთადერთ სიცოცხლეს.

დავაკვირდეთ, რა ხდება ჩვენს საკუთარ სახლში - არა იმ გაგებით, ვინ რომელ პარტიას გულშემატკივრობს, ანდა როგორია ძალთა განლაგება საოჯახო პოლიტიკურ ასპარეზზე, არამედ სრულიად ჩვეულებრივად: რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ ერთმანეთისთვის, ვგრძნობთ თუ არა ურთიერთსიყვარულს და როგორ გამოვხატავთ ამ გრძნობას.

სამარცხვინოა, როცა ადამიანები შეხვედრისას არა საკუთარ თავზე, არამედ ტელე და საგაზეთო ჭუჭყის თაობაზე საუბრობენ.

მოვრჩეთ, რა!..

Comments

Popular posts from this blog

მედია და ინოვაციები 21-ე საუკუნეში

ბედს ამგზავრებული

რისთვის არსებობს ჟურნალისტიკა?